სოფიამ თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო. მას მერე, რაც შვილი გაუჩნდა და ქმარს გაეყარა, 20 წლის კოლუმბიელ გოგონას საარსებო ფულიც არ ჰქონდა. პირველი წარმატება ''პეპსის'' რეკლამამ მოუტანა.
სოფიამ Women’s Health-ს ინტერვიუც მისცა და განსაკუთრებულად გულახდილი იყო: ''ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ თავს სექსუალურად გრძნობენ მას მერე, რაც გაიღვიძებენ. მე კი საკუთარი თავი ყველაზე მეტად მაშინ მომწონს, როცა შხაპს მივიღებ, თმას დავივარცხნი და მაკიაჟსაც გავიკეთებ''.
აღმოჩნდა, რომ ლათინოამერიკულმა აღზრდამ სოფიას ასწავლა, საპირისპირო სქესისთვის აუცილებლად ყოველთვის მომხიბვლელი და მიმზიდველი იყოს: ''ჩვენს კულტურაში მიღებულია ისე ჩაცმა, რომ მამაკაცებს ან ქმრებს მოეწონოთ და არა მეგობარ გოგონებს. ჩვენ, ლათინოამერიკელები, მამაკაცების მოსახიბლად ვიმოსებით.
მოვკვდები და არ ჩავიცვამ ''ბოიფრენდის'' მოდელის ჯინსებს (ანუ დახეულს და ცოტა ჩაჩაჩულს - მთარგმ.), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა, იდეალური იყო და უზადოდ ბრტყელი მუცელი გქონდეს. არც შინ ულიფოდ, უფორმო მკერდის ქანაობით სიარულს მივესალმები. ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს''.
მსახიობი საკმაოდ თავდაჯერებულიც არის და შესანიშნავად ესმის, რომ კარგი გარეგნობა აქვს: ''აი, რას გეტყვით. მე ყოველთვის მაქებდნენ მკერდის გამო, თუმცა ეს მაცოფებს. მე ხომ უკანალიც მშვენიერი მაქვს''.
სოფიას სილამაზის შემფასებელი რა ხანია, გვერდით ჰყავს. ის ბიზნესმენ ნიკ ლოებს ხვდება, რომელსაც მის შვილ მანოლოსთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
კინოს გარდა, მსახიობი და მოდელი სხვა ვარსკვლავების მსგავსად, სამოსის შექმნით არის დაკავებული. საკუთარ სამშობლოში, კოლუმბიაში შექმნა მოდის სახლი და ათასამდე თა-ნამემამულე დაასაქმა.
საზოგადოებრივი საქმიანობის გამო კოლუმბიაში ''წლის ქალადაც'' აღიარეს. 2002 წელს პირველი კოლუმბიელი ქალი გახდა, რომელმაც მიიღო წოდება ''იმედის ქალები'' და სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდა ქალებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
სოფია აქტიურად თამაშობს კინოში. სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს ფილმში ''ჟიგოლოს ნიღბის ქვეშ'', რომელშიც რამდენიმე გულახდილ სცენაში მონაწილეობაც მოუხდა. ამბობს, რომ ამ სცენის თამაში გაუჭირდა. ''მსგავსი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია'', - აღიარა სოფიამ. მას ნამდვილი ვნება უნდა გაეთამაშებინა ფილმის მთავარ გმირებს - ჟიგოლო ჯონ ტურტუროსა და დოქტორ პარკერს შორის, რომელსაც შერონ სტოუნი ასახიერებს.
პარტნიორებმა სოფია წააქეზეს და დაეხმარნენ კომპლექსის დაძლევაში: ''როცა გადასაღებ მოედანზე მივედი, შერონი ჩემ მიმართ ძალიან გულისხმიერი იყო. საყვარელი ქალია. მიხვდა, რომ ვნერვიულობდი და მითხრა: ''მომყევი მე, ეს არაერთხელ გამიკეთებია. გამხიარულდები. მთავარია, უბრალოდ მოეშვა''.