ავღანეთში ყველაზე ძლიერი უფროსებისადმი პატივისცემის ტრადიციაა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოჯახის წევრებს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი თვეა, უმცროსი უფროსს უსიტყვოდ ემორჩილება. თუ ოთახში მოხუცი შემოვიდა, ფეხზე
ქალები შეხვედრისას სამჯერ კოცნიან ერთმანეთს, ხოლო ახალგაზრდები მსუბუქად გადაეხვევიან და მხარზე ხელს ურტყამენ. ავღანელისთვის დასვენების და გართობის საუკეთესო საშუალება ჭიდაობაში შეჯიბრია, ყველაზე ძლიერებს და წარმატებულებს "ფალავნებს" უწოდებენ, ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ასევე პოპულარულია ნაციონალური თამაში "ბუსკაში", რომლის დროსაც ცხენზე ამხედრებული მოწინააღმდეგეები ცდილობენ ერთმანეთს გატყავებული ცხვარი წაართვან, ქალები კი ხარის ტყავისგან გაკეთებული დაირის თანხლებით ცეკვავენ.
ავღანელები უპირატესობას მწვანე და წითელ ფერს ანიჭებენ, ამ ფერის კაბები და ჩადრები ახურავთ, რადგან ითვლება, რომ ეს ბედნიერების მომტანია. ქალაქებში ახალგაზრდა ავღანელები ცდილობენ ჩაცმაში მათი საყვარელი ინდური ფილმების გმირებს მიბაძონ, თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ ავღანეთში კინო საერთოდ აკრძალული იყო და კინოთეატრში მოხვედრილ ერთ მოხუცს მოულოდნელობისგან გულიც კი გაუსკდა.
ავღანელები, უმეტესად ხელით ჭამენ, კოვზს მარტო საერთო თეფშიდან გადაღებისას ხმარობენ და მკაცრად დადგენილია, როგორ უნდა გეჭიროს თითები, რამდენი ფლავი უნდა გადაიღო და ძალიან აღიზიანებთ, თუ ამ წესებს ვინმე არღვევს, მათი კერძები, განსაკუთრებით კი ტკბილეული და შემწვარი ბატკანი ფლავით ძალზე გემრიელია.
სტუმრის უდიდეს პატივისცემად სახლის ზღურბლზე მის ფეხებთან ცხვრის დაკვლა და მისი სისხლით ფეხსაცმლის შეღებვა ითვლება, მასპინძლის ცოლისთვის სახეში შეხედვა კი აკრძალულია, ისევე როგორც სუფრასთან ხმამაღალი სიცილი.
ავღანეთში მიღებულია ადრეული ქორწინებები: გოგონები 15 წლის, ბიჭები 16-ის ქორწინდებიან, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან წარსულს ბარდება. არცთუ იშვიათად გოგონას ახლო ნათესავზე, ბიძაშვილზე ათხოვებენ. ხანდახან სიძე ქორწილის ცერემონიას არც ესწრება და მის ნაცვლად პატარძლის გვერდით ხმალი - მამაკაცური ღირსების სიმბოლო. ქმრის სახლში გოგონას აუცილებლად მიჰყვება დეიდა, რომელმაც ქორწინების მეორე დილით მისი პატიოსნების დასადასტურებლად ზეწარი სახალხოდ უნდა გამოფინოს.
ასევე, ჯერ კიდევ ძლიერია ლავირატის ტრადიცია, როცა ქვრივი ვალდებულია გარდაცვლილი ქმრის ძმას მისთხოვდეს, მითუმეტეს დღეს, როცა საომარ მოქმედებებში ამდენი ავღანელი მამაკაცი იღუპება, თუმცა, ქალს აქვს უფლება, მაზლზე გათხოვებაზე უარი თქვას და მარტომ იცხოვროს. იშვიათად, ქვრივი თავის რჩეულ მამაკაცზე თხოვდება, თუმცა ხალხში მას ეჭვის თვალით იყურებენ.
ავღანეთის ყველა პროვინციაში მიღებულია მრავალცოლიანობა, ქალები ამას მშვიდად ხვდებიან და ამბობენ, რომ მათი დედებიც ასე ცხოვრობდნენ. ქმრის შვილებს სხვადასხვა ცოლისგან ქალები ერთად ზრდიან და ეს საქმეს უადვილებთ კიდეც. რაც შეეხება ქმრის სექსუალურ ყურადღებას, ამისთვის მკაცრი რიგითობა არსებობს: ორი ღამე თითოეულ ცოლთან, თუმცა, როგორც წესი, კაცები გამონაკლისს საყვარელი უმცროსი ცოლებისათვის უშვებენ, რაც სხვების უკმაყოფილებას იწვევს.
ავღანეთში აკრძალულია საცურაო აუზები და ცურვა. ქვეყანაში ერთადერთი აუზია, სადაც მარტო 15 წლის ზემოთ მამაკაცებს შეუძლიათ შესვლა და ისიც მუხლამდე ტრუსებში.