ტრანსილვანია გრაფ დრაკულას გამო მუდამ ვამპირების სამშობლოდ მიიჩნეოდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აქ დაიბადა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქალი, რომელსაც გრაფინია დრაკულა შეარქვეს. ელიზაბეტა ბატორის დიდ სიამოვნებას
ბატორი 1560 წელს დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა, რომელიც ყველაზე გავლენიან საგვარეულოდ მიიჩნეოდა ქვეყნის პროტესტანტულ კლანებს შორის.
ამ ოჯახმა ევროპას უამრავი ცნობილი მეომარი, წმინდა მამა და გამორჩეული ძალაუფლების მმართველი მისცა. ელიზაბეტას ბიძაშვილი, სტეფანი ბატორი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც უმამაცესმა მეომარმა, ჯერ ტრანსილვანიის მმართველი გახდა, შემდეგ კი პოლონეთის მეფე. საგულისხმოა, რომ ელიზაბეტას შორეული ნათესავი გახლდათ ვლად ცეპეში, რომელიც, როგორც მიიჩნევა, გრაფ დრაკულას პროტოტიპი გახდა.
იმდროინდელი დიდგვაროვნები დიდი ღირებულებებით არ გამოირჩეოდნენ, ხშირად ნათესავები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, ჩვენი მონათხრობის გმირის ბიძა სატანისტი ჯადოქარი იყო, დეიდა, ლესბოსური მიდრეკილებებით გამოირჩეოდა, ხოლო თავად ელიზაბეტას ძმა, რომელსაც ბიძაშვილის მსგავსად, სტეფანი ერქვა, გარყვნილებით იყო ცნობილი. მათ გვარში საკმაოდ ბევრი სულით ავადმყოფი ადამიანი იყო. ფსიქიკური გადახრები თავად ელიზაბეტა ბატორისაც ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ კარგ განათლებას იღებდა და არც ჭკუა-გონება აკლდა. ყველაფერს მალე ითვისებდა და თავისი თანატოლი გოგონებისგან აშკარად გამოირჩეოდა. 15 წლისა უკვე თავისუფლად ფლობდა სამ ენას.
ადრეული ასაკიდანვე ელიზაბეტა მიხვდა, რომ მისთვის, როგორც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლისთვის, ყველაფერი დასაშვები იყო. ის უხეშად ექცეოდა თავის მოსამსახურეებს და აგრესიის შეტევებისას მზად იყო, ცემით სიკვდილის პირამდე მიეყვანა ისინი. ახალგაზრდა სადისტი უდიდეს სიამოვნებას იღებდა ღრმა ჭრილობიდან გადმომავალი სისხლის ყურებისას. თავისი ყველა ნაბიჯის აღწერა მან დღიურში გადაწყვიტა და ეს ყველაფერი 35 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
რაღაც პერიოდი მშობლები მას აკონტროლებდნენ და ყველაფრის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ 15 წლის ასაკიდან მისთვის ყველა აკრძალვა მოიხსნა, როდესაც ის ცოლად გაჰყვა გრაფ ფერენც ნადაშდას. ცნობილმა მხედართმთავარმა ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლებით გაითქვა სახელი. თურქები მას უნგრეთის შავ რაინდს უწოდებდნენ. ელიზაბეტამ სამი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა, მაგრამ დედობამ ის არ შეცვალა და კვლავინდებურად უპირატესობას ანიჭებდა სასტიკ გასართობებს.
თავიდან ის თავის მოსამსახურეებს ხელკეტით სცემდა, თუმცა მალევე მიჰყო ხელი მათ დაჩხვლეტას ნემსებითა და ლურსმნებით, რომლებსაც მათ კბილებსა და მკერდში ასობდა. ეს ყოველივე, როგორც ამბობენ, მას დეიდა კარლამ ასწავლა, რომელიც ელიზაბეტას საყვარლადაც მიიჩნეოდა. იმ დროს ამგვარი გასართობები კანონის საწინააღმდეგოდ არ მიიჩნეოდა, ვინაიდან გლეხები თავიანთი პატრონების მონებად მიიჩნეოდნენ. ვინც თავისი მფლობელისგან გაქცევას ეცდებოდა, მას აწამებდნენ და მოკლავდნენ.
როდესაც სახლში სტუმრები იყვნენ, ელიზაბეტას მოსამსახურეებისთვის ნაკლებად ეცალა, ამიტომაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ სტუმრების ეტლები, რომ ხელი შეეშალათ მათი გამგზავრებისთვის… თუმცა შემდეგ და შემდეგ ეს მომსახურეებს აღარ შველოდა, რადგან წამებისთვის შესაბამისი საკნები ელიზაბეტამ არა მხოლოდ ერთ, არამედ მეორე სასახლეშიც მოაწყო. ერთ-ერთ გოგონას, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გაერთო, ელიზაბეტამ კულულებზე ცეცხლი წაუკიდა და გოგონა დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა.
ერთადერთი, ვისაც შეეძლო ელიზაბეტას ''თამაშობებში'' მონაწილეობა, მისი ქონდრისკაცი მსახური იყო, მეტსახელად ფიჩკო. ელიზაბეტას მკვლელობებისადმი სურვილი მას შემდეგ განსაკუთრებით გაუმძაფრდა, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ზუსტად ''დროული'' იყო მის ცხოვრებაში ახალი საყვარლის, მოსამსახურე ანას გამოჩენა, რომელსაც ბოლოს და ბოლოს გამართულ სასამართლოზე, სადაც გრაფინიას საქმეებს ნათელი მოეფინა, ''ქვედაბოლოში გამოწყობილი ველური მხეცი'' უწოდეს. სწორედ ანამ დაარწმუნა ელიზაბეტა, მოსამსახურე გოგონებისთვის ზამთარში სტუმრების შიშვლად მომსახურება ებრძანებინა.
ამის შემდეგ გოგონებს ცივ წყალს ავლებდნენ სხეულზე და ყინვაში გარეთ ტოვებდნენ დასაღუპად განწირულებს. თუკი რომელიმე მათგანი ცუდად გააუთოებდა ქალბატონის სამოსს, უთო თავში მოხვდებოდა.
ელიზაბეტამ, ანას ''ჩაწვეთებული'' იდეით, გლეხების ოჯახებიდან ქალიშვილების მოყვანა ბრძანა თავის სასახლეში. ვინაიდან ბევრი ოჯახი შიმშილით კვდებოდა, თავიდან ელიზაბეტას თავიანთ ქალიშვილებს სიამოვნებით უთმობდნენ გარკვეული თანხის საფასურად. როდესაც ანა ეპილეფსიით გარდაიცვალა, ელიზაბეტამ ახალი საყვარელი, ეჟსი იპოვა, რომელიც დაბალი ფენიდან იყო და დიდი სიმპათიებით არ გახლდათ გამსჭვალული გვაროვნების მიმართ, ამიტომაც დაარწმუნა ელიზაბეტა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ქალიშვილებს ცოტა უფრო შეძლებული ოჯახებიდან წამოიყვანდა, რაც გახდა სისხლიანი გრაფინიას საქმიანობის დასასრულის დასაწყისი.
50 წლის ელიზაბეტას სისხლიანი ორგიების შემდეგ, როდესაც მის მონაწილეებს წამებით ასალმებდა სიცოცხლეს, იმდენი გვამი გროვდებოდა, რომ მათი დამარხვა ჩვეულებრივი წესით შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც გოგონებს პირდაპირ მიწაში ფლავდნენ. ამის დამალვას სასახლეში უკვე ვეღარ ახერხებდნენ, ეკლესიაში მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, თუმცა ელიზაბეტას ოჯახის სიმდიდრისა და გავლენის ეშინოდათ და ამიტომ მღვდლები ხმას ვერ იღებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთმა მღვდელმა ქადაგებისას ელიზაბეტას მკვლელი უწოდა, ასევე მოიქცა მეორე მღვდელიც. ამის შემდეგ ელიზაბეტა გოგონების გვამებს თავად ანაწევრებდა და იატაკის ქვეშ ინახავდა, თუმცა ზოგიერთს მაინც პირდაპირ მდინარეში აყრევინებდა, შემდეგ კი სხეულებს მეთევზეები პოულობდნენ.
ბევრი ჭორი დადიოდა და იმასაც კი ეჭვობდნენ, რომ ტრანსილვანიაში მაქცია გამოჩნდა, თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ კვალი სულ სხვა ადამიანთან მიდიოდა. რამდენიმე გოგონა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ელიზაბეტას, ხალხს მისი სადისტური გართობის შესახებ უყვებოდნენ.
1609 წლის ზამთარში ბატორის სასახლეში მცირე აზნაურების 25 ქალიშვილს უმასპინძლეს. ელიზაბეტას მათთვის კარგი მანერების გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს გაკვეთილი ცხოვრების გზის დასასრული აღმოჩნდა. ისინი წამებით მოკვდნენ სასახლის მიწისქვეშა საკნებში.
ამჯერად გრაფინიას საზოგადოების წინაშე თავის მართლება მოუხდა, მან მოიგონა ამბავი, თითქოს ერთ-ერთი გოგონა გაგიჟდა და დანარჩენები მოკლა, ეს სიმართლეს არ ჰგავდა, თუმცა მაღალმა საზოგადოებამ მაინც ''თავისიანის'' ირწმუნა და სისხლიანი ორგიები ისევ განახლდა. მოგვიანებით გრაფინიას ქვეშევრდომები იხსენებდნენ, რომ ერთ დღეს მის საძინებელში სისხლის იმხელა გუბე იდგა, რომ მათ ნახშირის დაყრამ მოუწიათ, ისე იატაკზე გავლა შეუძლებელი იყო…
მაგრამ ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. სისხლიანი გასართობები საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ელიზაბეტას ხაზინა გამოცარიელდა და 1607 წელს მას თავისი სასახლის გაყიდვა მოუხდა.
იმავდროულად, მისმა ნათესავებმა ტრანსილვანიის მმართველს მიმართეს, გიჟი სადისტის შავ-ბნელი საქმიანობა გამოეძიებინა. ელიზაბეტა თვით ტრანსილვანიის მმართველმა ტუჟომ დაკითხა და დაინტერესდა სასახლის საკნებში ნაპოვნი ცხრა გოგონას გვამის ამბით. ელიზაბეტამ განაცხადა, რომ ეს გოგონები გაურკვეველი სენით გარდაიცვალნენ და მათი დაუყოვნებლივ დამარხვა ბრძანა, რათა დაავადება სხვებსაც არ გადასდებოდათ. ეს აშკარა ტყუილი იყო. პარალელურად პარლამენტმა დამოუკიდებლად დაიწყო ელიზაბეტას მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიება.
საინტერესო ისაა, რომ ამის მიუხედავად, გრაფინია გაჩერებას ვეღარ ახერხებდა და კვლავაც კლავდა გოგონებს. მის საძინებელში ორი ქალის გვამი აღმოაჩინეს. აქ უკვე არანაირი ახსნა-განმარტება აღარ გაჭრიდა. კახწიცის სასახლეში ელიზაბეტას ''წითელი ღამეების'' შესახებ 1611 წლის 2 იანვარს დაწყებულ სასამართლოზე მისი ქვეშევრდომები საზარელ ამბებს ჰყვებოდნენ. ერთმა მათგანმა 36 მკვლელობა გაიხსენა, მეორემ 37, მესამემ 50. მეორე პროცესი 7 იანვარს გაიმართა - დაკითხეს 13 მოწმე, თავად ელიზაბეტა სასამართლოზე არ გამოუძახებიათ, რადგან გრაფმა ტოჟომ გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობა არ უნდა შეხებოდა მთლიანად ბატორების საგვარეულოს, რომელიც დადებითი კუთხითაც იყო სახელგანთქმული უნგრეთში.
სასამართლოზე მხოლოდ ელიზაბეტას დღიური წარადგინეს, სადაც მას აღწერილი ჰქონდა 650 მკვლელობის ამბავი. იმავე დღეს განაჩენიც გამოიტანეს, ქვეშევრდომებს საშინელ წამებაში სიკვდილი მიუსაჯეს, გრაფმა ტოჟომ ელიზაბეტასთვის განსაკუთრებული აღსასრული მოამზადა - ''შენ, ელიზაბეტა, არ ხარ ღირსი, რომ უყურო სინათლეს და ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი, სიბნელეში ჩაინთქმები და შენი სახელი არავის ემახსოვრება'', - ასე მიმართა გრაფმა მკვლელ გრაფინიას…
ელიზაბეტა კახწიცას სასახლის საძინებელში გამოკეტეს, სასახლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მცირე ფანჯარა დაუტოვეს, საიდანაც მას საკვებს გადასცემდნენ. 1614 წლის მას ანდერძის დაწერის უფლებაც მისცეს, ამავე წლის 21 აგვისტოს ერთმა ზედამხედველმა, რომელსაც სურდა, თავისი თვალით დაენახა ეს საშინელი ურჩხული, შეიხედა პატარა ხვრელიდან, რომელიც საძინებელს ჰქონდა დატოვებული და დაინახა იატაკზე გართხმული გრაფინიას უსულო სხეული. ამბობენ, რომ დაწყევლილი სასახლიდან მას მერე ღამ-ღამობით საზარელი ხმები გამოდის, უნგრელები დღესაც მიიჩნევენ, რომ გრაფინიამ 400 წლის მერეც ვერ მოისვენა…
იხილეთ ასევე
ჟურნალი ''რეიტინგი''