მაისი რამოსის თვე გამოდგა - ''სამეფო კლუბისა'' და ესპანეთის ნაკრების მცველმა არანაკლებ მნიშვნელოვანი
რამოსი ''რეალში'' 2005 წლიდან თამაშობს, როცა ''სამეფო კლუბმა'' ის 27 მილიონ ევროდ ''სევილიასგან'' იყიდა. ზუსტად სამი წლის წინ რამოსმა 2017 წლამდე გააგრძელა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი, ხელფასის სახით კი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს იღებს. პროფესიული კარიერის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 450-მდე მატჩი გამართა. არის ევროპის ჩემპიონი 19-წლამდელებს შორის, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიო (2010) და ევროპის ორგზის (2008 და 2012) ჩემპიონია.
მადრიდის ''რეალის'' შემადგენლობაში სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოგებული აქვს ქვეყნის თასი და სუპერთასი, რამდენიმე დღის წინ კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა!
''ატლეტიკოს'' კარში გატანილი ბურთის შემდეგ ვის გაუგზავნა სერხიომ ჰაეროვანი კოცნა? რა თქმა უნდა, სატრფოს - ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობ პილარ რუბიოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ და ერთ შვილზე გაჩერებასაც არ აპირებენ, რამოსი და რუბიო დაქორწინებაზე ჯერ არ ფიქრობენ - ამის დრო სად გვაქვსო...
სიმპათიურ ფეხბურთელს ცნობილ ლამაზმანებთან მანამდეც არაერთი რომანი ჰქონია, თუმცა პილარის შემთხვევა გაცილებით სერიოზულია და ამაზე ახალშობილიც მეტყველებს. სხვათა შორის, ახალდაბადებულ ბიჭუნას მამის პატივსაცემად სერხიო უწოდეს: ''მე და ჩემს ცოლს გვსურს, სიხარულით გაცნობოთ, რომ ქვეყანას სერხიო რამოს რუბიო მოევლინა! ბიჭუნა ფიზიოლოგიური გზით დაიბადა, დედა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობს'', - დაწერა სერხიომ ''ტვიტერის'' პერსონალურ გვერდზე.
პილარი რვა წლით უფროსია სერხიოზე. წყვილმა ერთმანეთი ''ევრო-2012''-ზე ესპანელების გაჩემპიონების აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე გაიცნო და თითქმის ორი წელიწადია, ერთად ცხოვრობენ. სერხიო და პილარი ურთიერთობის საქვეყნოდ აფიშირებას კარგა ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ, საცოლის ''ოფიციალური წარდგენა'' კი რამოსმა 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალისას მოაწყო...
რაც შეეხება სერხიო რამოსის ყოფილ სატრფოებს, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ სხვებზე ცნობილ და სექსუალურ რამდენიმე გოგონას ორიოდ სიტყვით მაინც გავიხსენებთ. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ლარა ალვარესს ფეხბურთელი პილარ რუბიოს გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე დაშორდა. როგორც ამბობენ, ლარამ და სერხიომ ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს - გოგონა თავად მივიდა ფეხბურთელთან და მაისური სთხოვა. პოპულარული ახალგაზრდები რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ - პირველად მაშინ იჩხუბეს, როცა გოგონამ სამსახურისთვის თავის დანებება იუარა, მეორედ - რამოსის ეჭვიანობის გამო და ა.შ.
ლარა ალვარესამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, სერხიო არანაკლებ ცნობილ ტელეწამყვანს - ამაია სალამანკას ხვდებოდა. მადრიდელმა ლამაზმანმა განსაკუთრებული პოპულარობა ტელეშოუების წამყვანის რანგში მოიპოვა. საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა რამოსისა და კრიშტიანუ რონალდოს ყოფილი გოგონას ნერეიდა გალიარდოს ურთიერთობა, თუმცა, ნერეიდა ისეთი სექსუალურია, ჩამონათვალს მიღმა ნამდვილად ვერ დავტოვებდით.
2006-2007 წლებში მადრიდში ახალგადაბარგებული ფეხბურთელი ''მის ესპანეთი-2006''-ს, ელიზაბეტ რეიესს ხვდებოდა.
სილამაზის კონკურსის შემდეგ რეიესი ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუსა და სარეკლამო რგოლში, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''.
კიდევ უფრო ადრე სერხიო რამოსს რომანები ჰქონდა კაროლინა მარტინესსა და ნანი გაიტანთან. ეს უკანასკნელი 1999 წელს ''მის კორდობა'' გახდა, მოგვიანებით კი მოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის როლები შეითავსა...
ჟურნალი ''რეიტინგი''