განმცხადებელმა, კონსტანს ლეინმა პოლიციელებს მოუთხრო, რომ გაუჩინარებული ქალბატონის მეგობარი იყო, დიურან-ბეკონი კი დღეზე მეტ ხანს არ გამოჩენილიყო საცხოვრებელში.
გაუჩინარებული ქალბატონი 69 წლის გახლდათ და ლეინმა და მეორე მეზობელმა ჯონ ჰეიგმა იფიქრეს, რომ შესაძლოა, მას დახმარება სჭირდებოდა. 21 თებერვალს საქმეს ოფიციალური სახე მიეცა და ხელში ჩაუვარდა ქალ-გამომძიებელს, სერჟანტ ლამბოურნს, რომელსაც
ამ მშვიდი სასტუმროს მაცხოვრებლებს შორის ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ, თუმცა მათ ფონზე აშკარად გამოირჩეოდა 40 წლის ჯონ ჯორჯ ჰეიგი, რომელიც თავისი ახალგაზრდულობითა და ცოცხალი იერით იქცევდა ყურადღებას.
სერჟანტი მისი საქმიანობით დაინტერესდა და პასუხად მიიღო დიდხნიანი ლექცია, სადაც ჯორჯი უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ აპატენტებდა გამოგონებებს მოწინავე ტექნოლოგიებში.
სერჟანტს იმდენად დამაჯერებლად ესაუბრა, რომ სამართალდამცველს არანაირი ეჭვი არ გასჩენია, თუმცა მისი პირველი შთაბეჭდილება მყისვე შეიცვალა, როგორც კი სასტუმროს ერთ-ერთ მენეჯერს დაელაპარაკა.
ის საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ვითომდა წარმატებული ბიზნესმენის მისამართით და სერჟანტს გაუმხილა, რომ ჯორჯ ჰეიგი თავისი ბინის ქირასაც ვერ იხდიდა და ეს თანხა არცთუ დიდი იყო, 50 ფუნტი სტერლინგი. გარდა ამისა, მენეჯერს უცნაურად ისიც ეჩვენებოდა, რომ 40 წლის მამაკაცი რატომღაც მოხუცებისთვის განკუთვნილ პანსიონში ცხოვრობდა. მან ასევე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ნადირობდა ჰეიგი მდიდარ ქვრივ ქალბატონებზე.
ჯონ ჰეიგმა სერჟანტს თავისი სავიზიტო ბარათი მისცა, სადაც ჩამოთვლილი იყო მისი ბიზნესის ფილიალები. სერჟანტმა ლამბოურნმა გადაწყვიტა, დაერეკა ერთ-ერთ კომპანიაში და დირექტორი იკითხა. ვინაიდან უკვე ფიქრობდა, რომ ჰეიგის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში არ იყო, არცთუ გაკვირვებული დარჩა, როდესაც ზემოხსენებული კომპანიის დირექტორი არა ჰეიგი, არამედ ვინმე ჯონსონი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ჰეიგი მხოლოდ და მხოლოდ ფართს ქირაობდა მათი კომპანიისგან.
რასაკვირველია, მოვლენების ამგვარი შემობრუნებით ლამბოურნი ფრიად დაინტრიგდა და პოლიციაში ჯორჯ ჰეიგის დოსიე გამოითხოვა, ერთ საათში ის უკვე დაკვირვებით კითხულობდა ყველა სიტყვას და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო.
ჯორჯი 1909 წლის 24 ივლისს დაიბადა, ის ოჯახში ერთადერთი და საკმაოდ გვიან შეძენილი ბავშვი იყო.
დედამ ის 40 წლის ასაკში გაჩინა. 1933 წლამდე ჰეიგები ცხოვრობდნენ ქალაქ აუტვუდში, სადაც ძალიან საეჭვო რეპუტაციის სექტის ''პლიმუტის საძმოს'' აქტიური წევრები იყვნენ. 1930 წლიდან ჰეიგი უკვე შემჩნეული იყო არაკანონიერ ქმედებებში და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან დიდი პრობლემებიც შეექმნა, თუმცა საქმე მალევე ჩაიფარცხა, ამის მიუხედავად, ის მაინც აიყვანეს აღრიცხვაზე პოლიციაში და დოსიეც გახსნეს. ამ დროიდან მოყლებული მას კანონთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ძირითადად თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა.
სერჟანტმა მისი დოსიედან შეიტყო ერთი საინტერესო ამბის შესახებ - მას ავტოკატასტროფა შეემთხვა, მისი მანქანა გადავარდა გზიდან, თუმცა თავად ჰეიგს მცირე დაზიანებები ჰქონდა, სამაგიეროდ, პოლიციამ იქვე ახლოს სამი მამაკაცის გვამი აღმოაჩინა, ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა საერთოდ ვერ მოხერხდა. პოლიციას მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ მანქანის გადავარდნა გზიდან ინსცენირებული იყო და ჯონ ჰეიგი ამით საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობდა, თუმცა ამისი დამტკიცება ვერ მოხერხდა.
შემდგომი დღეების განმავლობაში სერჟანტმა ჰეიგის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოიპოვა. გამომძიებელი უკვე დარწმუნებული იყო, რომ თავისი საქმიანობისა და სამსახურების შესახებ ჰეიგმა ტყუილი უთხრა, თუმცა რით იყო გამოწვეული ეს მისტიფიკაცია? კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ჰეიგი თავის დროზე აუტვუდის ქიმწმენდაში მუშაობდა.
ნახევარი წლის შემდეგ კი ქიმწმენდის მეპატრონე ავარიაში მოყვა. პოლიციას არც მაშინ ჰქონდა რაიმე ხელჩასაჭიდი ჰეიგის წინააღმდეგ. ამასობაში სერჟანტმა მეზობლებისგან შეიტყო, რომ ჰეიგი მუდმივად ხელთათმანებს ატარებდა, ისტერიკულად იხეხავდა კბილებს და იბანდა ხელებს. თუმცა ეს ყურადსაღები ინფორმაციაც კი ვერ გამოდგა ისეთი შოკისმომგვრელი, როგორიც შემდეგი რამ - გამომძიებელი დაუკავშირდა ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც ახალი გამოგონებების დაპატენტებაზე მუშაობდა და მათგან შეიტყო, რომ ჯორჯ ჰეიგი, როგორც გამომგონებელი, არსად არ ფიქსირდებოდა.
ლამბოურნმა სთხოვა თანამშრომლებს, დაეთვალიერებინათ ის შენობა, რომელიც ჰეიგს ჰქონდა დაქირავებული თითქოსდა თავისი ''კონვერსიული ლაბორატორიისთვის'', დათვალიერებისას აშკარა გახდა, რომ ეს ოთახები სულაც არ შეესაბამებოდა მსგავსი სამუშაოს საწარმოებლად განკუთვნილ შენობას. სხვა ბევრ საინტერესო ნივთთან ერთად პოლიციელების ყურადღება მიიპყრო დიდმა ჩანთამ ჯონ ჯორჯ ჰეიგის ინიციალებით, სადაც უამრავი ის დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც არაფრით არ შეიძლებოდა, ჰეიგის კუთვნილება ყოფილიყო.
იმავე ჩანთაში იდო რევოლვერი და პროფესიონალებისთვის ცხადი გახდა, რომ მცირე ხნის წინ ამ რევოლვერიდან გაისროლეს და ისე ჩადეს ჩანთაში, რომ არ გაუწმენდიათ. კეისში, რომელიც ასევე აღმოაჩინეს შენობაში, ქიმწმენდის ქვითარი იყო, რომელიც პალტოს გაწმენდისთვის გამოწერეს. სერჟანტმა ლამბოურნმა მალევე დააკავშირა ფაქტები ერთმანეთთან.
სასამართლომ პოლიციას სასტუმროს გაჩხრეკის ორდერი მისცა, მანამდე კი გამომძიებელმა ჰეიგისა და ლეინის ფოტო გაზეთებში განათავსებინა.
ეს მისი მხრიდან ეშმაკური ხრიკი იყო, რათა განმცხადებლების ფოტოს განთავსებით გაზეთებს დაეწერათ, რომ 69 წლის ქალბატონი, ოლივია დიურან-დეკონი გაუჩინარდა. ჰეიგის ფოტოს გამოქვეყნებით გამომძიებელი ქალი იმედს იტოვებდა, რომ ვინმე მას რაიმე სახის დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა ჰეიგის შესახებ. გამოხმაურებამ არ დააყოვნა. პოლიციაში იუველირმა დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯონ ჰეიგმა ყალბი დოკუმენტებით მას ქალის სამკაულები ჩააბარა.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციამ ჰეიგის დაკითხვა გადაწყვიტა. როდესაც ის დიდი ხალისით გამოცხადდა განყოფილებაში, გამომძიებლებმა მისი ნერვების გამოცდა გადაწყვიტეს და ორი საათი ალოდინეს ფოიეში, თუმცა ამას ჰეიგის განწყობა არ გაუფუჭებია და პოლიციელების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ისინი მის დასაძახებლად გამოვიდნენ ეჭვმიტანილს კი იქვე ტკბილად ჩასძინებოდა.
დაკითხვაზე პოლიციელები უკვე მიხვდნენ, რომ განსაკუთრებული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დამნაშავესთან ჰქონდათ საქმე. თუმცა მათ უკან დასახევი გზა არ რჩებოდათ და შეკითხვების საცერში გაატარეს ჯორჯი. შემდეგ დასაფიქრებლად დრო მისცეს და დაკითხვის ოთახში შებრუნებულმა ჯონ ჰეიგმა მოულოდნელად აღსარების თქმა გადაწყვიტა.
თუმცა აქვე დასძინა, რომ ის, რასაც მოჰყვებოდა, ნაკლებად დასაჯერებელ ისტორიას ჰგავდა და უფრო მეტად ფანტასტიკის სფეროდან იყო. თავიდან გამომძიებლებსაც კი გაუჭირდათ იმის დაჯერება, რასაც იგი მოჰყვა - თუმცა ბოლოს ისიც თქვა, რომ ადგილობრივი კანონის თანახმად, სანამ გვამს არ იპოვიდნენ, ადამიანის დადანაშაულება მკვლელობაში არ შეეძლოთ. მან კი ჰკითხა პოლიციელებს, როგორ აპირებდნენ მის დაკავებას, როდესაც ოლივია დიურან-დეკონის გვამი არ ჰქონდათ ნაპოვნი?..
პოლიციამ ჰეიგის მიერ დაქირავებული შენობის ტერიტორიაზე გათხრების წარმოება დაიწყო და პოლიეთილენის პარკის რამდენიმე ნაწილაკი აღმოაჩინა. ამასობაში ჰეიგი განაგრძობდა სამართალდამცავების დაცინვას და მის შესახებ სტატიების სერია ''ნადირობა ვამპირზე'' ''დეილი მირორმაც'' კი გამოაქვეყნა, ვინაიდან დამნაშავე იმაზეც აპელირებდა, რომ ის თავისი მსხვერპლის სისხლსაც სვამდა. ჰეიგმა აღიარა, რომ ''მის ანგარიშზე'' უკვე გამხელილის გარდა კიდევ სამი მკვლელობა იყო. ჰეიგს ძალიან მოსწონდა ის ამბავი, რომ ნაციონალური მნიშვნელობის სენსაციად იქცა, მისი განდიდების მანია ოფიციალურ დაკითხვებზეც კარგად ჩანდა - ჰეიგი ამბობდა - ''აქამდე ეს არავის გაუკეთებია''.…
როდესაც ჰეიგს სთხოვეს, უფრო დეტალურად მოეყოლა თავისი დანაშაულებების შესახებ, ვერც მიხვდა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ თავადვე მისცა ჩვენება.
ჯორჯ ჰეიგმა გადაწყვიტა, დეტალურად აღეწერა, როგორ გადაწყვიტა ადამიანის სხეულების მოშორება მათზე ქიმიური ნივთიერების დასხმის გზით. მის თავში იდეალური მკვლელობის ჩარჩოები ციხეში ყოფნისას მოიხაზა, სადაც ერთ-ერთი თაღლითური საქმის გამო მოხვდა.
მან იქვე ჩაატარა ცდა ვირთხაზე, რომელიც წინასწარ მომზადებულ სითხეში ჩადო. სითხე კი ციხეშივე იშოვა მოკალვაზე მომუშავე ოსტატისგან. ვირთხის სხეულს მთლიანად გასაქრობად 30 წუთი დასჭირდა. ჰეიგს თავში იდეალური მკვლელობების სურათი ნათლად ჩამოუყალიბდა - მან 1942 წელს ციხეს თავი დააღწია და პირველი მკვლელობისთვის დაიწყო მზადება - დაიქირავა შენობა და ორი წლის განმავლობაში ამზადებდა დიდ კასრს, სადაც მჟავას ასხამდა. 1944 წელს მან თავისი ნაცნობი, უილიამ მაკსვენი შეიტყუა ტყეში, სადაც სასიკვდილოდ დაჭრა, მისი სხეული წინასწარ გამზადებულ კასრში ჩადო, შემდეგ კი მჟავა დაასხა.
