18 ივნისი, 2013
10 აკრძალული წიგნი
აშშ-ში წიგნი აიკრძალა, რათა ბავშვების ფსიქიკა დაეცვათ წიგნის მრუმე სცენებისგან. ნაწარმოები დღემდეა იმ 100 წიგნს შორის, რომლებიც ამერიკის ბიბლიოთეკარების ასოციაციაში ფართო მასებისთვის გასაცემად შეზღუდულია. სხვათა შორის, ამავე სიაშია მარკ ტვენის, თეოდორ დრაიზერის, უილიამ ფოლკნერისა და ბევრი სხვა კლასიკოსის ნაწარმოები. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურა ცენზურის შევიწროებას ხშირად განიცდიდა. როგორი თემაც უნდა ყოფილიყო: პოლიტიკა, რელიგია თუ ეროტიკა, კონსერვატიული მკითხველი სასწრაფოდ იმარჯვებდა მუშტებს და ავტორისკენ მრისხანებას აფრქვევდა. თქვენ წინაშეა ათი ყველაზე გახმაურებული აკრძალული წიგნი, რომლებიც თავის დროზე
ბიბლიოთეკებისა და მაღაზიების თაროებიდან ცენზურის გამო მოხსნეს.
1. ოლდოს ჰაქსლი, „მშვენიერი ახალი ქვეყანა“ - 1931 წელს დაწერილი და ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული რომანი ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია ჰერბერტ უელსის უტოპიაზე „ღმერთებივით ადამიანები“ . წიგნი აკრძალული იყო ირლანდიაში ბავშვების დაბადების საკამათო თემის გამო, ხოლო ამერიკის ზოგიერთი შტატის სასკოლო ბიბლიოთეკიდან „მეტისმეტად ნეგატიური აზრების“ გამო ამოიღეს.
2. ჯონ სტეინბეკი, „მრისხანების მტევნები“ - 1939 წელს გამოქვეყნებულმა ამერიკელი მწერლის რომანმა პულიტცერის პრემია დაიმსახურა. ის დიდი დეპრესიის ცნობილ ამბებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულმა ელიტამ წიგნი აღტაცებით მიიღო, აშშ-ში ოფიციალურად აკრძალეს და საჯაროდ განიხილავდნენ. ადამიანები შეძრულნი იყვნენ სიღარიბის აღწერით. თვით ავტორმა კი თქვა, რომ მის მიერ დაწერილი კიდევ შერბილებული ვერსია იყო იმისა, რაც სინამდვილეში ხდებოდა მუშების დასახლებებში.
3. ჰენრი მილერი, „კირჩხიბის ტროპიკი“ - 1934 წელს დაწერილ რომანში მოქმედება 1930-იანი წლების საფრანგეთში ხდება. მთავარი გმირი თავად ავტორია, რომელიც ცდილობს საარსებო ფულის შოვნას. მილერი აღწერს სექსუალურ ურთიერთობებსაც თავის მეგობრებსა და კოლეგებთან. როგორც კი წიგნი გამოვიდა, პენსილვანიის შტატის უმაღლესმა მსაჯულმა მაიკლ მუსმანომ გამოაცხადა: „ეს წიგნი არ არის. ეს გათხრილი ორმოა, თხრილი, ლპობის კერა, ადამიანთა გარყვნილების სრული კრებული“ . ხალხი არ იყო მზად ნაწარმოებისთვის, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა უწოდა „1930-იანი წლების შუალედის უმნიშვნელოვანესი წიგნი“ .
4. კურტ ვონეგუტი, „სასაკლაო ნომერი ხუთი, ანუ ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა“ - 1969 წელს დაწერილი წიგნი ამერიკელ ჯარისკაც ბილი პილიგრიმს ეხება, რომელიც ავტორის ალტერ ეგოა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდება. აშშ-ში წიგნი აიკრძალა, რათა ბავშვების ფსიქიკა დაეცვათ წიგნის მრუმე სცენებისგან. ნაწარმოები დღემდეა იმ 100 წიგნს შორის, რომლებიც ამერიკის ბიბლიოთეკარების ასოციაციაში ფართო მასებისთვის გასაცემად შეზღუდულია. სხვათა შორის, ამავე სიაშია მარკ ტვენის, თეოდორ დრაიზერის, უილიამ ფოლკნერისა და ბევრი სხვა კლასიკოსის ნაწარმოები.
5. სალმან რუშდი, „სატანური ლექსები“ - 1988 წელს დაწერილი რომანის სიუჟეტში შეურაცხმყოფელი არაფერია: აღწერილია ინდოელი ემიგრანტის ცხოვრება თანამედროვე ინგლისში. თუმცა მუსლიმანურ საზოგადოებაში ბევრმა მწერლის ისლამისადმი დამოკიდებულება მკრეხელურად მიიჩნია. ვენესუელაში, თუ ამ წიგნის კითხვისას წაგასწრეს, 15-თვიანი პატიმრობა არ აგცდებათ. იაპონიაში კი ჯარიმაა დაწესებული ამ რომანის გაყიდვაზე.
Rating
6. სტივენ ჩობსკი, „კარგია იყო ჩუმჩუმელა“ - რომანი 1999 წელს დაიწერა, სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ გავლენით. წიგნში აღწერილია ბიჭუნას ამბავი, რომელიც ანონიმურ მეგობარს სწერს წერილებს. აღწერილია ნარკოტიკებით, სექსუალური ძალადობით სავსე თინეიჯერის ცხოვრება. სექსუალური ხასიათის ბევრი სცენის გამო წიგნი რეგულარულად ხვდება ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის იმ წიგნთა სიაში, რომელთა გაცემა შეზღუდულია ან აკრძალული.
7. ჩინუა აჩებე, „და მოვიდა განადგურება“ - წიგნი, რომელიც 1958 წელს გამოქვეყნდა, ბუკერის პრემიის მფლობელია. მასში აღწერილია ნიგერიელი სპორტსმენი ბიჭისა და ბელადის ამბავი. აღწერილია ბრიტანული კოლონიალიზმისა და ქრისტიანი მისიონერების გავლენა აფრიკის ტრადიციულ მოსახლეობაზე. აკრძალულია მალაიზიაში, კოლონიალიზმისა და მისი შედეგების კრიტიკის გამო.
8. ბრეტ ისტონ ელისი, „ამერიკელი ფსიქოპათი“ - 1991 წელს დაწერილ წიგნში აღწერილია წარმატებული ბიზნესმენისა და სერიული მკვლელის პატრიკ ბე-იტმენის ამბავი. ნებისმიერი, ვისაც ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი უნახავს, მიხვდება, რატომ აკრძალეს ის. გერმანიაში რომანი არასრულწლოვანთათვის მეტისმეტად მავნებლად მიიჩნიეს და მისი გაყიდვა შეზღუდეს. ბოლო დრომდე ასევე აკრძალული იყო კანადასა და ავსტრალიის შტატ კვინსლენდში.
9. ფრანც კაფკა, „მეტამორფოზა“ - 1915 წელი. კომივოიაჟორი გრეგორ ზამზა, რომელიც ფინანსურად ეხმარება თავის მშობლებსა და დას, ერთ დღესაც იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ გიგანტურ ხოჭოდ გადაიქცა. თანდათანობით ახლობლები ივიწყებენ გრეგორს, რომელიც ერთ დროს ოჯახის ნებიერა იყო. კაფკას ნამუშევრები აკრძალული იყო ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმის დროს, ასევე დამოუკიდებელ ჩეხოსლოვაკიაში, რადგან კაფკა უარს ამბობდა ჩეხურად წერაზე და მხოლოდ გერმანულად წერდა.
10. ვლადიმირ ნაბოკოვი, „ლოლიტა“ - 1955 წელს დაწერილ გახმაურებულ რომანში აღწერილია მამაკაცის პატარა გოგონებით გატაცების ამბავი. 12 წლის გოგონასადმი ლტოლვით შეპყრობილი კაცი დედამისზე ქორწინდება, რომ ცოდვილი ვნება შენიღბოს. მას მერე, რაც „სანდი ექსპრესის“ რედაქტორმა ნაბოკოვის რომანს უწოდა „ყველაზე ბინძური წიგნი, რომელიც კი ოდესმე წაუკითხავს“ , გამომცემლობამ ყველა ეგზემპლარი ამოიღო ტირაჟიდან მათი პორნოგრაფიული შინაარსის გამო. ფრანგებმა მეორე წელს აკრძალეს წიგნი. გასაკვირია, მაგრამ უპრობლემოდ გამოაქვეყნეს აშშ-ში.
Rating

მოამზადა ლელა ზურებიანმა
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS