''ცუდი გოგო''
34 წლის მსახიობს სახელი გაუთქვა ''დაკარგულებში'' ნათამაშებმა როლმა. მერე კი იყო ''ფორსაჟი'', ''ბოროტების სამეფო'', ''ავატარი'' და ასევე ''მაჩეტე'', რომელიც
მიშელს პირადი ცხოვრებაც აქტიური აქვს. 2000 წელს შეწყვიტა ურთიერთობა მუსლიმან ბოიფრენდთან, რელიგიური უთანხმოების გამო. ''ფორსაჟის'' გადაღებებზე ვინ დიზელთან გააბა რომანი, ჯერ კიდევ 2001 წელს. მერე ჰოლი ბერის ახლანდელ ბოიფრენდ ოლივიე მარტინესს ხვდებოდა. დღესდღეობით მის გვერდით არ არის მამაკაცი.
2005 წელს ბისექსუალმა მსახიობმა კრისტანა ლოკენმა აღიარა, რომ როდრიგესთან ჰქონდა ურთიერთობა. ამ თემაზე კომენტარისას მიშელმა გამოაცხადა, რომ არ არის ლესბოსელი, თუმცა ექსპერიმენტები ორივე სქესთან ჩაუტარებია.
მიშელს კანონთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა, დაუპატიმრებიათ მეზობელზე თავდასხმის, საგზაო წესების დარღვევის, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. ერთხელ მოტოციკლისტიც კი გაიტანა - კიდევ კარგი, დაზარალებული გადარჩა და სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა. სასჯელად მიშელი 48 საათით ჩასვეს ციხეში და საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დააკისრეს ნიუ - იორკის ორ მორგში. სამი თვე ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგანაც იკურნებოდა და შემდეგ გამოსაცდელი სამწლიანი ვადა მისცეს.
''მე და ვინ დიზელს ბევრი გვაქვს საერთო''

- როგორ მოხვდით ახალ ფილმში? მეოთხე ნაწილში თქვენი გმირი მოკლეს...
- ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ არსებობდა ლეტის დაბრუნების არგუმენტირებული საშუალება. მაგრამ ჩემი რეაქციაც ასეთივე იყო: ''კი მაგრამ, მას ხომ თავში ესროლეს!'' საიდუმლო ის არის, რომ ჩემი პერსონაჟი ძირითადად ვინ დიზელის გმირის წარმოსახვაში ცხოვრობს. თანაც, ჰოლივუდი ჰოლივუდია. თუ სასიკვდილო იარაღის გადამტანი მანქანა ალმოდებულ შენობას გაუვლის და მშვიდად ეშვება გზატკეცილზე, მაშ გოგონას გაცოცხლება რატომღაა შეუძლებელი?
- რატომ გადაწყვიტეს თქვენი მიწვევა?
- ალბათ იმ ენერგიის გამო, რომელიც არსებობს ჩემსა და ვინ დიზელს შორის. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო,
ქალაქის ქუჩებში ვართ გაზრდილი - ამას მაყურებელიც გრძნობს. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ჩნდება, შეუძლებელია მათი გაყალბება.
- ფილმში ბევრი ჩხუბია?
- ეგ კიდევ რბილად ნათქვამია! მხოლოდ ჯინა კარანოსთან გიჟური ორთაბრძოლები რად ღირს. ჩემი აზრით, ქალების ხარისხიანი ორთაბრძოლა ძალიან ლამაზია და მეტი უნდა იყოს ეკრანზე.
''მირჩევნია, გოგონები ექშენით შთავაგონო, ვიდრე კვნესით''
- კიდევ რა ჟანრში გსურთ თავის გამოცდა?

- ახლა მიზიდავს ამბები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ნახავს მთელ მსოფლიოში, და არა მაღალინტელექტუალური პროექტები, რომლებიც თითქოსდა სამყაროს შეცვლიან. ამ
გაგებით ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ჯეიმს კამერონმა, მისი მიდგომა აღსაფრთოვანებელია. ის ღრმა იდეას იღებს და ისეთ კონსისტენციამდე ''თქვეფს'', რომ ნებისმიერმა შეძლოს მისი ''გადაყლაპვა''. აი, მეც ასეთ ფორმატში მინდა მუშაობა.
- დრამატული როლები არ გიზიდავთ?
- კინოში ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მაქვს. ჩემთან არ არის ახლოს ტრაგიკული ხასიათის როლები - ასეთმა პერსონაჟებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ტკივილსა და ტანჯვაზე, რომ ისინი სერიოზულად აღიქვან. ვამჯობინებ, თავდაჯერებულობისა და ძალის მაგალითი მივცე, გოგონები ხუთწუთიანი ექშენით შთავაგონო და არა საათნახევრიანი კვნესით.
- ძნელი არ არის, გამუდმებით სუპერგმირის ამპლუაში ცხოვრება?
- 13 წლიდან ვთამაშობ და დიდი ხანია მივხვდი, თუ დამოუკიდებელი, ჭკვიანი ქალი ხარ, ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა მოგიხერხონ. წლები გახდა საჭირო, რომ მილა იოვოვიჩსა და ანჯელინა ჯოლის მიეღწიათ თავიანთი მიზნისთვის. მე აქამდე მიმართლებდა - ფილმებს ჩემი მონაწილეობით გაგრძელებები აქვს.
''16 საათი ვზივარ კომპიუტერთან''
- 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?
- დიდი ეკრანიდან წავალ და იმით დავკავდები, რის გამოც აღმოვჩნდი კინოში - დავიწყებ ბოევიკების მოფიქრებას. თუმცა ეს პროცესი ძალიან ჭიანურდება. 13 წელი დამჭირდა, რომ პირველი იდეები გასაგებად გადმომეტანა ფურცელზე.
- რა გიშლით ხელს?
- მაგალითად, ვიდეოთამაშების სიყვარული. ხანდახან 16 საათი ვზივარ კომპიუტერთან იმის ნაცვლად, რომ დიალოგები შევთხზა. მაგრამ მალე ავიყვან საკუთარ თავს ხელში. დრო მალე გადის, უკვე ვბერდები.

- მამაკაცებს ეშინიათ თქვენი ძლიერი ხასიათის?
- ვფიქრობ, მათ უფრო ჩემი ჭკუა აშინებთ. როგორც წესი, კაცებს არ მოსწონთ, თუ გოგონას აზროვნება შეუძლია. რეაქცია სავსებით სტანდარტულია: ''არა, ამას ვერ გავუმკლავდები. ჯობს პაემანზე აი, ის, უფრო მარტივი გოგო დავპატიჟო''.
- დედობა გინდათ?
- ვფიქრობ ამაზე, წლები კი მიდის.
- რა არის პრობლემა?
- მხოლოდ ჩემში არა! არც ერთ თაობას არ განუცდია ის, რაც ადამიანებს ახლა სჭირთ. ყველაფერი მეტისმეტად სწრაფად იცვლება და არავის არ აქვს წარმოდგენა იმაზე, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შინაგანი ხმა თითქოს ჩამძახის: ''ყველაფერი ისე უცნაურია, უნდა მოიცადო, სანამ გახდება გასაგები, შეიძლება თუ არა შვილების გაჩენა ამ სამყაროში''.
- რის გეშინიათ?
- საკმარისია იმაზე ვიფიქრო, რომ პლანეტაზე ხუთი ადამიანი წყვეტს, როგორ იცხოვრონ დანარჩენებმა, მართლა გვარიანად მეშინია.
ჟურნალი ''რეიტინგი''