31 მაისი, 2013
ლეტიცია კასტა : „ნამდვილი კინომანი ვარ“
 მიყვარს წვეულებების ორგანიზება და მეგობრების შეკრება დიდ ოჯახურ სადილებზე. ვგიჟდები მომზადებაზე, შემიძლია, კულინარიული წიგნით ხელში ჩამეძინოს კიდეც - მენიუს ვგეგმავ. ხოლო მოსადუნებლად აბაზანას
ფრანგი მოდელისა და მსახიობისთვის, ლეტიცია კასტასთვის, ბოლო პროექტები „სიყვარულის ამბავი“ და „ცოდვილი ვნება“ იყო. ამ უკანასკნელში რიჩარდ გირს გაუწია პარტნიორობა. მანამდე, 2010 წელს, სერჟ გინსბურგის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში ბრიჯიტ ბარდოს როლი ითამაშა. ლეტიცია კვლავ აქტიურად მუშაობს და გულახდილ ინტერვიუებზეც არ ამბობს უარს.

დოსიე
1978 წლის 11 მაისს დაიბადა საფრანგეთში. 15 წლისამ
მიიღო მიწვევა სამოდელო სააგენტოდან და სულ მალე წარმატებული მოდელი გახდა. 18 წლისა “ვიქტორიას სიქრეთის“ წამყვანი მოდელი გახდა. 1999 წელს პირველად ითამაშა ფილმში “ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ“.
2000 წელს საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს მარიანას პროტოტიპად აირჩიეს. ერთ წელიწადში პირველი ქალიშვილი გააჩინა ფრანგი ფოტოგრაფ სტეფანო სედნუისგან. შემდეგ იტალიელ მსახიობ სტეფანო აკორსისთან დაიწყო ცხოვრება. დღესაც მის გვერდით არის და მისგან ქალ-ვაჟიც ეყოლა.

“ვგიჟდები კერძების მომზადებაზე“

- როგორ ინარჩუნებთ ასეთ შესანიშნავ ფორმას?
- ვერ მიწოდებთ სპორტულ ადამიანს, მაგრამ დილაობით დავრბივარ და თითქმის მთელი დღე ვცურავ. კვირაში რამდენჯერმე პილატესითაც ვარ დაკავებული. შესანიშნავი ინსტრუქტორი მყავს, უკვე მრავალი წელია.
- დიეტას თუ იცავთ?
- ვცდილობ სწორად ვიკვებო: დიდ ყურადღებას ვაქცევ პროდუქტების წარმომავლობასა და ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ იყოს საღი და სასარგებლო, მაგრამ არა აუცილებლად ორგანული. მაგალითად, საუზმედ ხილს მივირთმევ, სოიის იოგურტს, მსხვილ-მარცვლოვან პურს და აუცილებლად ვსვამ ერთ ჭიქა თბილ წყალს ლიმონით.
- როცა თავისუფალი ხართ, როგორ ისვენებთ?
- ოჯახთან ვატარებ დროს. ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან და მათთან ერთად თითოეული მომენტით ვტკბები. მიყვარს წვეულებების ორგანიზება და მეგობრების შეკრება დიდ ოჯახურ სადილებზე. ვგიჟდები მომზადებაზე, შემიძლია, კულინარიული წიგნით ხელში ჩამეძინოს კიდეც - მენიუს ვგეგმავ. ხოლო მოსადუნებლად აბაზანას არომატულ ზეთებს ვამატებ და პარფიუმერიულ სანთლებს ვანთებ.

“ყველაფრის კურსში უნდა იყო, რაც მსოფლიოში ხდება“

- საყვარელი წიგნები რომლებია?
- ასეთი ბევრია. ბოლო დროს ძალიან მომეწონა იაპონელი მწერლის იასუნარი კავაბატას ნაწარმოებები. იმ წიგნების მთელი სია მაქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა. პირველი რიგში, რეჟი ჟოფრეს “შეშლილების თავშესაფარი“. გარდა ამისა, ვსწავლობ წიგნებს ეკონომიკაზე, სხვადასხვა გაზეთსა და სტატიებს.
ყველაფრის კურსში უნდა იყო, რაც მსოფლიოში ხდება.
- საყვარელი ფილმები?
- ისინი მეტია, ვიდრე წიგნები. ნამდვილი კინომანი ვარ. ყოველ საღამოს მინიმუმ ერთ ფილმს ვუყურებ. იმხელა კოლექცია მაქვს, კარადას ვერ ვხურავ. მომწონს იტალიური კინო- ანტონიონი, ფელინი... კიდევ ბერგმანი. და რასაკვირველია, ესპანური და ამერიკული.
- ძალიან წარმატებული მოდელი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ კინოში უნდა გეცადათ თავი?
- უცნაურად გაიჟღერებს, მაგრამ ძალიან მორცხვი ვარ. სამსახიობო საქმე კი გახსნაში გეხმარება. მოდელად მუშაობაც უწყობს ამას ხელს, გადაღებებზე სხვადასხვა სამოსის მორგებისას ყოველთვის ახალ სახეს ვიგონებ. მაგრამ ეკრანზე გაცილებით მეტი შესაძლებლობაა.
- შთამბეჭდავი ფილმოგრაფია გაქვთ. რომელი იყო ყველაზე რთული როლი?
- თითოეული გარდასახვა მოითხოვდა დროს, მომზადებასა და გარკვეულ ძალისხმევას. მაგრამ ყველაზე რთული იყო როლი სურათში “სიყვარულის ამბავი“, რომელიც ამ წლის დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე. ვთამაშობდი ქალს, რომელიც მდიდარ კაცს ხვდებოდა. ის კაცის ძალაუფლებით არის მოხიბლული, კაცი კი მას ნივთივით ექცევა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფილმი სადომაზოხიზმზეა, მაგრამ ასე არ არის. ბევრი სიყვარულის ამბავია ხოლმე საშინელი, მაგრამ მაინც სიყვარულის ამბავია.
- სამი შვილის დედას რამდენად გიიოლდებათ გადაწყვეტილების მიღება, რომ ითამაშოთ სასტიკ და გულახდილ სცენებში?
- მე არ ვიზიარებ იმ აზრს, თითქოს დედობა ქალს გარკვეულ საზღვრებს უწესებს. ვერ ვიტან ასეთ გამონათქვამებს: “შვილების გამო უარი ვთქვი ცხოვრებისეულ სიამეებზე: მოგზაურობაზე, საყვარელ საქმეზე, ურთიერთობებზე“. რა თქმა უნდა, დედობამ გარკვეული პასუხისმგებლობა გამიჩინა, რაღაცების მეშინია კიდეც. მაგალითად, ადრე არ მეშინოდა თვითმფრინავების. ახლა კი სულ ვფიქრობ: რა მოუვათ ბავშვებს, თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს და დედა მოუკვდეთ? ცხოვრება გაცილებით უფრო სათუთი და ფასეული აღმოჩნდა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS