ამჟამად, 28 წლის უკრაინელი ლამაზმანის მთავარი გატაცება ავტოსპორტს უკავშირდება. რაც მთავარია, ტუშკანოვა მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით არ გამოირჩევა და არაერთი პრიზითაც შეუძლია თავის მოწონება. პროფესიულ ასპარეზობებში 2008 წლიდან მონაწილეობს, 2006 წელს კი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო
- ინესა, ავტოსპორტში როგორ მოხვდით?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ სრულიად შემთხვევით: მე და ჩემი დაქალი რალის საყურებლად დაგვპატიჟეს და... მოგვიანებით სწორედ ის მეგობარი იქცა ჩემს პირველ შტურმანად... სხვათა შორის, სხვადასხვა სახის ტექნიკა ბავშვობიდან მიყვარდა, ველოსიპედთან კი, ფაქტობრივად, შეზრდილი ვიყავი (იცინის). მოგვიანებით სერიოზულად დავინტერესდი საცხენოსნო სპორტით, თუმცა მერე ცხენი მომიკვდა და...
- და სპორტული ავტომანქანის საჭესთან აღმოჩნდით...
- როცა იმავე მეგობარმა შეჯიბრებაში მონაწილეობა შემომთავაზა, თავდაპირველად ვიუარე, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ რალიში უკრაინის პირველობაზე ვიასპარეზე და პრიზიც კი მივიღე! იმ დღიდან ცხოვრებაში ახალი მიზანი გამიჩნდა – რალის პილოტი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც! მინდა, ლიდერი ვიყო, გავიმარჯვო და სპორტში კვალი დავტოვო!
- რას საქმიანობდით მანამდე, სანამ პროფესიონალი პილოტი გახდებოდით?
- 17 წლის ვიყავი, როცა ერთ- ერთ იაპონურ სამოდელო სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. მას შემდეგ ფოტომოდელად ვმუშაობდი ჟურნალებთან, ფოტოსტუდიებთან და ა.შ.
- და მოდელობა რატომ გადაიფიქრეთ? ეს ხომ გაცილებით იოლია, ვიდრე საბურავების შეცვლა და ძრავში ''ქექვა''?!
- იცით, მოდელობა საკმაოდ უმადური საქმეა. მოდელად მუშაობისას, ფაქტობრივად, აღარ გეკუთვნის საკუთარი სხეული, ღირსებაზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი! მით უმეტეს, თუ გსურს, პოპულარული და მოთხოვნადი ფოტომოდელი გახდე, კასტინგების ძალიან რთული და უსიამოვნო გზა უნდა განვლო. ლაპარაკია ასობით საათზე, რომლებიც, შესაძლოა, აბსოლუტურად ფუჭად დახარჯე. და ეს იმისთვის, რომ პოდიუმზე ან რომელიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვდე. ანდა, საერთოდაც ვერსად მოხვდე, ლოდინში კი წლები დაკარგო... სხვათა შორის, რაც უნდა უცნაური იყოს, ავტოსპორტის წყალობით მოდელის კარიერაც გავაგრძელე: შეჯიბრებებში მონაწილეობის პარალელურად, ვპოზირებ როგორც ავტოსპორტთან დაკავშირებული კომპანიებისთვის, ისე Pლაყბოყ- ის, Mახიმ- ის და სხვა პოპულარული ჟურნალებისთვის.
- პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით: როგორია ინესა ტუშკანოვა ავტოდრომსა და პოდიუმს მიღმა?
- ამჟამად მოსკოვში ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე ავტომრბოლელია. წინათ სხვაგვარი ხასიათი მქონდა - გაცილებით მეგობრული და კომუნიკაბელური ვიყავი. წლების მატებასთან ერთად კი ინტერესები შემეცვალა... ძალიან შემიყვარდა შინ ყოფნა - სამზარეულოში ფუსფუსი, ქსოვა, კითხვა. სპორტსაც აქტიურად მივდევ - დავრბივარ, იოგაში ვვარჯიშობ... გარდა ამისა, დიდ დროს ვუთმობ რბოლებისთვის მზადებას, თავად ვეძებ პარტნიორებს და სპონსორებს. გული მწყდება, რომ მგზავრობას ბევრი დრო მიაქვს - დროის უმეტეს ნაწილს თვითმფრინავში ვატარებ...
- ყოველდღიურად რა ავტომანქანით გადაადგილდება ყველაზე სექსუალური ქალი- პილოტი?
- ამჟამად,ბეემვე X6 მყავს...
- დაბოლოს, როგორია ინესა ტუშკანოვას ერთი დღე? მაგალითად, რა გააკეთეთ დღეს, სანამ ინტერვიუზე მოხვიდოდით?
- დილით ჩემი შინაური ცხოველები დავაპურე. მერე მოტოციკლი გავყიდე, ვალები რომ გამესტუმრებინა (იცინის), აღებული ფულით ბანკში გავიქეცი. პარალელურად, ხუთასამდე ადამიანი დავიმატე ''ინსტაგრამში'' და ა.შ. დღე კი ისევე დასრულდება, როგორც დაიწყო - ცხოველებს ვაჭმევ, მერე კი მეუღლეს დაველოდები...
ჟურნალი ''რეიტინგი''