ამასთანავე თავად კინაღამ დაიხრჩო გოგირდმჟავას ორთქლისგან. ჰეიგმა მის მშობლებს მოატყუა, რომ უილიამ მაკსვენი შოტლანდიაში გაემგზავრა, რათა მობილიზაციისთვის თავი აერიდებინა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან მაკსვენის მშობლებიც შეიტყუა ტყეში, მათაც მოუსწრაფა სიცოცხლე და შემდეგ მათი სხეულებიც იმავე კასრში გააქრო... მაკსვენების ქონება კი გაყიდა. თუკი ქონების მფლობელების შესახებ დაუსვამდა ვინმე კითხვას, ის პასუხობდა, რომ მაკსვენები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
კიდევ ორი ადამიანი მკვლელობის შემდეგ ჰეიგის ყურადღება პანსიონის მცხოვრებმა ოლივია დიურან-დეკონმა მიიპყრო. ხანში შესულ ქალბატონს მან დასაწებებელი ფრჩხილების ბიზნესში ჩართვა შესთავაზა, ამ საუბარს ოლივიას მეგობარი, კონსტანს ლეინიც ესწრებოდა. 1949 წლის 19 თებერვალს ჰეიგმა ოლივია კრევლში ჩაიყვანა, თავის მიერ დაქირავებულ შენობაში შეიყვანა და მოკლა.
მას ალიბი სჭირდებოდა კონსტანსთან თავის გასამართლებლად. ამიტომაც მეორე დღეს ლეინთან მივიდა და განუცხადა, რომ ოლივია არ მივიდა მასთან შეხვედრაზე. ლეინმა კი გადაწყვიტა, ამის შესახებ პოლიციაში განეცხადებინათ. ასე აღმოჩნდა 20 თებერვლის დილას მკვლელი ჰეიგი პანსიონის მეპატრონესთან ერთად პოლიციის შენობაში...
1949 წლის 6 აგვისტოს უანდსვორტის ციხეში დამნაშავე ჩამოახრჩვეს... ამ განაჩენს წინ უძღოდა გრძელი სასამართლო პროცესი, სადაც ჰეიგის ადვოკატები ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ჯონ ჯორჯ ჰეიგი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პოტენციური პაციენტი იყო და არ გახლდათ საღ ჭკუაზე, თუმცა პროკურორებმა ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ნივთმტკიცებების მოსაპოვებლად, იმ ექსპერტმაც კი, რომელიც თავიდან ამტკიცებდა, ჰეიგი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არისო, პროკურორის დაკითხვის შემდეგ, როგორც იქნა, ამოღერღა ის, რასაც ყველა ფიქრობდა დარბაზში, ჰეიგმა ზუსტად იცოდა, რას და რისთვის აკეთებდა.
მან იცოდა, რომ ადამიანებს კლავდა და ამით სულ მცირე, უკანონო საქციელს სჩადიოდა. სხვა მხრივ ვერაფრით ვერ გაამართლებდნენ იმ წინასწარ მოფიქრებულ გეგმას, რომელსაც ჰეიგი ზუსტად მისდევდა. ნაფიც მსაჯულებს ზუსტად 15 წუთი დასჭირდათ განაჩენის გამოსატანად - ეს ძალიან მცირე დროა ასეთი რთული პროცესებისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ მსაჯულებში აბსოლუტური ერთსულოვნება იყო...
ჯონ ჯორჯ ჰეიგის ნივთები, სამოსი, ასევე თმა მადამ ტიუსოს მუზეუმს გადაეცა, რათა მათ მკვლელის ცვილის ფიგურის დამზადება შეძლებოდათ. ჯონ ჰეიგის პერსონამ გამოძახილი პოვა შოუბიზნესშიც, ჯგუფ მაკაბრეს სიმღერა ''მჟავას აბაზანა ვამპირთან ერთად'' სწორედ ჰეიგს ეძღვნება.