გთავაზობთ ინტერვიუს მაურო იკარდისთან, რომელსაც არგენტინელი ლამაზმანისა და სპორტული ავტომანქანების გარდა, შოპინგი, დაივინგი და შემწვარი ხორცი ჰყვარებია...
- 21 წლის ასაკში უკვე რამდენიმე კლუბი გამოიცვალეთ...
- როსარიოში დავიბადე, იმავე ქალაქში, სადაც მესი. ბავშვობაში ესპანეთში გავემგზავრე და ვესინდარიოს ფეხბურთელი გავხდი. 15 წლისა ''ბარსელონაში'' ვთამაშობდი, სამი წლის შემდეგ - გენუის ''სამპდორიაში'', ახლა კი ''ინტერის'' მოთამაშე ვარ...
- მესი თქვენი კერპია?
- ჩემი კერპი ბატისტუტაა. მინდა, მასავით ვთამაშობდე!
- არგენტინის მოქალაქეც ხართ და იტალიისაც, მაგრამ ნაკრების არჩევისას მაინც არ გიყოყმანიათ...
- რა თქმა უნდა, რადგან ეს გულიდან მოდის... თავს მუდამ სამხრეთამერიკელად მივიჩნევ...
- გენუა გენატრებათ?
- ბარსელონა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ ბევრი სავაჭრო ცენტრია. გენუაც მომწონდა, მაგრამ იქ არც ისე ბევრი მაღაზიაა. ახლა მილანში ვცხოვრობ, სადაც საუკეთესო მაღაზიებია, მაგრამ არ არის ზღვა...
- და რას ყიდულობს მაურო იკარდი ყველაზე ხშირად?
- საათებს, ქუდებს, სმარტფონებს, პლანშეტებს... სოციალური ქსელი? ყოველთვის მიყვარდა. ის ნარკოტიკივით არის! თავისუფალ დროს შოპინგით ან ფილმების ყურებით ვერთობი.
გაინტერესებთ, ვისთან ვმეგობრობ ''ინტერში''? როცა მილანში ჩამოვედი, ძანეტიმ, კამბიასომ, სამუელმა და სხვა სამხრეთამერიკელმა მოთამაშეებმა ქალაქი დამათვალიერებინეს. განსაკუთრებით მატეო კოვაჩიჩთან ვმეგობრობ - თანატოლები ვართ და ბევრი საერთო გვაქვს. ფეხბურთის გარდა ნადირობა და წყალქვეშ თევზაობა მიტაცებს...
- რა მოგწონთ იტალიელ ქალებში?
- უპირატესობას არგენტინელ მანდილოსნებს ვანიჭებ. სხვათა შორის - ხასიათითაც (იცინის).
- რა მარკის იყო თქვენი პირველი ავტომანქანა?
- ''ჰამერი''. ამჟამად კი ''ლამბორჯინი'' მყავს. სპორტული ავტომანქანები მომწონს.
- ყველაზე სახიფათო რამ, რაც ოდესმე ჩაგიდენიათ...
- დაივინიგის დროს 30 მეტრის სიღრმეზე ჩავყვინთე...
- ტატუირება თუ გაქვთ?
- დიახ, სხეულზე ჩემი ოჯახის ყველა წევრის სახელი მაქვს ამოსვირინგებული. გარდა ამისა, მკლავზე სან ნიკოლოს მადონას გამოსახულება მაქვს, ბეჭზე კი - ''სიცოცხლის სიმბოლოს'' აღმნიშვნელი ტატუ...
- საუკეთესო ადგილი დასვენებისათვის...
- ლამაზი პლაჟი ოკეანის ნაპირას, სადაც შეგიძლია, საერთოდ არაფერი აკეთო...
- საუკეთესო რჩევა, რაც კი ოდესმე მიგიღიათ...
- ''ყოველთვის ის აკეთე, რასაც სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევ''!
- იტალიაში ესპანელ მეგობარ გოგონასთან - პატრისიასთან ერთად ჩამოხვედი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა...
- ერთად სამ წელიწადზე მეტი ვიყავით და დაშორების გადაწყვეტილებაც ერთობლივად მივიღეთ... ჩვენს ასაკში თანაცხოვრება იქამდე გრძელდება, სანამ ყველაფერი კარგად არის... ახლა ვანდასთან ერთად ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ!
- ყველაზე მეტად რა გენატრებათ მილანში არგენტინასთან შედარებით?
- ''ასადო'' (შემწვარი ხორცის კერძი, რომელიც არგენტინაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. - ავტ.).
- რაში აბანდებთ ფულს?
- მე ხომ ფულის შოვნა ახალი დაწყებული მაქვს! სახლს ჯერ გრან-კანარიაში ვიყიდი, შემდეგ - ბუენოს-აირესში...
- სიგიჟეები თუ გახასიათებთ?
- ბარსელონაში ცხოვრებისას ძველი, ოქროსფერი ბუმერი ვიყიდე. რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
- მარადონაზე რას იტყვით? ფაქტია, რომ მას საეჭვო რეპუტაცია აქვს...
- ის დიდი ფეხბურთელი იყო! ნუ განსჯით მას. თითოეული არგენტინელისთვის ის ერთგვარი კერპია. მარადონა ქვეყნის სიმბოლოა!
- თქვენი თილისმაა ძაღლი სახელად ''ლაქი''...
- დიახ, ეს სიმართლეა. ის პატრისიამ მოიყვანა და ''ლაქი'' დღემდე მეხმარება წარმატების მიღწევაში...
- ოცნება...
- ის უკვე ამიხდა: ვთამაშობ დიდებულ კლუბსა და ნაკრებში. და იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემების გარეშე გაგრძელდება...
- დაბოლოს, რა არ მოგწონთ იტალიაში?
- ესპანელები და არგენტინელები უფრო მხიარულები არიან. მხიარულება ჩემთვის იგივეა, რაც ხორცი გრილისთვის - მსოფლიოში საუკეთესო საჭმლისთვის...
ჟურნალი ''რეიტინგი''