17 ოქტომბერი, 2014
თანამედროვე კინოს 6 ყველაზე სულისშემძვრელი სცენა
ფრენსის ფორდ კოპოლას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ თანამედროვე კინემატოგრაფის ყველაზე ცრემლმდენი ეპიზოდები, რომლებიც დიდ სკეპტიკოსებსა და ტირილის არამოყვარულებსაც კი სევდიან ხასიათზე აყენებს. რასაკვირველია, აქ შეუძლებელია მოხვდეს ყველა იმ აღიარებული ფილმის კადრები, რომლებიც გვინახავს ან არ გვინახავს, თუმცა ექვსეული მაინც შედგა.

''მისტიკური მდინარე''

უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ბოლო წლებში შექმნილა და რასაკვირველია, შონ პენის ბრწყინვალე შესრულება... ვისაც ფილმი ნანახი აქვს, ვერასდროს დაივიწყებს კლინტ ისტვუდის ამ შედევრის ერთ ეპიზოდს, როდესაც შონ პენის პერსონაჟი, მოძველბიჭო,
საეჭვო წარსულისა და აწმყოს მქონე ჯიმი მარკუმი დანაშაულის ადგილზე მიდის, სადაც პოლიციის თანამშრომლები არიან შეკრებილნი. ჯიმი ხვდება, რომ რამდენიმე ნაბიჯის იქით, თხრილში ჩაგდებული უსიცოცხლო სხეული მის შვილს ეკუთვნის. შონ პენი უდიდესი ოსტატობით ასახიერებს მამას, რომელმაც გააცნობიერა, რომ ქალიშვილი აღარ ჰყავს. ალბათ, ეს არის მასტერ-კლასი, სცენა, რომლის მიხედვითაც თეატრალურ უნივერსიტეტში მსახიობობას უნდა ასწავლიდნენ.

''ნათლია''

ფრენსის ფორდ კოპოლას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ვისაც კინემატოგრაფი ოდნავ მაინც უყვარს, მას აუცილებლად აქვს ნანახი მარიო პიუზოს ნაწარმოების, ''ნათლიას'' მიხედვით გადაღებული კინოსაგა, რომელიც დიდი ხანია, კლასიკად იქცა. ჩვენ კი გამოვყოფთ ერთ გამორჩეულ მომენტს, სხვა შესანიშნავ ეპიზოდებს შორის, ფილმის მესამე ნაწილის ფინალურ აკორდს, როდესაც ალ პაჩინოს პერსონაჟს თვალწინ, ოპერის კიბეებზე, ქალიშვილს მოუკლავენ.

Rating

საგულისხმოა, თუ როგორ აქვს რეჟისორს ეს პასაჟი გადაწყვეტილი - პაჩინოს გმირი საშინლად ხავის, მაგრამ მისი ხმა ჯერ არ ისმის და მხოლოდ მოგვიანებით ''შემოდის'' კადრში. რასაკვირველია, ეს ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა მსახიობის მიმიკა და სიტუაციის შეფასება ნამდვილად ქების ღირსია.

''მკვდარი პოეტების საზოგადოება''

პიტერ ვიერის 1989 წელს გამოსული დრამა დახურული ვაჟთა სკოლის შესახებ, სადაც ახალგაზრდა ჭაბუკურ სულებს გადამრჩენელად ლიტერატურის მასწავლებელი მოევლინება, რობინ უილიამსის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიიჩნევა.

Rating

''ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო'' - უოლტ უიტმენის შესანიშნავი პწკარები ფილმის მსვლელობისას თავს გვამახსო-ვრებს. ბოლოს, დიდი ტრაგედიის შემდეგ, საყვარელ მასწავლებელს ბიჭები მერხზე ასვლითა და ამ ფრაზით აცილებენ. სწორედ ასე დაემშვიდობა მთელი მსოფლიო მცირე ხნის წინ რობინ უილიამსსაც...

''უოლ-სტრიტის მგელი''

მარტინ სკორსეზეს უყვარს დიკაპრიო. დიკაპრიოსაც უყვარს მარტინ სკორსეზე. სკორსეზე და დიკაპრიო კი მთელ მსოფლიოს უყვარს, ცალ-ცალკეც და ერთად - განსაკუთრებით. ერთ რამედ ღირს მათი კოლაბორაციის ნახვა ფილმში ''შეშლილთა კუნძული'', რომელიც ალბათ, ამ ტანდემის შემოქმედებით პიკად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფილმი - ''უოლ-სტრიტის მგელი'', სადაც დიკაპრიომ ჯერჯერობით თავისი ცხოვრების როლი განასახიერა. ადამიანი, რომელიც მუდმივად დიდი გამარჯვებებისა და დამარცხებების ზღვარზე დადის.

Rating

გაგახსენებთ სცენას, როდესაც დიკაპრიოს ექსცენტრიკული გმირი დოზის გადაჭარბებით მიიღებს აბებს, რის შემდეგაც დამბლადაცემული ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას და შენობის გასასვლელისკენ შესაშური პლასტიკის გამოყენებით მიხოხავს. ეს სულისშემძვრელი სცენა გულგრილს ვერავის დატოვებს, თუმცა ''ოსკარის'' მამებმა მაინც შეიკავეს ცრემლები და ლეო კვლავაც ''ოქროს კაცუნას'' გარეშე დატოვეს.

''გაქცევა შოუშენკიდან''

სტივენ კინგმა, ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად, დაწერა ერთი ძალიან გამორჩეული წიგნი, რომელიც კიდევ უფრო გამორჩეულ ფილმად იქცა. წიგნს ასეთი დასახელება ჰქონდა - ''რიტა ჰეივორტი და გაქცევა შოუშენკიდან'', თუმცა რეჟისორმა ფრენკ დარაბონტმა, რომელიც იმავდროულად, სცენარისტიც გახლდათ, ერთი ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს, მხოლოდ მეორე სათაური დატოვა და ფილმი ამ სახელწოდებით სამუდამოდ შეაყვარა კინომოყვარულებს. ტიმ რობინსისა და მორგან ფრიმენის დუეტი კი მის ერთ-ერთ მთავარ კოზირად მიიჩნევა.

Rating

ჩვენ გაგახსენებთ სცენას, როდესაც 20 წლით თავისუფლებააღკვეთილი ენდი დუფრეინის პერსონაჟი, როგორც იქნა, ციხიდან გააღწევს, მანამდე კი დიდი ხნის განმავლობაში ფეკალიების მასებში უწევს ძრომიალი. კანალიზაციის მილიდან გამოძვრომისას მას წვიმა დახვდება, რომელიც, უსიამოვნო მასასა და სუნთან ერთად, თითქოს ციხეში გატარებულ წლებსაც ჩამორეცხავს სხეულიდან...

''მძინარენი''

ბარი ლევინსონის დრამა ოთხი ბიჭუნას შესახებ, რომლებიც, მოვლენათა შემთხვევითობის წყალობით, ბავშვთა კოლონიაში, გარყვნილი ზედამხედველისა და მისი თანამზრახველების ხელში აღმოჩნდებიან... სუნთქვას შეგიკრავთ ''მძინარენის'' პირველივე ეპიზოდი, როდესაც ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ორი, აშკარად კრიმინალური შესახედაობის ახალგაზრდა მამაკაცი ბარში თავის ძველ მტერს, ზედამხედველს ამოიცნობს და მის მაგიდას მიუჯდება.

Rating

მაყურებელმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ხდება, თუმცა მცირე დიალოგიდან გამომდინარე, დაახლოებით შეუძლია სიტუაციის შეფასება. ამის მიუხედავად, როდესაც ისტორია იხსნება, ის ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენება. ლორენცო კარკატერა კი, წიგნის ავტორი, ამტკიცებდა, რომ ეს ამბავი ერთ-ერთ კოლონიაში რეალურად მოხდა...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS