XX საუკუნეში სინატრა ლეგენდარული გახდა არა მარტო მუსიკალურ სამყაროში, არამედ ამერიკული კულტურის ყველა ასპექტში. მისი გარდაცვალების შემდეგ ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა: ''ეშმაკსაც წაუღია კალენდარი. ფრენკ სინატრას სიკვდილის დღით XX საუკუნე დასრულდა''.
სინატრას სასიმღერო კარიერა ჯერ კიდევ
აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების 50 წლის განმავლობაში სინატრამ 100 უცვლელად პოპულარული დისკ-სინგლი ჩაწერა.
მუსიკალური ტრიუმფის გარდა, სინატრა წარმატებული კინომსახიობიც იყო. მისი წარმატების მწვერვალი''ოსკარის'' პრემია გახლდათ. სინატრას მიღებული აქვს''ოქროს გლობუსი'', ამერიკული კინომსახიობების გილდიის პრემიები და სხვა. ცხოვრების განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
ომის პირმშო
პირველი მსოფლიო ომის პირმშო ფრენკ ალბერტ სინატრა ქვეყანას ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში მდებარე მონრო-სტრიტზე მდგარ მრავალბინიანი სახლის მეორე სართულზე 1915 წლის 12 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. დღეს, როდესაც საომარი მოქმედებები უკვე რვა თვეს გრძელდებოდა.
ბიჭის გაჩენის დროს დედამისმა უმძიმესი რამდენიმე საათი გაატარა, მძიმე მშობიარობის მიზეზი თითქმის ექვსკილოიანი ჩვილი იყო. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი გახლდათ. პატარა ფრენკის მამა, მარტინ სინატრა, გემთსაშენში მექვაბედ მუშაობდა. ვაჟის გაჩენის შემდეგ მარტინს პრობლემები გაუჩნდა, არ ჰქონდა მუდმივი სამუშაო. ამიტომ იგი საკრივო ბრძოლებში მონაწილეობდა, სადაც ძალიან მალე პოპულარული გახდა. დედამისი დოლი ჰობოკენში დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსი ბიჭის დედა გახლდათ: პირქუშ, აქტიურ ქალს ოჯახი უყვარდა, მაგრამ დიასახლისობას სოციალურსა და პოლიტიკურ საქმეებს ამჯობინებდა. დაკავებული სამუშაო გრაფიკის გამო დოლი ვაჟს დიდი ხნით დედასთან ტოვებდა. ისინი ამერიკაში იტალიიდან იყვნენ იმიგრირებული: მარტინი სიცილიელი, დოლი ჩრდილოეთ გენუიდან იყო.
გზა დიდებისკენ
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, სინატრას ბავშვობიდან ძალიან უყვარდა სიმღერა. 13 წლის ბიჭუნა ბარებში მღეროდა და ამით ფულს შოულობდა. მოზარდობაში სინატრა ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობდა და გაზეთში მუშაობდა. როდესაც რედაქტორმა მიანიშნა, რომ საგამომცემლო საქმისთვის ცოდნა არ ჰყოფნიდა, სინატრამ სამდივნო სკოლაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. შედეგად, რეპორტიორად აიყვანეს - იგი სასპორტო რუბრიკას უძღვებოდა. სამსახურიდან თავისუფალ დროს ფრენკი რადიოშოუ ''მეიჯერ ბოუზის'' კერძო სტუმარი იყო. რადიოშოუში კვარტეტთან ერთად მღეროდა
1935 წელს ჯგუფ The Hoboken Four-თან ერთად სინატრამ ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში გაიმარჯვა და მათთან ერთად თავის პირველ ნაციონალურ ტურნეში გაემგზავრა. ამ ტურნეს შემდეგ 18 თვე ნიუ-ჯერსის მუსიკალურ რესტორანში შოუმენად მუშაობდა. სინატრას კარიერულ წარმატებას ხელი შეუწყო ცნობილ სვინგურ ჯაზორკესტრში მუშაობამ, რომლის ხელმძღვანელებიც გამოჩენილი მესაყვირე ჰარი ჯეიმსი და ტრომბონისტი ტომი დორსი იყვნენ.
1938 წელს კვარტეტი ინგლვუდ კლიფსში პირველად წავიდა საგასტროლოდ და სინატრას პირველი პროფესიონალური ჰონორარი კვირაში 25 დოლარი იყო. კვარტეტში მონაწილეობის გარდა, სინატრა კონფერანსიედ მუშაობდა და სხვადასხვა კომედიურ სცენებს წარმოადგენდა. რაღაც დროის განმავლობაში სინატრა ამ ჯგუფთან ერთად გამოდიოდა, მაგრამ უკვე 1940 წელს ტომი დორსის ორკესტრში გადავიდა, რომელთან ერთადაც ოთხმოცდაათი სიმღერა ჩაწერა. 1942 წელს მისი სოლოკარიერა შედგა. მალე ფრენკი ახალგაზრდების კერპი გახდა. 1944 წელს კოლუმბის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, დარბაზი მისი ნიჭის დამფასებლებმა შტურმით აიღეს.
1943-1952 წლებში მომღერალი სტუდია ''კოლუმბია რეკორდსთან'' თანამშრომლობდა, ერთ წელიწადში ''კაპიტოლ რეკორდსში'' გადაბარგდა. ამის შემდეგ მომღერალმა საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია დააფუძნა.
''წარსულის ადამიანი''

1939 წლის თებერვალში სინატრამ თავის პირველ ყმაწვილურ სიყვარულზე, ნენსი ბარბატოზე იქორწინა. ცოლ-ქმარს სამი შვილი შეეძინა -ნენსი სანდრა, ფრენკ-უმცროსი და კრისტინა.
1940 წელს სინატრას შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო, რომელიც ავა გარდნერთან ბობოქარ რომანს დაემთხვა. 1949 წელი მის კარიერაში ყველაზე მძიმე გამოდგა. მომღერალი რადიოდან გამოუშვეს, ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტების გამართვა ჩაეშალა. ნენსიმ გაყრაზე შეიტანა საბუთები, გარდნერთან რომანი ხმაურიან სკანდალში გადაიზარდა. თითქოს ამდენი განსაცდელი საკმარისი არ იყო,''კოლუმბია რეკორდსმა'' სტუდიურ დროზე უარი განუცხადა. მისი კონტრაქტი MGM-თან გაუქმდა. 34 წლის სინატრა ''წარსულის ადამიანი'' გახდა, მასზე წარსულ დროში ლაპარაკობდნენ, მის კარიერას დიდი წერტილი დაუსვეს.
აქტიური შემოქმედებისკენ დაბრუნება და ოსკარი
1950-იან წლებში სინატრა ლას-ვეგასში ისეთ საესტრადო ვარსკვლავებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც არიან სემ დევისი, დინ მარტინი, ჯო ბიშოპი და სხვები. მათი კომპანია ჯონ კენედის საპრეზიდენტო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას. წარმატებული იყო ქაუნთ ბეისთან ერთად საკონცერტო გამოსვლები და სტუდიური ჩანაწერები.

1951 წელს სინატრამ ავა გარდნერზე იქორწინა რომელთანაც მხოლოდ ექვსი წელი იცხოვრა. ძლიერი გაცივების შედეგად ხმაც დაკარგა. ყველა ეს უბედურება იმდენად მოულოდნელი და მტანჯველი იყო, მომღერალმა ვერ გაუძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა.
საბედნიეროდ ხმასთან დაკავშირებული პრობლემები დროებითი იყო და როდესაც იგი აღუდგა, ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტა. 1953 წელს გადაიღეს ფილმში''აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე'', რომლისთვისაც მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის''ოსკარით'' დააჯილდოვეს.
ამის შემდეგ სინატრას სხვადასხვა კინოპროექტში იწვევდნენ. 1966 წელს ლეგენდარულმა სინატრამ ცოლად მოიყვანა მსახიობი მია ფეროუ. მაშინ მომღერალი 51 წლის იყო, ცოლი - ოცდაერთის. წყვილი შემდეგ წელსვე დაშორდა ერთმანეთს.

ათი წლის შემდეგ სინატრამ მეოთხედ იქორწინა ბარბარა მაკსზე.
სცენიდან წასვლა, უკანასკნელი წლები და სიკვდილი
1971 წელს ფრენკმა განაცხადა, რომ სცენას ტოვებდა, მაგრამ იშვიათად მაინც გამართავდა კონცერტებს, რომლებიც მუსიკალური სამყაროს სენსაციად იქცა.
1980 წელს ფრენკმა ჩაწერა ერთ-ერთი თავისი შედევრი, სუპერჰიტი''ნიუ-იორკ, ნიუ-იორკი''. იგი ისტორიაში ერთადერთი მომღერალია, რომელმაც ორმოცდაათი წლის შემდეგ პოპულარობა და პუბლიკის სიყვარულის დაბრუნება შეძლო.
1988-1989 წლებში გამოსამშვიდობებელი ტურნე ჰქონდა. სინატრას მონაწილეობით უკანასკნელი კონცერტი 1994 წელს გაიმართა, მაშინ იგი 78 წლის იყო. სახელგანთქმული მომღერალი 1998 წლის 14 მაისს გულის შეტევით 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ბევერლი-ჰილზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. სინატრა დედისა და მამის გვერდით დაასაფლავეს. მისი საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა იუწყება''საუკეთესო წინ არის''.
ჟურნალი ''რეიტინგი''