სასოწარკვეთილს ყოფილი საქმროს მთელი დანაზოგი დაუხარჯავს და მერე სასტუმროს სააბაზანოში მოუკლავს თავი. ახლა დროდადრო სასტუმროს მდგმურები ახალგაზრდა ქალს ხედავენ ლამაზი პაკეტებით
კიდევ ერთი მოჩვენება აშშ-ის სენატორის ოთხი წლის ქალიშვილია. მისი ტერიტორია დიდი მარმარილოს კიბეა, რომელიც სხვენიდან ზედა სართულის ვესტიბიულისკენ მიემართება. სწორედ ამ კიბეზე დაუცდა ფეხი ბურთით გამოქცეულ გოგონას და დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა.
ყველაზე ''საპატიო'' მოჩვენება სასტუმროში ჯესი დრისკილია, სასტუმროს პირველი მფლობელი, რომელსაც ეს შენობა ისე უყვარდა, სამუდამოდ ''დასახლდა'' კიდეც მის კედლებში. დრისკილის არსებობას მდგმურები ძვირფასი თამბაქოს სუნით გრძნობენ.
გასაოცარია, მაგრამ სასტუმროს მდგმურებს მოჩვენებები სულაც არ აშინებთ. უფრო მეტიც, ყოველ წელს მიდიან იქ ძვირფასი ინტერიერებისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულნი.

● მძაფრ შეგრძნებებს ამერიკელები Island Hotel--შიც ეძებენ - მექსიკის ყურეში განცალკევებით მდგარ სასტუმროში. მასში არ არის ტელევიზია და სატელეფონო კავშირი, თუმცა უამრავი მდგმური ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევს. სხვადასხვა წლებში იქ გაჩერებულან ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ველურ ბუნებასა და ცივილიზაციისგან შორს ცხოვრებას ესწრაფვიან.
სასტუმროს შენობა, რომელიც 1859 წელს საფოსტო განყოფილების სახით აშენდა, საკმაოდ სქელი კედლებით იყო აგებული და მუდმივად მთელი რჩებოდა სხვადასხვა წყალდიდობისა თუ სხვა სტიქიური უბედურების დროს. 1914 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ სახლის მფლობელებმა ის სასტუმროდ აქციეს. მას მერე შენობას არაერთხელ შეეცვალა მფლობელი, სახელი და ინტერიერი. არ არის გასაკვირი, რომ ამ ადგილის ისტორიას უამრავი ლეგენდა უკავშირდება, სასტუმროში კი თავისუფლად დაძრწიან სულები და მოჩვენებები. მოჩვენებების რიცხვი იქ ზუსტად 13-ია.
ერთ-ერთი მათგანი ზანგი ბიჭუნაა, რომელიც იქ სამოქალაქო ომის წლებში მუშაობდა. ერთხელაც გამძვინვარებულ ბატონს გამოქცეული უკანა კარიდან გავარდნილა და გამქრალა. როგორც ჩანს, დასამალავად სარდაფის ცისტერნაში ჩახტა, რომელიც ფოსტის განყოფილებას წყლის რეზერვუარის სახით ჰქონდა და დაიხრჩო. მას მერე ბიჭუნას აჩრდილი მიწისქვეშა შენობის სიბნელეში ბინადრობს.

სხვებზე უფრო ხშირად ჩნდება სამხრეთის არმიის ჯარისკაცი, რომლის ზუსტი ისტორია არავინ იცის, მაგრამ ის ბევრს უნახავს. რამდენიმე წამით ჩნდება მზის ამოსვლამდე მეორე სართულზე, აივანზე გასასვლელის კართან და მცველად დგას.
27-ე და 28-ე ოთახებს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები სტუმრობენ, რომლებიც ამ სასტუმროში მაშინ დახოცეს, როდესაც იქ ადგილობრივი ბორდელი იყო განთავსებული. მსხვერპლი გოგონები საკმაოდ ალერსიანები არიან, შეიძლება ლოგინზეც ჩამოუსხდნენ მდგმურს და ლოყაზეც აკოცონ.
თუმცა ყველაზე თავდაჯერებულად იქ ბესი გიბსის სული გრძნობს თავს, რომელიც სასტუმროს 26 წელი მართავდა და საკმაოდ მხიარული ადამიანის სახელი ჰქონდა. მას 29-ე ოთახი მოსწონს და მისი ''ონავრობები'' მდგმურებმა უკვე იციან - ავეჯის გადადგმა, ნახატების გადაკიდება, პირადი ნივთების არევა ან, უბრალოდ, ნომრის ჩაკეტვა ზღურბლზე გამოსული სტუმრის ზურგსუკან - ეს დაუცხრომელი ქალბატონის ხუმრობებია.
● ''ლიზა ბორდენის'' ოჯახური სასტუმრო, რომელიც ფოლ-რივერში მდებარეობს, იმითაა ცნობილი, რომ 1892 წელს ენდრიუ ბორდენი და მისი ცოლი ები სასტიკად დახოცეს ნაჯახით. უმცროსი ქალიშვილი ლიზა ოფიციალურად არასდროს დაუდანაშაულებიათ მშობლების მკვლელობაში, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებს დღემდე სჯერათ, რომ ეს მან ჩაიდინა. დღეს ბორდენების სახლი ქალაქის ღირსშესანიშნაობაა, მუზეუმი და ოჯახური სასტუმრო, რომლის დერეფნებში ენდრიუ და ები ბორდენების აჩრდილები დაძრწიან და დახმარებას ითხოვენ.
