17 ივნისი, 2014
ვოლიერში გატარებული ბავშვობა – ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ხვედრი
წელს ყველაზე ცნობილ კანადელ ტყუპ დას 80 წელი შეუსრულდებოდა. ხუთი და 1934 წელს დაიბადა ღარიბი ფერმერის ოჯახში და კანადის ხელისუფლებისთვის ნამდვილ ოქროს საბადოდ იქცა.

მათი ამბავი თავიდანვე საზოგადოებრიობის საკუთრება გახდა და მუდმივი თემა მედიისთვის, მაგრამ ვერც ფულმა, ვერც დიდებამ ვერ მოუტანა მათ ბედნიერება. ეს ხუთი და ისტორიაში დარჩა, როგორც ყველაზე ცნობილი და იმავდროულად ყველაზე უბედური ტყუპი.

ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ. ხუთივე მათგანი 600 გრამს იწონიდა. ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ ერთ საათსაც ვერ გასტანდნენ,
ამიტომ სასწრაფოდ მონათლეს. მაგრამ ეს დები პირველები იყვნენ ხუთი ტყუპის შემთხვევაში, როცა ყველა გადარჩა.

მათი დაბადების საოცარი ამბავი მალე მოედო მთელ კანადას. ღარიბი ფერმერი ოლივ დიონი მანამდე ცოლსა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა ონტარიოს ფერმაში, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე.

ორსულობის დროს ელზაირ დიონი, ბავშვების დედა, ვარაუდობდა, რომ ტყუპს ელოდა, მაგრამ ამდენ ბავშვს ერთად ნამდვილად არავინ ვარაუდობდა. მან სახლში იმშობიარა და ხუთი გოგონა მოავლინა – ანეტი, მარი, ემილი, ივონი და სესილი.

ექიმს ეგონა, დედაც ვერ გაუძლებდა ასეთ რთულ მშობიარობას, მაგრამ ორ დღეში ქალიც მოკეთდა და ბავშვებიც.

პატარები მაშინვე საბანში გაახვიეს, კალათაში ჩასვეს და ღუმელთან მიიყვანეს გასათბობად. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ყოველ ორ საათში წყლის, სიმინდის სიროფის, ძროხის რძისა და რამდენიმე წვეთი რომის ნაზავს აძლევდნენ.

როცა ბავშვები 6 თვისანი გახდნენ, მამამ გადაწყვიტა, რომ ამ საოცრების შესახებ სამყაროსთვის უნდა ემცნო და ჩიკაგოში მსოფლიო გამოფენაზე მათი წაყვანა დაგეგმა. როცა ეს კანადის მთავრობამ შეიტყო, ისიც ჩაერია საქმეში, ორგანიზების პროცესში და შესაბამისად, თავადაც უნდა მოეთბო ხელი ამ ყოველივეთი. გოგონებისთვის საგანგებო პავილიონი მოაწყვეს ათი უშველებელი ფანჯრით და გალერეით, რომ ბავშვები კარგად გამოჩენილიყვნენ.

ამ პავილიონში - ჩვეულებრივ ვოლიერში, გოგონებმა გაატარეს... მთელი რვა წელი! როგორც ზოოპარკის ცხოველებს, ისე ათვალიერებდნენ მნახველები. 1943 წლამდე, სანამ პავილიონში ცხოვრობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მათი ნახვა 3 მილიონმა ადამიანმა შეძლო. მათი წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა და ტურისტების ნაკადს მუდმივად იზიდავდა.

გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობდნენ მოედანზე, რომელიც ბადით იყო შემოსაზღვრული – ამ ბადის უკან მნახველები იდგნენ. იქვე შეიძლებოდა სამახსოვრო სუვენირების ყიდვა, გოგონების ფოტოებით, გამოუშვეს თოჯინების სპეციალური კომპლექტი – ხუთი ეგზემპლარით. ]

ამ "სანახაობით" დიდძალი ფული იშოვეს გოგონების მშობლებმაც, კანადის მთავრობამაც და ჩიკაგოს საგამოფენო დარბაზმაც. არავის აღელვებდა, რომ პატარები სრულიად არაბავშვურ გარემოში, ზოოპარკის ცხოველებივით იზრდებოდნენ, სამყაროსგან იზოლირებულნი.

მათ ჰქონდათ ძვირფასი სათამაშოები, მოდური სამოსი, საუკეთესო პედიატრების ზრუნვა, მაგრამ აკლდათ მშობლებთან, და-ძმასთან და თანატოლებთან ურთიერთობის ფუფუნება.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS