- ევა, საკმაოდ იშვიათად საუბრობთ ჟურნალისტებთან, რატომ?
- ბავშვობიდან ჩაკეტილი და მორცხვი ვიყავი. ახლაც დიდად არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. რა საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ, რა მივირთვი საუზმედ ან ვისთან მეძინა? ჩემზე ჩემმა
- რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ახალმა ფილმმა?
- ნამდვილი მამაკაცური ბოევიკი გამოვიდა. მე სერიოზულ ფილმებში თამაშს ვარ მიჩვეული, ''სპარტელებში'' კი ვიხალისე კიდეც, ჩემი დემონები გამოვუშვი, მომეცა საშუალება, აგრესია გამომევლინა (იცინის).
- როგორ ემზადებოდით?
- ორი თვე მომიწია ფარიკაობის სწავლამ, თანაც, ორივე ხელით.
- ანუ, მოგეწონათ ბოროტმოქმედის განსახიერება?
- ვგიჟდები! მახსოვს, თეატრალურ სკოლაში ჯადოქრად გარდასახვაზე ვოცნებობდი - ეს დაგროვილ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში მეხმარება.
- რით დაგაინტერესათ ამ ახალმა სურათმა?
- ჩემი გმირი არტემისია ნამდვილი ექსტრემალია. ასეთი ხასიათი დიდი იშვიათობაა. საინტერესო სახე იყო და მომეწონა.
- თუმცა თქვენ არანაკლებ კარგად გამოგდით მაცდუნებელი ქალების როლები - თქვენ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი ხართ...
- თუ სიმართლე გინდათ გითხრათ, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან, შიში მიპყრობს! თითოეული მსახიობი ოცნებობს, რომ ის დააფასონ შესრულებული როლებით. ხოლო თუ მხოლოდ გარეგნობას ახსენებენ, გამოდის, რომ უბრალოდ მოდელი ხარ. მე ეს არ მინდა, ამიტომ ამის გამო ბევრ როლზე უარს ვამბობ. მე უნდა შემიყვარდეს ჩემი გმირიც და რეჟისორიც, სანამ კონტრაქტს მოვაწერ ხელს.
- ასეთი შერჩევითობა თქვენს კარიერას ხელს არ უშლის?
- მე არც არასდროს მივისწრაფოდი ვარსკვლავობისკენ. ჰოლივუდშიც თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ. მე მხოლოდ ის მინდა, სამუშაოთი დავტკბე და საკუთარი თავი შევიცნო.
- დედათქვენი ცნობილი ფრანგი მსახიობი მარლენ ჟობერია. მან ალბათ დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე. კიდევ რომელი მსახიობი ქალი აღგაფრთოვანებთ?
- ჩემი იდეალი იზაბელ აჯანია, ის ძალიან ლამაზია, არ ეშინია ძლიერი ემოციების, ნებისმიერ როლს თამამად ასრულებს.
- თქვენ არა მხოლოდ მსახიობი, მოდელიც ხართ. საიდან გაქვთ სიმორცხვე, რასაც ხშირად აღნიშნავთ?
- სინამდვილეში მიყვარს პოზირება: ვიყო ქალური, მაცდუნებელი. მთავარია - არა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვარ. მოდელობაში მომწონს ასევე ის, რომ შეგიძლია, მილიონობით კაბა მოირგო. მიყვარს შოპინგი, კარგი სამოსი.
- თქვენი მთავარი წესი რა არის?
- ვიცი, რომ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ცხოვრება ხანმოკლეა. ჯობს, ჩადენილი ინანო, ვიდრე ის, რაც არც კი მოგისინჯავს.