02 ივლისი, 2013
რეიჩელ მაკადამსი ''ყველაფერი ნამდვილი და ფასეული მოდის მაშინ , როცა არ ზიხარ ჩარჩოებში''
ვისწავლე, რომ სხვებსაც დავეყრდნო და არ ვცდილობ, ყველაფერი მხოლოდ თვითონ ვაკონტროლო, უბრალოდ, პროცესით ვტკბები. 8 ივნისს ეკრანებზე გამოვიდა ტერენს მალიკის ''სასწაულისკენ!'' მასში ქალის მთავარ როლს რეიჩელ მაკადამსი ასრულებს, რომელიც ერთ-ერთია იმ მსახიობთა შორის, რომელსაც კარიერის განმავლობაში თმა მრავალჯერ შეუღებავს სხვადასხვაფრად და ყოველთვის მოხდენია. გარდა ამისა, რეიჩელი სრულიად გულგრილია ''ოსკარისადმი'' და სხვათაგან ამითაც გამოირჩევა.

დოსიე

35 წლის რეიჩელ ენ მაკადამსი კანადელი მსახიობია. მის ცნობილ ფილმებს შორის არის ''ცუდი გოგონები'' , ''მეხსიერების დღიური'' , ''დაუპატიჟებელი სტუმრები'' , ''შერლოკ
ჰოლმსი'' .
რეიჩელი ბოლო წლების განმავლობაში მსახიობ რაიან გოსლინგს ხვდება, თუმცა ხშირად ჩხუბობდნენ და იყრებოდნენ. 2008 წლიდან კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა მერე ისევ დაშორდნენ და რეიჩელს მცირეხნიანი რომანებიც ჰქონდა. წელს ისევ აღადგინეს ურთიერთობები.

''ურთიერთობებში სირთულეების მომხრე არ ვარ''

- ამბობენ, რომ ფილმი არა მხოლოდ სცენარის გარეშე გადაიღეთ, არამედ რეპეტიციის გარეშეც კი...
- დიახ, მალიკს ასეთი მუშაობის სტილი აქვს. მე მას მოქანდაკეს შევადარებდი. ის უბრალოდ თიხას ამატებს და უყურებს, რა გამოვა. ამბავი თავისთავად მჟღავნდება.
- სირთულეების გარეშე გაართვით თავი?
- მართალი გითხრათ, თავიდან დავიბენი - მსახიობისთვის ეს ნამდვილი კოშმარია. მაგრამ იმავდროულად საოცრად საინტერესოა. ყველაფერი ნამდვილი და ფასეული მოდის მაშინ, როცა არ ხარ ჩარჩოებში - მნიშვნელობა არ აქვს, გაქვს თუ არა ამ დროს საყრდენი წერტილები. თუ პერფექციონისტი ხარ და ზუსტად იცი, რა გინდა, აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგებს.
- როლისთვის მზადება რას გულისხმობდა?
- მალიკმა მე მომანდო ჩემი გმირის ხასიათის შექმნა. არ მიუთითებია, რა მეფიქრა და რა მეგრძნო. უბრალოდ, ოკლაჰომის შტატის ქალაქ ბარტლსვილში გამასეირნა და მითხრა: ''წარმოიდგინე, რომ ამ სახლში ცხოვრობდი, ამ სკოლაში დადიოდი...''
- ამბობენ, რომ თქვენი და ბენ აფლეკის გმირებს ჩახლართული ურთიერთობები აქვთ ამ ფილმში...
- ამ ორს შეეძლო ერთად ბედნიერები ყოფილიყვნენ. მაგრამ კაცი სხვა ქალთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვერ ივიწყებს. მე საერთოდ ურთიერთობებში სირთულეების მომხრე არ ვარ. მგონია, თუ ადამიანი გეუბნება: ''დრო მომეცი, არ ვარ მომწიფებული ოჯახისთვის...'' - სასწრაფოდ უნდა გაიქცე მისგან. მასთან არაფერი არ გამოგივა.

''სასიამოვნოა, როცა იმათ გადარებენ, ვინც აღგაფრთოვანებს''

- თქვენს თავს რომანტიკოსს უწოდებდით?
- ვფიქრობ, კი. მაგალითად, მეტად ვაფასებ სიურპრიზებს, ვიდრე დღესასწაულებზე მორთმეულ საჩუქრებს. ვგიჟდები, როცა რთული დღის მერე შეყვარებული უცებ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს ჩემთვის - რასაც მის გარდა სხვა ვერავინ მოიფიქრებდა და რაც მხოლოდ ჩემთვის იქნებოდა გასაგები.
Rating
- ის დღე თუ გახსოვთ, როცა მსახიობობა გადაწყვიტეთ, თუ იდეა ერთ საათში გაგიჩნდათ?
- 12 წლისა ფერიას ვთამაშობდი სპექტაკლში ''ზაფხულის ღამის სიზმარი'' . ყველაფერი საოცარ ბერძნულ ამფითეატრში ხდებოდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ ანათებდა ხეებს შორის მზე, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მიყურებდნენ... მახსოვს მუსიკა და თეთრი პირსახოცი, მხრებზე მოხვეული, ფრთებივით. მაშინ ვიფიქრე: ''აი, სამოთხე!'' - და მომინდა, რომ ეს არასდროს დამთავრებულიყო.
- ხშირად გადარებენ მეგ რაიანსა და სანდრა ბალოკს. წინააღმდეგი არ ხართ?
- ყოველთვის სასიამოვნოა, როცა იმათ გადარებენ, ვინც აღგაფრთოვანებს. მეორე მხრივ, ეს ერთგვარი ხაფანგია. საკუთარ გზას უნდა მიჰყვე.
- ''ოსკარზე'' ოცნებობთ?
- ახალგაზრდობაში ეგეც იყო, ახლა კი მშვიდად ვუყურებ ამას. უეჭველია, ცნობილი პრემიის მიღება დიდი პატივია, მაგრამ ასეთ მიზანს არ ვისახავ და როლის არჩევისას იმაზე არ ვფიქრობ, მომიტანს თუ არა ის აღიარებას.
- წარმატების პროგნოზირება შეიძლება?
- არ მგონია. კინო ხელოვნების კოლექტიური სახეა. შედეგი აქ გამოუცნობია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვისწავლე, რომ სხვებსაც დავეყრდნო და არ ვცდილობ, ყველაფერი მხოლოდ თვითონ ვაკონტროლო, უბრალოდ, პროცესით ვტკბები.
- თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?
- ეკოლოგიის დასაცავად გამოვდივარ. პატარა ქალაქში გავიზარდე და ყოველ ზაფხულს ტყეში ვატარებდი, ასე რომ, ბუნებისადმი სიყვარული ჩემთვის მარტო სიტყვები არ არის. თუმცა სიტუაცია ყოველთვის არ მაძლევს საშუალებას, პრინციპების შესაბამისად ვიმოქმედო. მაგალითად, მირჩევნია, მატარებლებით გადავაადგილდე, და არა თვითმფრინავით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს შეუძლებელია. აბა, როგორ აუხსნი სტუდიას: ''შემიძლია, მხოლოდ სამი კვირის შემდეგ ვიყო'' , როცა მათ უკვე ხვალ სჭირდები.
- არ გიყვართ ფრენა?
- ვერ ვიტან! ყოველთვის ვცდილობ, თანმხლები წავიყვანო, რომ ვინმეს ჩავაფრინდე ხელში ტურბულენტურ ზონაში. ალბათ ამიტომაც რა ხანია, ყველა უარს მეუბნება, თან რომ მახლდეს... (იცინის).

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS