09 ოქტომბერი, 2014
პატრიკ კერნი - ყველაზე სასტიკი მანიაკი, რომელიც ამერიკის ''სექსუალურმა რევოლუციამ'' დაბადა
ყველა მანიაკი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდა, დანაშაულებების გახმაურების შემდეგ მეტსახელს იღებდა, თუმცა სერიული მკვლელობების გამოძიების ისტორიაში იყო ერთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც სამ მანიაკს ერთი და იგივე მეტსახელი შეარქვეს.

ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რადგან ყველა მათგანი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მოქმედებდა, ერთსა და იმავე შტატში და მათ მსხვერპლთა შორის მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცები ხვდებოდნენ, მათი ხელწერაც საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მაინც იყო მცირე განსხვავებები, ამიტომაც სამართალდამცველებმა მაინც მოახერხეს იმის გამორჩევა, რომელმა
მკვლელმა შეიწირა ესა თუ ის ადამიანი. პატრიკ კერნი, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლა და მათი გვამები დაანაწევრა, ერთ-ერთია იმ სამიდან, რომლებსაც ''ავტობანის მკვლელი'' შეარქვეს.

ამერიკის ''სექსუალური რევოლუცია'', რომელმაც ათობით მანიაკი დაბადა

გასული საუკუნის 70-იანი წლები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რევოლუციური გახდა. თუმცა, არა პოლიტიკური კუთხით, რადგან ხელისუფლება არ შეცვლილა, იმ პერიოდში ერთდროულად რამდენიმე რევოლუცია მოხდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სექსუალურიც. თუმცა, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ''სექსუალური რევოლუცია'' მხოლოდ პორნოინდუსტრიის განვითარებას უწყობდა ხელს, ღრმად ცდება. პირველ რიგში, ეს იყო დრო, როდესაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებმა ხმა აიმაღლეს - ლესბოსელებმა და ჰომოსექსუალებმა ღიად განაცხადეს თავიანთი ორიენტაციის შესახებ და განდევნილებისგან სხვათა შორის, საზოგადოების საკმაოდ პატივსაცემ წევრებად გადაიქცნენ. მეტიც, ''ცისფერობა'' ან ''ვარდისფერობა'' თითქოს ერთგვარ მოდადაც გადაიქცა. ზოგისთვის კი მომგებიან საქმედ, განსაკუთრებით ჰოლივუდში.

და უამრავი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი სწორედ კალიფორნიისკენ გაეშურა უკეთესი მომავლის საძიებლად, თუმცა ამათგან ძალიან მცირე თუ ხდებოდა ვარსკვლავი მცირე ან დიდი ხნით, დანარჩენები კი კალიფორნიის კრიმინალურ გარემოში იკარგებოდნენ. ზოგიერთი სულაც სერიული მკვლელების მსხვერპლი ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კალიფორნიაში სერიული მკვლელები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ.

პატრიკ კერნის ავტობანის სხვა მკვლელებისგან ის გამოარჩევდა, რომ ის გვამებს ანაწევრებდა, შემდეგ კი ნარჩენებს ტომრებში ყრიდა და სანაგვეებზე ტოვებდა. ამ განსხვავების გამო მას ''მენაგვედ'' და ''მკვლელს საგანვე ტომრით'' ეძახდნენ. პოლიცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მას და ვერაფრით ვერ მიაგნო კვალს,ვინაიდან პატრიკ კერნი საკმაოდ სუფთად მუშაობდა, თუმცა ერთ დღეს მანიაკი მაინც ჩაფლავდა.
1977 წლის მარტის შუა რიცხვებში ვინმე ჯონ ლამეი თავის ახალ მეგობარ დევიდ ჰილთან პაემანზე წავიდა. სანამ სახლიდან გავიდოდა, დედას მოუყვა, რომ მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა.

დედამისმა იცოდა, რომ მისი შვილი გეი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და ვაჟს მხარს უჭერდა. როდესაც მეორე დილას შვილი მასთან არ გამოჩნდა, დედამ მყისვე პოლიციას შეატყობინა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი პაემნის შემდეგ ყოველთვის შინ ბრუნდებოდა და ამდენი ხნით სახლიდან არასდროს მიდიოდა. გაუჩინარებული გეის დედამ დაარწმუნა სამართალდამცველები, რომ დაუყოვნებლივ დაეწყოთ მისი შვილის ძებნა. ხუთი დღის შემდეგ ჯონის გვამი იპოვეს.

პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალიფორნიაში რამდენიმე მანიაკი დაძრწოდა, ამიტომაც გაუჩინარებულ ხალხს ყოველთვის სანაგვეებზე ეძებდნენ. ლამეის გვამის ნარჩენებიც სწორედ ერთ-ერთ მიტოვებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს ქალაქგარეთ. მისი დანაწევრებული სხეული ხუთ ტომარაში იყო ჩალაგებული. ეს ტომრები კი მიტოვებულ ნავთის ცისტერნასთან დაელაგებინათ ლოს-ანჯელესის სამხრეთით მიმავალ გზაზე.
დევიდ ჰილის ვინაობის დადგენა სულაც არ ყოფილა რთული საქმე. ჯონი სიკვდილამდე დედას მოუყვა იმის შესახებ, რომ ახალი მამაკაცი სავარჯიშო დარბაზში გაიცნო.

დარბაზის ჩანაწერების და პერსონალის დაკითხვის შემდეგ პოლიციამ მალევე გაიგო ის სახელი და გვარი, რომელიც სჭირდებოდა. ჰილის მისამართიც იქ მომუშავეთაგან შეიტყვეს. დევიდი სავარჯიშო დარბაზთან ახლოს ცხოვრობდა თავის საყვარელ პატრიკ კერნისთან ერთად. ორივე მათგანი დაკითხეს, მაგრამ ორივე ცრუობდა, რომ ერთმანეთი გადაერჩინათ. ლამეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირდაპირი მტკიცებულებები შეყვარებული წყვილის წინააღმდეგ სამართალდამცველებს არ ჰქონდათ. ამიტომაც მცირე ხნით თავი დაანებეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დეტექტივები კვლავ ესტუმრნენ მათ რაღაცის დასაზუსტებლად, თუმცა როდესაც მათ ბინაში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ იქ არც ჰილის და არც კერნის კვალი აღარ იყო.

პოლიციას იმ მომენტში კი გაექცნენ, თუმცა შემდეგ დიდი ხნით სირბილმა აღარ მოუწიათ, რადგან მალევე დააპატიმრეს. დაკავების შემდეგ ჰილმა თავისი შეყვარებულის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, ამიტომ კერნის წარუდგინეს ჯონ ლამეისა და კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობის ბრალდება. მას სასიკვდილო განაჩენი ემუქრებოდა, ამიტომაც კერნი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე წავიდა და თავად მოუყვა პროკურორს იმ მკვლელობების შესახებ, რომელთა რაოდენობა, მისივე მტკიცებით, 28-ს აღწევდა.

მანიაკის ბავშვობის შიშები და ფანტაზიები

მომავალი მანიაკი 1940 წელს ტეხასში დაიბადა. ის ოჯახში მესამე შვილი იყო, მუდმივად ავადმყოფი და გამხდარი. ამის შედეგად ის გამუდმებით იტანდა ფიზიკურად უფრო ძლიერი თანატოლების დაცინვას და მათგან ხელით შეხებასაც. ციხის ფსიქოლოგს კერნი მოუყვა იმის შესახებ, რომ მკვლელობაზე 8 წლის ასაკიდან ოცნებობდა. წარმოიდგენდა ხოლმე, თუ როგორ უმკლავებოდა თავის თანატოლებს და ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.

25 წლისთვის კერნიმ არმიაშიც იმსახურა, ცოლიც მოიყვანა და მასთან გაშორებაც მოასწრო. პატრიკი სწრაფად მიხვდა, რომ საწინააღმდეგო სქესი სრულებით არ ხიბლავდა, რასაც ვერ ვიტყოდით მამაკაცებზე. კერნი კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც ცხოვრების მეგზურის პოვნა გაცილებით იოლი იქნებოდა. პარალელურად მას ბავშვობის დროინდელი ფანტაზიები უბრუნდებოდა, რომელთა განხორციელებაც რეალურ ცხოვრებაში გადაწყვიტა.
თავისი პირველი მსხვერპლი მან სან-დიეგოში იპოვა.

პარტიკმა ერთ-ერთ ბარში შეიარა, სადაც გეები იკრიბებოდნენ. იქ თავისუფლად შეიძლებოდა სექსუალური პარტნიორის მოძებნა, თუმცა კერნის სხვა რამ სჭირდებოდა. მოგვიანებით, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა, ვერაფრით გაიხსენა, როგორი იყო პირველი მსხვერპლი, ამიტომაც ბიჭის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.

1967 წელს კერნიმ თავისი საყვარელი დევიდ ჰილი გაიცნო, ისინი იხსენებდნენ, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს. პატრიკს საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა, ის ინჟინერი გახლდად, დევიდი კი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ჰილისგან საკმაოდ პრეტენზიული დიასახლისი გამოვიდა, ამიტომაც წყვილი ხშირად ჩხუბობდა. დევიდს შეეძლო რამდენიმე დღით გაუჩინარება, ასეთ დროს პატრიკი ეჭვიანობით იტანჯებოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, თუ როგორ უნდა ემკურნალა საკუთარი თავისთვის.

მკვლელი მანქანაში ჯდებოდა და კალიფორნიის გზატკეცილებზე დახეტიალობდა. ხანდახან შემთხვევით მგზავრებს აიყვანდა ხოლმე, მათთან სექსით ერთობოდა, თუმცა ნამდვილი სიყვარული, მისივე სიტყვებით, მხოლოდ ჰილთან ჰქონდა.

ერთი ასეთი მოგზაურობის დროს კერნი, რომელსაც ძვირად ღირებული მანქანა ჰყავდა, კინაღამ მძარცველების მსხვერპლი გახდა. ბანდიტებისგან ის პატრულმა დაიცვა, რომელმაც შემთხვევით გამოიარა იმ დროს და მძარცველები შეაშინა. ამ შემთხვევის შემდეგ კერნიმ 22-კალიბრიანი რევოლვერი შეიძინა და არასდროს მოუშორებია.

შემდეგი მკვლელობისკენ კერნის გაზეთებმა უბიძგეს. 60-იანი წლების ბოლოს კალიფორნიაში სხვა მანიაკი, დინ კორლი ''დათარეშობდა''. ამერიკული მედია დაწვრილებით აღწერდა მის დანაშაულებებს. კერნი დიდი ინტერესით კითხულობდა ამ სტატიებს და თავადაც ჰქონდა სურვილი, მსგავსი რამ ჩაედინა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ფანტაზიები იყო.

საყვარელთან მორიგი ჩხუბის დროს ის ისევ ჩაჯდა მანქანაში და გასერინება გადაწყვიტა, ლოს-ანჯელესის სამხრეთით მან კარგი აღნაგობის ყმაწვილი შეამჩნია. ის ძალიან ჰგავდა იმ ბიჭს, რომელიც ყველაზე გამეტებით სცემდა ხოლმე პატრიკს ბავშვობაში. მგზავრი სულაც არ ყოფილა სექსის წინააღმდეგი და ვინაიდან ჰილი სახლიდან იყო გაქცეული, პატრიკმა ახალი ნაცნობი სახლში დაპატიჟა. სანამ სასიყვარულო ბუდემდე მიაღწევდნენ, ერთმანეთს გაესაუბრნენ. ლაპარაკის დროს გამოიკვეთა, რომ კერნის ახლადგამოჩეკილი პარტნიორი ისეთივე ქედმაღალი იყო, როგორიც მისი ბავშვობის ''მეგობარი''. კერნის პატარაობის მოგონებები მოაწვა, ასევე გაახსენდა მკვლელობა, რომელიც 1965 წელს ჩაიდინა. როდესაც სახლში მიიყვანა, კერნის ნამდვილად აღარ ჰქონდა მასთან სექსის არანაირი სურვილი, სამაგიეროდ, მისი მოკვლის მძაფრი განცდა აწუხებდა.

ის აბაზანაში შეიყვანა და სანამ იხდიდა, რევოლვერი გამოიტანა, დაუმიზნა და ტყვია შუბლში დაახალა. როდესაც მანიაკმა საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილა და აღგზნებამ გაუარა, პირველ რიგში შეკითხვა გაუჩნდა, სად უნდა წაეღო გარდაცვლილის გვამი. მერე გაახსენდა, რომ მისი კერპი კორლი გვამებს ანაწევრებდა და ნარჩენებს ნაგავსაყრელებზე ტოვებდა. გადაწყვიტა, თავდაც ასე მოქცეულიყო. შემდეგ და შემდეგ უფრო გაუადვილდა ეს საქმე და ზოგჯერ ნაგავსაყრელებს, სადაც სხეულის ნაწილები უნდა გადაემალა, თავის მომავალ მსხვერპლთან ერთადაც კი ათვალიერებდა.

დანაშაულის გამჟღავნება და აღიარება

ჯონ ლამეის გვამის ნაწილების აღმოჩენის შემდეგ, როდესაც პოლიციამ წყვილი დაკითხა და მათი ალიბის შემოწმება დაიწყო, გამოირკვა, რომ 1977 წლის 13 მარტს, ანუ იმ დღეს, როდესაც ჯონ ლამეი გაუჩინარდა, ჰილი სახლში არ იყო. არადა, ის პოლციასთან ამტკიცებდა, რომ პატრიკთან ერთად გაატარა მთელი საღამო. დეტექტივებს სამართლიანი ეჭვი გაუჩნდათ და მათი სახლის გაჩხრეკა დაიწყეს.


მოგეხსენებათ, ამ დროისთვის წყვილი უკვე გაქცეული იყო. ჩხრეკამ საკმაო შედეგები მოიტანა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთ ტომარაზე აღმოჩენილი ბეწვები და ჰილისა და კერნის სახლის ხალიჩის ბეწვები ერთმანეთის იდენტური იყო. ხოლო აბაზანაში სისხლის წვეთები და ტვინის ნარჩენებიც იპოვეს, თუმცა ეს ლამეის არ ეკუთვნოდა. წყვილზე სასწრაფოდ გამოცხადდა ძებნა. ისინი ტეხასში იმყოფებოდნენ, როდესაც ჰილმა სასტუმროში თავისი ფოტო დაინახა და შოკში ჩავარდა. წყვილმა იჩხუბა და ჰილმა გადაწყვიტა, რომ პოლიციაში აუცილებლად გამოცხადდებოდა, რადგან მისი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ საყვარელს ალიბის უქმნიდა.

როცა ჰილის ამ გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, კერნიმ თავადაც მოიფიქრა ჩაბარება, მოგვიანებით კი, როგორც თავში გითხარით, სასიკვდილო განაჩენის თავიდან ასაცილებლად აღიარებითი ჩვენებაც მისცა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატრიკ კერნი დღესაც იხდის სასჯელს და ლიტერატურულ ესეებს წერს ციხეში. 2011 წელს მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს სახელწოდებით ''ისტორიის საიუდმლოებანი - გახმაურებული მკვლელობები''. მისი საყვარელი დევიდ ჰილი კი მართლმსაჯულებას გადაურჩა.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS