02 აპრილი, 2014
ჟიზელ ბიუნდჰენის სილამაზის სამი ''ინგრედიენტი''
მე ხომ ბრაზილიიდან ვარ. როგორც კი კარგი მუსიკის ხმა მესმის, მაშინვე ცეკვის სურვილი მიჩნდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი ბოლო დროს იშვიათად სტუმრობს მოდურ ჩვენებებს. ამას მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის აკეთებს, რადგან სოლიდური შემოსავალი მისთვის სარეკლამო გადაღებებს უფრო მოაქვს და თანაც, ორი შვილის დედა მხოლოდ ღირებული პროექტებისთვის ტოვებს ოჯახურ ბუდეს.

ჟიზელის ბოლო ნამუშევარი იყო ''კაროლინა ჰერერას'' ახალი არომატის სარეკლამო გადაღებები. ჟიზელს წვეულების დედოფლის როლი ერგო, ცეკვისა და გართობის მოყვარულის. თუმცა აღიარებს, რომ
ბოლო დროს ამგვარი გართობისთვის იმდენად ვეღარ იცლის. ''თუმცა გართობა, რასაკვირველია, მიყვარს, როგორც ცეკვა. მე ხომ ბრაზილიიდან ვარ. როგორც კი კარგი მუსიკის ხმა მესმის, მაშინვე ცეკვის სურვილი მიჩნდება!'' - იცინის ჟიზელი.

ენერგია ბლომად აქვს, ამიტომაც არის, რომ იოლად ახერხებს ყველაფრის მოსწრებას. ორი შვილის დედა კვლავ წარმატებული მოდელია, გამუდმებით ვარჯიშობს, რომ თავისი იდეალური სხეულის ფორმები არ დაკარგოს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ანისტონმა აღიარა, რომ ჟიზელის მსგავს სხეულზე ოცნებობს. მერე რა, რომ თავად ჯენიფერის სხეულიც არაერთხელ უღიარებიათ საუკეთესოდ, მსახიობისთვის მისაბაძი სწორედ ცნობილი მოდელი ყოფილა.

ჟიზელი იმ ცნობილებს არ ჰგავს, რომლებიც ჟურნალისტებს უმტკიცებენ, უარს არაფერზე ვამბობთ, ყველაფერს ვჭამთ და მაინც ასე კარგად გამოვიყურებითო, სინამდვილეში კი სალათის ფურცლების მეტს ლამის არაფერს მიირთმევენ. თუმცა არც კალორიების თვლაში ათენებს ღამეე-ბს: ''პირველ რიგში, ფორმის შენარჩუნებაში ვარჯიში მშველის.

თანაც, ამ დროს შემიძლია, საკუთარ თავთან მარტო დავრჩე. როცა ოჯახი გაქვს, დილიდან საღამომდე ყველას რაღაც უნდა შენგან. სჭირდები ბავშვებს, ქმარს, კიდევ სამუშაოც გაქვს... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს ჩემი პირადი სივრცე და დრო. კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობ და ეს ვარჯიშების მთელი კომპლექსია''.

თურმე ვარჯიშში შედის ცეკვა, სირბილი, სერფინგი და პლაჟის ფრენბურთი. ჟიზელს, როგორც ყველა ბრაზილიელს, უყვარს პლაჟზე დროის გატარება და აქტიური გართობა. ''და კიდევ, ერთა დერთი გატაცება, რომელსაც ათი წელია ერთგულად მივდევ, იოგაა''.

ჟიზელი აღიარებს, რომ წლებთან ერთად უფრო უძნელდება ფორმის შენარჩუნება, შესაბამისად, დატვირთვასაც აძლიერებს. მისი უმცროსი ქალიშვილი ვივიანი ერთი წლის ახლახან გახდა და დედის ძუძუსაც მოსცილდა - მსოფლიო მოიარა ფოტოებმა, რომლებზეც აღბეჭდილია, გადაღებებისთვის მზადების პერიოდში როგორ აჭმევს შვილს ძუძუს ცნობილი მოდელი.

''ადრე ყველაფერს ვჭამდი და არც ვსუქდებოდი. ახლა 33 წლის ვარ და თუ არასწორად ვიკვებები, ფიზიკურად ვგრძნობ, როგორ აისახება ეს ჩემზე. ამიტომ, მკაცრად ვიცავ დაბალანსებული კვების რეჟიმს''.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბიუნდჰენი გაზქურასთანაც ხშირად დგას თურმე და თავად ამზადებს კერძებს. ''არ ვიცრუებ, რომ მარტო ვაკეთებ ყველაფერს - მაგალითად, მებაღე მყავს, რომელიც ხილ-ბოსტნეულს უვლის. დანარჩენს, იმავეს ვაკეთებ, რასაც ყველა დედა და ცოლი''.

ჟიზელი აღიარებს, რომ ცდილობს, რაც შეიძლება იშვიათად ისარგებლოს ძიძის მომსახურებით, რათა მეტი დრო გაატაროს ბავშვებთან. ''ჩემთვის ერთი სიამოვნებაა ვაჟის სკოლაში ტარება, პატარას კი პრაქტიკულად არ ვშორდები. როცა ბავშვების გაჩენა გადავწყვიტე, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა!''

მოდელმა ის სამი აუცილებელი ''ინგრედიენტიც'' დაასახელა, რომელიც ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება: ''ვფიქრობ, პირველ რიგში, აუცილებელია კარგი ძილი. კიდევ - ბევრი წყლის დალევა. და რაც მთავარია, კარგი განწყობა. ეს ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია''.

დოსიე


ცნობისათვის, ჟიზელმა მოდელის კარიერა 14 წლისამ დაიწყო და მას მერე, უკვე 20 წელზე მეტია, ამ ბიზნესშია. წლებია, ინარჩუნებს პირველობას საუკეთესო და ძვირად ღირებული მოდელების ათეულებში. პირველად თურმე სამოდელო აგენტებმა სან-პაულუს ''მაკდონალდსში'' შენიშნეს - იქ კლასელებთან ერთად სადილობდა. ჟიზელს ხუთი და ჰყავს და მის მსგავსად, ყველა მოდელობს. თუმცა მისნაირი წარმატებისთვის არც ერთს არ მიუღწევია, თვით ტყუპის ცალ პატრისიასაც კი, რომელიც მეორეხარისხოვან რეკლამებში გადაღებებს ვერ გასცდა.
სანამ თავის მომავალ ქმარს, ფეხბურთელ ტომ ბრედის შეხვდებოდა, რომელსაც 2009 წელს გაჰყვა ცოლად, მანამდე დიდხანს ლეონარდო დი კაპრიოს ხვდებოდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS