28 მარტი, 2014
პარანორმალური მოვლენები - ''გადარჩენილი გვამის'' შურისძიება
ემელიანოვი ღამით მოხალისეებმა იპოვეს და მავთულებიდან ჩამოხსნეს... ის გადარჩა, მაგრამ სულ სხვა ადამიანად იქცა ეს ამბავი 1923 წელს პეტროგრადში მოხდა, მასზე გაზეთებიც წერდნენ, თუმცა მოგვიანებით ყველა მასალა გაასაიდუმლოეს.

1923 წლის გაზაფხულზე ხალხმრავალ ბინაში პირქუში და მარტოხელა მამაკაცი გვარად ემილიანოვი დასახლდა. როგორც ომის ინვალიდი მიზერულ პენსიას იღებდა და არსად არ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, შინ მხოლოდ ღამით ბრუნდებოდა. თვალების გამო მეზობლებმა მას ჯადოქარი დაარქვეს.

ერთხელ ემილიანოვს კორიდორში მეზობელი შეხვდა და მის უჩვეულოდ აღგზნებულ მდგომარეობას მიაქცია ყურადღება. მეზობლის შეკითხვაზე,
ცუდად ხომ არ იყო, -პასუხად უხალისოდ ჩაიბურტყუნა: ''ეზოში ახლობელს შევხვდი!..''

გვიან ღამით სახლში იდუმალი მოვლენები დაიწყო. ინვალიდის გვერდით მცხოვრებმა ოჯახმა შუაღამისას უცნაურ ლიცლიცს მიაქცია ყურადღება, რომელიც ოთახში მდგარი სარკიდან მოდიოდა. ოჯახის ყველა წევრს ერთდროულად განგაშის შეგრძნება გაუჩნდა.

თორმეტი საათის შესრულებისთანავე, სარკის მარცხენა კუთხეში ადამიანის ფიგურა გამოჩნდა. გამოსახულება თავიდან გადღაბნილი, ძლივს შესამჩნევი იყო, შემდეგ უფრო გამუქდა და მკვეთრად გასარჩევი გახდა, უკვე ადვილად შეიძლებოდა მისი ამოცნობა - ეს ემელიანოვი იყო! ხელები უსიცოცხლოდ ეკიდა გვერდებზე, მარჯვენაში გრძელი დანა ელავდა.

როდესაც სარკის შუამდე მიაღწია, ემელიანოვის გამოსახულება მაშინვე დაპატარავდა და ისევ გაიდღაბნა. როდესაც ემელიანოვის უკანასკნელი ნაკვთები დაიკარგა, ყრუ ხმა გაისმა -სარკე შუაზე გატყდა. სახლის მცხოვრებლები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ეძინათ, ამ სურათს ყველა ოთახში აკვირდებოდნენ.

''კომუნალკაში'' აურზაური ატყდა. შიშისგან გონს მოსულმა მეზობლებმა ემელიანოვის ოთახში კარი შეამტვრიეს და შიგნით შეცვივდნენ. ემელიანოვი სავარძელში უძრავად იჯდა, ხელები უსიცოცხლოდ ჰქონდა ჩამოშვებული, თავი წინ ჰქონდა გადახრილი.

ოთახს ნავთის ლამპა ანათებდა. მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში კი ცარიელი სავარძელი ირეკლებოდა... მასში ემელიანოვი არ იჯდა. ერთ უცნაურობას მეორე მოჰყვა -მოულოდნელად სარკეში ემელიანოვის ფიგურა გამოჩნდა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა.

სავარძელში მჯდომი ''გვამი'' მოულოდნელად გაცოცხლდა და შეირხა. ვიღაცამ ამ კოშმარს ვერ გაუძლო, სკამს ხელი დაავლო და სარკეს მიანარცხა. გაისმა მტვრევის ხმა, რომელსაც სხეულის დაცემის ხმა შეერწყა. ემელიანოვი სავარძლიდან წამოიწია და იატაკზე დაეცა, ახლა ის ნამდვილად მკვდარი იყო.

მეორე დღეს გაირკვა, რომ იმ ღამეს სახლში ყველა სარკე გაიბზარა. ერთ-ერთ ბინაში კი დანით მოკლული მაკლერი სტრელნიკოვი იპოვეს. მისი ბინის კარი შიგნიდან იყო დაკეტილი, მის ოთახში კი სარკე ნამსხვრევებად იყო ქცეული.

ძიებამ დაადგინა, რომ ემელიანოვი და სტრელნიკოვი ჯარში ერთად მსახურობდნენ. 1916 წლის ერთ ღამეს დაზვერვაზე ერთად იმყოფებოდნენ. მოულოდნელად რუს მზვერავებს გერმანელთა პროჟექტორმა მიანათა და ტყვიამფრქვევის ხმაც გაისმა.

ემელიანოვს ტყვია მოხვდა და ეკლიან მავთულზე გადაეკიდა, სტრელნიკოვმა კი მეგობარი მიატოვა და თავს გაქცევით უშველა. მუცელში დაჭრილი ემელიანოვი მთელი დღე ეკიდა მავთულზე რუსეთ-გერმანიის პოზიციებს შორის, მთელი დღე გერმანელი ჯარისკაცები გასართობად ესროდნენ ''გვამს''.

ემელიანოვი ღამით მოხალისეებმა იპოვეს და მავთულებიდან ჩამოხსნეს... ის გადარჩა, მაგრამ სულ სხვა ადამიანად იქცა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS