09 ივლისი, 2014
ფრთხილად!!! - რა მისტიკურ ამბებთან არის დაკავშირებული ტატუ
ტატუირებამ ზღვაოსანთა წრეებიდან პატიმრების წრეში გადაინაცვლა დღეს ტატუირება ძალიან მოდური გახდა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს შორის. ბოლო დროს იშვიათად ნახავ დისკოთეკებზე ან სხვა გასართობ დაწესებულებებში მყოფ თინეიჯერებს შორის ისეთს, მხარზე მაინც რომ არ ჰქონდეს ერთი პატარა სვირინგი.

ჩვენ კი იმით დავინტერესდებით, რა მისტიკურ ამბებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ტატუ.

ევროპაში ტატუირების მოდა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ რეზერფორდმა შეიტანა. 1830 წელს მან ველურთა ტომის ათწლიან ტყვეობას დააღწია თავი და ლონდონში მოხატული სხეულით დაბრუნდა, რომელზეც ველური ჩიტები და ცხოველები იყო ასახული.

ბევრს სურდა საკუთარი თვალით ეხილა ''ცოცხალი ნახატი''. ჯონიც სიამოვნებით უჩვენებდა მათ საკუთარ შიშველ სხეულს - რა თქმა უნდა, საფასურის სანაცვლოდ.

მას მერე დიდი დრო გავიდა, ტატუირებამ ზღვაოსანთა წრეებიდან პატიმრების წრეში გადაინაცვლა, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, მოგვიანებით კი, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, ჰიპების მოძრაობასთან და როკმუსიკის დამკვიდრებასთან ერთად, ამ ''გასართობმა'' მთელი ახალგაზრდობა გაიტაცა.

ბევრი იხატავს სხეულს, თუმცა ხშირად არც კი იციან, რა სიმბოლო რისი აღმნიშვნელია. არადა, როგორც ტაილანდელები ამბობენ, სადაც ტატუირება იდუმალი ხელოვნებაა, სვირინგს ადამიანის ბედის შეცვლაც კი შეუძლია.

აზიურ ქვეყნებში ტატუირებების მთელი სისტემა არსებობდა. ტატუირებები მიანიშნებდა ადამიანის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე - მაგალითად, იყო ბელადთა, ოსტატთა, მონადირეთა საგანგებო ნიშნები.

პოლინეზიაში კი, სადაც ტატუირებამ განსაკუთრებით მაღალ განვითარებას მიაღწია, ნახატის ელემენტებმა მკაცრად განსაზღვრული მნიშვნელობა შეიძინეს. წარჩინებული ადამიანები, ტომის ბელადები მთელ ტანს იხატავდნენ. ყველა ნიშანი მათ რაიმე ქმედებას, გმირობას თუ ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენას ასახავდა.

საერთოდ, ტატუირებების მაგიური ძალის უძველესი დროიდან სწამდათ. სხეულზე დახატული ტოტემის ან სულის გამოსახულებით ტომის წევრები ნადირობისას ან მტერთან ბრძოლაში წარმატებას იბედებდნენ.

ადამიანის თვალთან გამოსახული პატარა ჩიტის მსგავსი ტატუირება მხედველობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა, ბავშვებს კი ხშირად ახატავდნენ წერტილებს ცხვირზე, რომ ისინი ტრავმებისგან დაეცვათ. არწივის ნიშანი განსაკუთრებულ ძალას ანიჭებდა მფლობელს, მხარზე ამოკვეთილი თევზი კი ქალებს უცხო მამაკაცთა არასასურველი ყურადღებისგან იცავდა.

მაგიური ტატუირების ამოსვირინგებას მთელი რიტუალი ახლდა თან, რომელიც მფარველი სულებისა და ცხოველების გამოძახებას ითვალისწინებდა, რათა მათი ძალა ახალი მფლობელის სხეულში გადასულიყო. ოპერაციას ე.წ. შამანი აკეთებდა, ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე, რადგან ითვლებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი მის სხეულში შემავალი სულებისა თუ ცხოველებისადმი უპატივცემულობაში ''იმხილებოდა'' და შეიძლებოდა, ტატუირებები მათი მფლობელის საწინააღმდეგოდაც კი მოქცეულიყვნენ.

ტატუირების მფლობელი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა ახალი ტატუირების მიმართ და საკუთარი ქმედებებით უნდა დაემტკიცებინა, რომ არჩეული სულების მფარველობის ღირსი იყო.

იაპონიაში დღესაც არსებობს ტატუირებების ორიგინალური მუზეუმი, რომელშიც ასამდე ექსპონატია. მუზეუმის მფლობელები ბაზრობებსა და ქუჩებში ეძებენ მთლიანად ტატუირებულ მაწანწალებს და წინასწარ ყიდულობენ მათ... კანს. შეთანხმების თანახმად, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, საკუთარი ''ტყავის'' გამყიდველი სიკვდილის შემდეგ ანდერძად უტოვებს კანს მუზეუმს. ბუნებრივია, მუზეუმის ''ექსპონატების'' რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება.

ტატუს სპეციალისტები ადამიანებს ურჩევენ, ტატუირების გაკეთებამდე ჯერ ის გაარკვიონ, რას ნიშნავს ესა თუ ის ნიშანი და რას იხატავენ სხეულზე. მერე კი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდნენ, რადგან ხშირად ტატუირების გაკეთებიდან რამდენიმე წელიწადში, ადამიანს განწყობა ეცვლება და ტატუს მოშორების სურვილიც უჩნდება, რაც არცთუ ადვილი პროცედურაა.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS