დოსიე
ვენსან კასელი 1966 წლის 23 ნოემბერს არის დაბადებული პარიზში, რეჟისორ ჟან-პიერ კასელის

''ჩემს დანარჩენ პერსონაჟებთან შედარებით ეს ყველაზე ნორმალურია''
- ''ტრანსში'' როზარიო დოუსონი და ჯეიმს მაკევოი გიწევენ პარტნიორობას. ისევ განგსტერს თამაშობთ, ხომ არ მოგბეზრდათ?
- ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც მიზიდავენ, დამიჯერეთ.
სამყარო არ იყოფა თეთრებად და შავებად, ჩვენ ყველანი არ ვართ იდეალურები, მაგრამ ტრადიციულად ვთვალთმაქცობთ, რომ არსებობენ კარგი და ცუდი ბიჭები. თანაც, ჩემს დანარჩენ პერსონაჟებთან შედარებით ეს ყველაზე ნორმალურია. მითამაშია გეები, მკვლელები, რუსი ბანდიტები და ხშირად, ხასიათი რომ შემექმნა, ნულიდან დაწყებაც დამჭირვებია - საკუთარი პერსონაჟის აგება ისე, რომ შინაგანად არაფერს არ დავყრდნობივარ. ''ტრანსის'' ფრენკს ჩემთვის გასაგები ბევრი რამ აქვს. მინდოდა, ის ძალიან უბრალო ყოფილიყო, ოღონდ არა იმდენად დამნაშავე, რამდენადაც ბიზნესმენი. ასეთი ვინმე თავისუფლად შეიძლება იყოს თქვენი ბიძა.
- არ ვისურვებდი იმის ცოდნას, რომ ჩემი ბიძა ადამიანს ფრჩხილებს აცლიდა...
- აააა! იმას კი არ უწამებია ის ბიჭი, უბრალოდ, გვერდით იდგა და თვითონ თითიც არ დაუკარებია.
- სცენარი რომ წაიკითხეთ, მაშინვე ბიძაზე იფიქრეთ. იმიტომ, რომ ეს სულაც არ არის ასე აშკარა...
- ჯერ ერთი, დენი ბოილის მსგავსი რეჟისორები პირველები არიან სიაში ნებისმიერი მსახიობის სასურველ რეჟისორთა შორის. და როცა ორმოცდამეათე გვერდზე თავი გამიხვრიტეს, სერიოზულად დავფიქრდი, რომ როლზე უარი მეთქვა - ასე სწრაფად! მაგრამ ყველაფერი ჩვეულებრივი ტრიუკი აღმოჩნდა და მე თვითონაც თუ მოვტყუვდი, წარმოდგენილი მაქვს, როგორ მოტყუვდებიან მაყურებლები.
''ერთმანეთს არ ვუზიარებთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს''
- თუ მსჯელობთ ცოლთან, როცა ამა თუ იმ როლს თანხმდებით?
- არა, რადგან ჩვენ განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ისე ვირჩევთ სამუშაოს, რომ ერთმანეთს რჩევებს არ ვეკითხებით. არ ვუზიარებთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს - განსხვავებული მეგობრები გვყავს, სხვადასხვანაირი ფილმი მოგვწონს. ასეთი ურთიერთობები ჯანსაღად მიმაჩნია - ჩვენ ორივეს გვაქვს საკუთარი ცხოვრება და თითოეული ჩვენგანი თავს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობს. ერთად იმიტომ კი არ ვართ, რომ საერთო ცხოვრება, მეგობრები და სამუშაო გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ერთად ყოფნა გვინდა. ამ განცდაში არაფერია ხელოვნური. როცა პირველად დავინახე მონიკა, გავიფიქრე, რომ ჩემი საყვარელი ფელინის ფილმიდან გადმოვიდა. ვერ დავიჯერე, რომ ის ნამდვილი იყო...
- კინობიზნესში დამაჯერებლად გრძნობთ თავს? თქვენ მიმართ გამუდმებით არის მომართული დიდი ყურადღება...
- რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არის, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პაპარაცები ოსტატურად გიჭერენ. მაგრამ დამალვა მაინც შეიძლება.
- ამიტომ ცხოვრობთ რიოში?
- გარკვეულწილად ასეა. დიდი ხანია იქ ვიყიდეთ სახლი, მოგვწონს ეს ქვეყანა, ენა, იქ კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
- ისე კარგად გამოიყურებით პისტოლეტით ხელში, ძნელია თქვენი წარმოდგენა ბავშვებთან ერთად...
- არადა, დამიჯერეთ, ბავშვებთან თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ.
- ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხშირად რისკავთ?
- წლებთან ერთად გარისკვის სურვილი ქრება. ახლა ბევრ რამეს უფრო იოლად ვუყურებ, ვიდრე ახალგაზრდობაში. ასაკთან ერთად უფრო თავდაჯერებული ხდები და ისე მკაცრად აღარ აფასებ თითოეულ ნაბიჯს.
- იქნებ იმიტომ ხედავენ თქვენში ბოროტმოქმედს, რომ უმრავლესობის გაგებაში ასეთი სახის მქონე ადამიანი არ შეიძლება, ეკრანზე დადებითი გმირი იყოს?
- დიახ, ასეა. კეხიანი ცხვირი, ბოროტი თვალები... მიყვარს გარეგნობის შეცვლა, ყოველთვის მიყვარდა და ახალგაზრდობაში ამაზე კარგად ვერთობოდი. მე არ ვარ ნატურალისტური სკოლის მსახიობი, ჩემთვის პროფესიის არსი ის არის, რომ შემიძლია შევიცვალო, გარდავისახო, თან ძალიან მკვეთრად. სხვაგვარ წარბებსაც კი შეუძლია ადამიანის სახის მკვეთრად შეცვლა, იცით ამის შესახებ?
ჟურნალი ''რეიტინგი''