27 ივნისი, 2013
''გატაცებული მოჩვენებების მიერ'' - იაპონური მულტიპლიკაციის შედევრი
პატარა ბიჭი დედის გარეშე დარჩება სამყაროში, სადაც რობოტები ბატონობენ, შუშხუნა გაზიანი სასმლისადმი დამოკიდებულება კი ხალხს იწირავს პირველად იაპონური მულტიპლიკაციის საოცარ სამყაროს ძალიან პატარა ასაკში ვეზიარე, როდესაც წილად მხვდა ბედნიერება, ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს გავცნობოდი - ''ციცინათელების სამარხმა'' ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ეს არის სულისშემძვრელი მულტიპლიკაციური ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1988 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მოგვითხრობს 14 წლის ბიჭუნას შესახებ, რომელიც ძალიან რთულ დროს თავისი პატარა დის ერთადერთ პატრონად იქცა...

მას შემდეგ სიტყვა ''ანიმე''
ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საინტერესო გახდა. იაპონელებმა ანიმაცია ანიმედ შეამოკლეს და მულტიპლიკაციაში თავისი ხელწერა დაამკვიდრეს. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სტუდია ''ჯიბლიმ'' , რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა, დღემდე არსებობს და მოკლე თუ ხანგრძლივი ფილმების შექმნისას დიდი გემოვნებითა და კრეატიულობით გამოირჩევა.

''ციცინათელების სამარხის'' შემდეგ იყო ''მფრინავი გემი-მოჩვენება'' , რომელსაც ქართული ტელევიზიით საკმაოდ ხშირად აჩვენებდნენ. სხვათა შორის, ეს მულტიპლიკაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი ბევრად ადრე გამოვიდა, ვიდრე ''ციცინათელების სამარხი'' , კერძოდ, 1969 წელს და გარკვეულწილად წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა.
Rating
პატარა ბიჭი დედის გარეშე დარჩება სამყაროში, სადაც რობოტები ბატონობენ, შუშხუნა გაზიანი სასმლისადმი დამოკიდებულება კი ხალხს იწირავს... ბიჭუნა შემთხვევით დიდი კორპორაციის მზაკვრული გეგმის შესახებ შეიტყობს და ცდილობს მოძებნოს გემი-მოჩვენების ჩონჩხისთავიანი კაპიტანი. მან არ იცის, რომ კაპიტანი სავსებით რეალური ადამიანია და მასთან ძალიან დიდი კავშირი აქვს.

60-იანი წლების შემდეგ, რასაკვირველია, ანიმემ საკმაოდ იცვალა სახე და რამდენიმე მიმართულებით განვითარდა, თუმცა მთავარი, რაც ამ მულტფილმებს ახასიათებს, გარდა გარეგნული მხარისა, ფანტაზიისა და ფანტასტიკისადმი იაპონელების განსაკუთრებული მიდრეკილებაა. იაპონელებს ამბები არ ელევათ, რომლებსაც ძალიან საინტერესოდ ჰყვებიან. სწორედ ამის გამო მათი მულტფილმები არაერთხელ დაუჯილდოებიათ, მათ შორის ''ოსკარითაც'' .

დღეს ერთ-ერთ ''ოსკაროსან'' სრულმეტრაჟიან მულტიპლიკაციურ ფილმზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ჰაიაო მიაზაკის ეს შედევრი 2003 წელს ''ოსკარის'' და ''ოქროს დათვის'' მფლობელი გახდა. შემდეგ კი იმ 50 ფილმს შორის შეიყვანეს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 14 წლის ასაკამდე. თუმცა, 14 წლის იქითაც, დამერწმუნეთ, არაჩვეულებრივი სანახავია.

იაპონელებს სჩვევიათ მულტფილმების შექმნა დიდებისთვის და ''გატაცებული მოჩვენებების მიერ'' სწორედ ამ ფილმთა კატეგორიას ეკუთვნის. სხვათა შორის, ეს მულტფილმი იაპონური კინოს ისტორიაში ყველაზე რეიტინგულ ფილმებს შორის პირველ პოზიციას იკავებს და მსოფლიო მასშტაბით 274 მლნ დოლარი შეაგროვა.

ჰაიაო მიაზაკის ფილმის მთავარი პერსონაჟია 10 წლის გოგონა ჩიჩირო, რომელიც დედ-მამასთან ერთად ახალ ადგილას გადადის საცხოვრებლად, თუმცა მოვლენათა განვითარების გამო, ერთ უკაცრიელ ქალაქში აღმოჩნდება, სადაც მისი მშობლები საშინელი ჯადოქრობის მსხვერპლი გახდებიან, ჩიჩირო კი - მოჩვენებათა ქალაქის იძულებითი მკვიდრი. მიაზაკიმ სცენარი თავისი მეგობრის 10 წლის შვილს მიუძღვნა, რომელიც მშობლებთან ერთად ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ესტუმრა...
Rating
ფილმში არეულია რეალობა, გამონაგონი, მითოლოგია, ძალიან საინტერესოა დიალოგები და მოულოდნელობები, რომლებიც მულტფილმის თითოეულ ეტაპზე გაგაოცებთ, ეს ანიმე ყველა ასაკის მაყურებლისთვის მისაღები და მოსაწონია. მთავარი ჯადოქრის სახე კი განუმეორებელია და შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, როგორ შეიძლება მულტიპლიკაცია ამ დონეზე იყოს აყვანილი, თუმცა იმ სამყაროში, სადაც ჰოლივუდური ''პიქსარი'' საქმიანობს, ალბათ, გასაკვირი სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება.

სწორედ ''პიქსარს'' ანდეს მულტფილმის ინგლისური თარგმანი და მისი ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებაც, რაზეც კომპანიის დირექტორმა, ჯონ ლასეტერმა, რომელიც მიაზაკის გულმხურვალე თაყვანისმცემელია, მყისვე განაცხადა თანხმობა. მისი გათვლა სწორი აღმოჩნდა, კრიტიკოსებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს იაპონური მულტფილმის აღსანიშნავად, ამიტომაც ისღა დაგრჩენიათ, უქმე დღეებზე ზემოხსენებულ მულტიპლიკაციურ ფილმს უცქიროთ და დიდი სიამოვნება მიიღოთ!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რუსა
ყველაზე მაგარი მილტფილმია ვაფშე რაც კი მინახავს
13:07 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
უმაგრესი მულტფილმია, ვგიჟდები.
13:10 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS