16 ივნისი, 2013
სერიალი პრეზიდენტის საყვარელ ქალზე
ჯუდი სმიტი ჯორჯ ბუში-უფროსის პრესცენტრის ხელმძღვანელი გახლდათ. მან პრესტიჟული სამსახური 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა და კერძო ფირმა გახსნა, რომელიც მდიდარი და გავლენიანი ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული. ჯუდი სმიტი აცხადებდა, რომ თავად დადიოდა კლიენტებთან, მის კომპანიას კი არც ოფისი ჰქონია და არც რაიმე ინტერნეტსაიტი.
„სკანდალი“ კერი ვაშინგტონის მონაწილეობით ტელეეკრანებზე 2012 წლის 5 აპრილს გამოჩნდა. ეს გახლავთ ამერიკული დრამატული ტელესერიალი, რომელიც შონდა რაიმსმა შექმნა და შავკანიანი ლამაზმანი, კერი ვაშინგტონი დააკავა მთავარ როლზე. შეგახსენებთ, კერიმ ამას წინათ
შესანიშნავ ამერიკელ რეჟისორთან, კვენტინ ტარანტინოსთან იმუშავა და „ჯანგოში“ ერთ-ერთი პერსონაჟი განასახიერა.
კერი ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად მიიჩნევა ჰოლივუდის სამყაროში. 
სერიალის მთავარი გმირი ანტიკრიზისული სიტუაციების მენეჯერი, პიარის სპეციალისტი ოლივია პოუპია, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად მდიდარი კლიენტების ურთულეს პრობლემებს წყვეტს. მის კლიენტებს შორის ისეთი გავლენიანი ადამიანებიც არიან, რომელთაც თეთრ სახლთან პირდაპირი კავშირი აქვთ.
ოლივიას ვინაობა მათთვის საიდუმლო იმიტომ არ არის, რომ პოუპი თავის დროზე სწორედ პრეზიდენტთან მუშაობდა და მის პიარს უზრუნველყოფდა. „სკანდალის“ დასაწყისში არ ჩანს, რატომ დატოვა სამსახური მთავარმა გმირმა და რატომ ვერ იგრძნო თავი კომფორტულად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის გვერდით.
თავიდან, როდესაც პირველ სერიას უყურებ, გგონია, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან მოხერხებული და ჭკვიანი ქალბატონის ამბავი, ის ყველას უგვარებს ერთი შეხედვით მოუგვარებელ საქმეებს; თუმცა მერე და მერე, შემდეგ სერიებში, წინა პლანზე პრეზიდენტი გამოდის და ირკვევა, რომ ოლივიას მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები არ აკავშირებდა.
Rating
მეტიც, ქვეყნის პირველი პირი კვლავ არის გრძნობებით გამსჭვალული სერიალის მთავარი გმირისადმი... თუმცა ასევე ჩნდება ახალი პერსონაჟიც, ქალი, რომელიც პრეზიდენტისგან ორსულად არის. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ „სკანდალი“ არ არის მოკლებული რეალურ პროტოტიპებს, ვინაიდან სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი გახლავთ ჯუდი სმიტი და სწორედ მისი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს ეფუძნება „სკანდალის“ იდეაც.
ჯუდი სმიტი ჯორჯ ბუში-უფროსის პრესცენტრის ხელმძღვანელი გახლდათ. მან პრესტიჟული სამსახური 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა და კერძო ფირმა გახსნა, რომელიც მდიდარი და გავლენიანი ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული. ჯუდი სმიტი აცხადებდა, რომ თავად დადიოდა კლიენტებთან, მის კომპანიას კი არც ოფისი ჰქონია და არც რაიმე ინტერნეტსაიტი. მიუხედავად იმისა, რომ შოუს პროდიუსერებმა ჯუდი სმიტის ბევრი თვისება გამოიყენეს მთავარი გმირის შექმნისას, აცხადებენ, რომ სმიტის კომპანიის მიერ წარმოებული არც ერთი საქმე სერიალში არ მოხვედრილა.
„სკანდალმა“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე საკმაოდ დადებითი გამოხმაურებები მიიღო, თუმცა პირველი სეზონი მაყურებელს ფართოდ გაშლილი ხელებით არ მიუღია. სხვათა შორის, „სკანდალის“ შესაძლო დახურვაზეც კი ალაპარაკდნენ, თუმცა პროდიუსერებმა არ მოისვენეს და მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ საკმაოდ კარგ რეიტინგსაც მიაღწიეს. 2013 წლის ზამთარში მას უკვე სტაბილურად უამრავი მაყურებელი ჰყავდა, შესაბამისად გადაწყდა, რომ გამოვა „სკანდალის“ მესამე სეზონიც.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS