1988 წლის 12 ივლისს თბილისში დაიბადა. აქვე მიიღო უმაღლესი განათლება, იურისტის სპეციალობით. 2008 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლიტვაში,
მრავალჯერ იყო მიწვეული სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში, რომლებიც მისთვის გამარჯვებით ან საპრიზო ადგილზე გასვლით სრულდებოდა: 2009 წელს სატელევიზიო პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებული გახდა; 2009 წელს სატელევიზიო პროექტში ''ვარსკვლავური დუეტები'' მე-3 საპრიზო ადგილზე გავიდა; 2013 წელს იყო მიწვეული ლიტვის ნაციონალური ტელევიზიის მუსიკალურ პროექტში ''ოქროს ხმა'' , სადაც 3 ადგილზე გავიდა.
2011 წელს შექმნა საკუთარი პროექტი ლიტვის ჯაზმუსიკოსებთან ერთად. ძველი ქართული სიმღერები ახალ, ეთნოჯაზის სტილში წარმოადგინა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ლიტვაში და არა მხოლოდ. ბენდთან ერთად ჰქონდა რამდენიმე საკონცერტო ტური. 2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა შორენას პირველი ალბომი Music from my heart, რომლითაც სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალზეა მიწვეული.
პარალელურად 2012 წლიდან არის ლიტვური მიუზიკლ PRANASASის სოლისტი.
აქტიურად გახლავთ ჩაბმული საქველმოქმედო კონცერტებში, რისთვისაც ლიტვის პრეზიდენტმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
- შორენა, ტელევიზიასა და მაყურებელთან შენი პირველი შეხებიდან დავიწყოთ. მახსოვს, რომ ''რუსთავი-2''-ზე პროექტ ''უკანასკნელ გმირში'' მონაწილეობდი. გაიხსენე ის პერიოდი.
- "უკანასკნელი გმირი" არის პროექტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ძალიან დიდი სიყვარულით გავიხსენებ. არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს იქ გადახდენილ სირთულეებსა და დაკლებულ კი-ლოგრამებზე, გარდა ამისა ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდა ჩემს თავს კადრს მიღმა. პირველ რიგში, დღემდე გამომყვა საოცარი თვისება, რომელიც ზუსტად ამ პროექტში ყოფნის დროს გამოვიმუშავე - ადამიანის მოსმენა ბოლომდე მაშინ, როცა ძნელი მოსასმენია და გაჩუმება, როცა ეს თუნდაც ძალიან რთულია და რასაკვირველია, პროექტში შევიძინე მეგობრები - პროექტის გამარჯვებული თამარი და მისი მეუღლე გიორგი, რომელიც ასევე პროექტის მონაწილე იყო.
- რისკის მოყვარული ადამიანი ჩანხარ, ალბათ უცხოეთში საცხოვრებლად დარჩენაც ამის დასტურია, თუმცა შენს შემთხვევაში რისკმა გაამართლა. რას იტყვი ამაზე?
- პროექტში მონაწილეობას რისკს ვერ დავარქმევ, ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. ამას უფრო ცნობისმოყვარეობა ერქვა ალბათ, ვიდრე რისკი, უბრალოდ მაინტერესებდა, 18 წლის ვიყავი. იგივე შემიძლია ვთქვა ლიტვაში წასვლაზეც, ისევ ცნობისმოყვარეობამ ითამაშა დიდი როლი. რაც შეეხება დარჩენას, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უკვე შედარებით გააზრებულ ასაკში მივიღე და თუ შეიძლება, ამას რისკი დაერქვას, მაშინ, კი ბატონო, რისკმა 100%-ით გაამართლა!
- ლიტვაში ეთნოჯაზს ასრულებ, თუმცა მანამდე უფრო პოპის სტილის რეპერტუარით ჩანდი. როდის დაიწყე სიმღერა და როგორ მიხვედი ჯაზამდე?
- უკვე 4 წელია, საკმაოდ წარმატებულ პროექტს ვახორციელებთ ლიტვის საუკეთესო ჟაზმუსიკოსებთან ერთად. ძველი ქართული სიმღერები ახალ სტილშია გაკეთებული არანჟირებით. რატომ ქართული სიმღერები? იმიტომ, რომ ჩემია, ჩემი სისხლი და ხორცია, არც ერთ ენაზე არ ვგრძნობ სიმღერის დროს თავს ისე ძლიერად, როგორც ქართული სიმღერის დროს! ყველა სიმღერის ისტორია, წარმოშობა, დაბადება, ყველაფერი ვიცი. გააზრებულად და გაცნობიერებულად ვმღერი, სიმღერის დროს ვყვები ჩვენს ისტორიას, ყველა სიმღერა ხომ ცალკე ამბავია, თან არა დღეს ვიღაცის ჩქარი ხელით "მოჯღაბნილი", ძველ ქართულ სიმღერებში უზარმაზარი ენერგეტიკა და ძალაა, მე მაქვს ამის გადმოცემის საშუალება და ეს დიდი ბედნიერებაა. ეს პროექტი ძალიან წარმატებულია ლიტვაში, გამოვუშვით ჩვენი პირველი ალბომი. ამჟამად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრომოუტერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ პროგრამის პრომოუშენზე.U
თავიდან ძალები მართლაც პოპში მოვსინჯე, თუმცა თავი დიდად კომფორტულად არ მიგრძნია, ეს ალბათ უკვე ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. მაგრამ რაღაცით უნდა დაიწყო ძიება, ზოგს უმართლებს და მაშინვე პოულობს თავს, თუმცა მე უფრო დიდი გზა გავიარე - სატელევიზიო მუსიკალური პროექტები, რომლებითაც დავიწყე და საერთოდ მოვხვდი ამ სფეროში, გავიცანი უნიჭიერესი მსოფლიო დონის ინსტრუმენტალისტები, ბევრი ვნახე, მოვისმინე. შეიძლება, ჩემთვის საჭიროც იყო ამ გზის გავლა, სხვანაირად ამდენი ინფორმაცია არ დამიგროვდებოდა და არც მუსიკალური აზროვნება განმივითარდებოდა. დღეს ზუსტად ვიცი, რომ არ ვარ პოპმომღერალი.
- სიმღერის გარდა, ცეკვითაც ხარ დაკავებული და ლიტვაში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გამარჯვებულიც გახდი...
- ცეკვა ჩემი ცხოვრებაა!.. ერთ დღეს ვიღაცამ ცეკვა რომ აკრძალოს, იმ დღესვე უნდა დავიმარხო (იცინის). სულ ვცეკვავ, არ აქვს მნიშვნელობა ვჭამ, ვსვამ, საჭესთან ვზივარ, მძინავს. ახლაც ინტერვიუს ვწერ და შემდეგ კითხვაზე გადასვლის შუალედებში ვცეკვავ... თუმცა პროფესიონალი მოცეკვავე არ ვარ. ბევრი წელი ვიცეკვე ქართული ხალხური ცეკვები და ამან საოცარი რიტმის შეგრძნება და კოორდინაცია შემძინა. ალბათ ამიტომაც დიდხანს არ მიფიქრია, როდესაც 2009 წელს მივიღე შემოთავაზება ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობაზე, რომელშიც გავიმარჯვე კიდეც.
- როგორია ლიტვაში ცხოვრება? ხომ არ გაგიჭირდა?
- ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას ლიტველი ჟურნალისტებიც და პასუხი თითქმის უკვე ავტომატურია - კარგად რომ არ ვგრძნობდე თავს, არ მომწონდეს და არ ვიყო აქ ცხოვრებით ბედნიერი, არც ვიქნებოდი ამდენ ხანს. უკვე 6 წელია აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე აქ ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ვისწავლე ენა, მყავს საოცარი სამეგობრო წრე, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, მაქვს კონცერტები, ვმღერი მიუზიკლში, შიგადაშიგ მაქვს საინ-ტერესო გადაღებები ფილმებში, საინტერესო პროექტებში, მოკლედ, ვცხოვრობ ისე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. გარდა ამისა, აქ შევქმენი ოჯახი (შორენას მეუღლე ლიტველი მსახიობი აუდრას ბრუჟასია - ავტ.), ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლიტვა ჩემი მეორე სახლია და სახლში ხომ ყოველთვის კარგია ყოფნა!
- თუ ადევნებ თვალს ქართულ შოუბიზნესს, სატელევიზიო პროექტებს?
- ქართულ შოუბიზნესს არ ვადევნებ თვალს, თუმცა რაღაც პროექტებზე წარმოდგენა მაქვს, ვიდეოები მაქვს ნანახი. მომწონს და მიხარია, რომ არ ჩამოვრჩებით არც ერთ ქვეყანას, საქართველოშიც გვაქვს მსოფლიო დონის პროექტები.
- თუ ხედავ საკუთარ თავს რომელიმე ქართულ შოუში, თუნდაც ჟიურის წევრად... ბოლო დროს აქტუალური გახდა უცხოეთიდან წარმატებული ქართველების ჩამოყვანა - თამთა გოდუაძე, თეონა კონტრიძე, ნიკა ცისკარიძე და სხვები რამდენიმე პროექტის ჟიურიში ვიხილეთ.
- ეს შეკითხვა ალბათ გადაცემების პროდიუსერებს უნდა დაუსვათ, მე არ ვფლობ მათი სტრატეგიისა და რეიტინგების განსაზღვრის ინფორმაციას. სიმართლე გითხრათ, ჩამონათვალიდან არც ერთი ადამიანი არ მეცნო და მათი მონაწილეობით არც ერთი პროექტი არ მაქვს ნანახი, თუმცა მახსოვს სოფო ნიჟარაძე, რომელიც ძალიან მომწონდა.
ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანის ცოდნა, ინტერესი, მსოფლმხედველობა აბსოლუტურად იცვლება, როცა ის რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში ცხოვრობს. ბუნებრივია, საქართველოში ცხოვრება ადამიანებისთვის არ ქმნის დაბრკოლებას, რომ ეს თვისებები განავითაროს, უბრალოდ ბევრად რთულია, თავისუფლად და მარტივად გადაადგილების დაბრკოლების გამო. ევროპაში ცხოვრება ძალიან მოსახერხებელია, როდესაც გინდა გაიგო, ნახო რაც შეიძლება მეტი და საკმაოდ მოკლე პერიოდში. უამრავი საინტერესო სემინარი, მასტერკლასი, კონცერტი, სპექტაკლი, კონფერენცია, ყველაფერი ძალიან მარტივად მისაწვდომია, თუ ამაში ფინანსებიც გიწყობს ხელს. რაც მთავარია, არ გჭირდება თვეობით საელჩოს რიგში დროის დაკარგვა. ამიტომ ვამბობ, ის ადამიანები, რომლებმაც დიდი ხანი იცხოვრეს საქართველოს საზღვრებს გარეთ, თბილისში წარმოდგენილ სხვადასხვა საკონკურსო ნომერს უფრო სხვა თვალითა და ცოდნით შეხედავენ, და ეს ძალიან საღი და კარგია ზოგადად კულტურის დონის ასაწევად. ჩემს თავსაც ვხედავ, რა თქმა უნდა, რატომაც არა, საინტერესო პროექტში, საინტერესო გუნდთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ საქართველოში.
- საქართველოში სათანადოდ არ გიცნობენ. რას ფიქრობ, პოპულარობა რომ საქართველოშიც მოიპოვო?
- პოპულარობას არასდროს ვეძებდი და არც მომიპოვებია. ვაკეთებდი და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, რასაც ვსწავლობ, რაც მაინტერესებს და რითაც ვსუნთქავ. როდესაც შენს საქმეს დიდი სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით უდგები, მაშინ პოპულარობა თავისით მოდის. Mმე ჩემს პროფესიაში, კარიერაში, ჩემი მუსიკის ჟანრში მინდა ვიყო ცნობილი, მაგრამ პოპულარობა პოპულარობისთვის არასდროს მაინტერესებდა. არ დავდივარ არანაირ წვეულებებზე ჟურნალის ყდაზე მოსახვედრად, ან გადაცემებში პირადი ცხოვრების მოსაყოლად. ყოველთვის ვიცი ჩემი ადგილი, მიზანი და ჩემი დროის ფასი. საქართველოშიც ალბათ ჩამოვალ ბენდთან ერთად და გავმართავთ კონცერტს.
- თუ კონტაქტობ ლიტვაში ქართველებთან? საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრება?
- აქ მყავს რამდენიმე ქართველი მეგობარი, თუმცა ხშირად ნამდვილად არ ვხვდებით ერთმანეთს, ყველანი ძალიან დაკავებულები ვართ. რა თქმა უნდა, მენატრებიან ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი, თბილისი, ვგიჟდები თბილისურ მეტიჩრობებზე და ტრიპაჩობებზე, აქვს ამას თავისი ხიბლი, როცა ცოტა ხნით ბრუნდები (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ვგიჟდები საქართველოში მოგზაურობაზე, სვანეთზე, ზღვაზე, ბარზე. როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ყოველთვის ჩამოვდივარ. ახლა ცხელი ზაფხული მელოდება წინ. მაისის ბოლოს დამთავრდება თეატრის, კონცერტების სეზონი და მაშინვე გამოვეშურები ჩემს საყვარელ საქართველოში.
ლელა ზურებიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''