24 მარტი, 2014
''ვირთხების სამოთხე'' ინდოეთში
ყოველ თვე სოფელში მცხოვრები ოჯახები ტაძარში რიგრიგობით მორიგეობენ. ის ოჯახი, რომლის მორიგეობის დროც დადგა, მთელი თვის განმავლობაში ლამის ტაძარში ცხოვრობს არავინ იცის, ზუსტად რამდენი ათასი ვირთხა ცხოვრობს ინდოეთის სოფელ დეშნოკში აღმართულ ტაძარში. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, მათ ირგვლივ სულ მცირე 20 ათასი მღრღნელი მაინც ბინადრობს. ამ ტაძარში მთელი ინდოეთიდან პილიგრიმები იმისთვის ჩადიან, რომ ვირთხები დააპურონ და მათ მიმართ თავიანთი სიმპათია გამოხატონ. აღსანიშნავია, რომ კარნი მატას ტაძარი დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები ვირთხებს ეთაყვანებიან.

ინდოელებს მიაჩნიათ,
რომ მათი პატარა სხეულები გარდაცვლილი წმინდანების ბინადრობის ადგილია. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ვირთხები ველური ვირთხებისგან განსხვავდებიან და მათთან შედარებით უფრო ''არისტოკრატულები'' არიან. ტაძრის ვირთხები უფრო პატარები, მუქები და ბეწვიანები არიან. ერთი სიტყვით, ისინი უფრო საყვარლები არიან...

ვირთხები ტაძარში თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაადგილდებიან. ცივ ფილებზე, რომლებიც ტაძრის ეზოშია დაგებული, მღრღნელები ყოველგვარი შიშის გარეშე დაფუსფუსებენ, მრავლდებიან და ცხოვრებით ხარობენ. წმინდა ადგილის მდუმარება არაერთხელ დაურღვევია ვირთხების წრიპინს, როდესაც ერთმანეთზე ''გადაკიდებული'' მღრღნელები საჩხუბრად ''იწევიან'', შემდეგ კი უამრავ ხვრელებში ისევე მოულოდნელად ქრებიან, როგორც ჩნდებიან.

უკვე ექვს საუკუნეზე მეტია, ვირთხები სოფელ დეშნოკის ტაძარში ბინადრობენ და თავს საკმაოდ უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. ყოველდღე ისინი მზის სხივებით უდარდელად თბებიან, პირდაპირ ადამიანის ხელიდან ჭამას არიან მიჩვეული, ხოლო ყველაფერი, რაც მათ ინტერესს აღძრავს, მათთვის ''ხელმისაწვდომია3: მღრღნელებს ყველაფრის დაყნოსვის უფლებას აძლევენ.

სტუმრებს არ უკვირთ და, მით უმეტეს, არც ეშინიათ, როდესაც მათ თეფშთან მიახლოებულ ვირთხას ხედავენ, ისინი მიტოვებულ ჩანთებს თავს გაფაციცებით დასტრიალებენ და ნდობის მოპოვების შემთხვევაში, ადამიანს მუხლებზე ისე აახტებიან, წესიერად დაჯდომასაც არ აცდიან.

Rating

სხვა ინდური ტაძრის მსგავსად, მლოცველები ტაძარში შესვლამდე ფეხსაცმელებს შენობის გარეთ ტოვებენ და წმინდა ადგილას ფეხშიშველები შედიან. თუმცა კარნი მატაში ამის გაკეთება არცთუ ადვილია, რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი და ფეხებიდან დაწყებული ზევით, თქვენი სხეულისკენ ცნობისმოყვარე ვირთხების ჯარი ამოემართება.

მომლოცველებიც გრძნობენ, მსუქანი მღრღნელები მათი ტანსაცმლის შიგნით როგორ დაბობღავენ. ასე რომ, ადამიანმა თავიდანვე გარკვეული ზომები თუ არ მიიღო, ვირთხები მას, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაასხდებიან, რის შემდეგაც მათი მოშორება ადვილი არ არის. ასე რომ, ამ ტაძარში მშიშრებს ნამდვილად არ მიესვლებათ.
სოფელ დეშნოკში, რომელიც ინდოეთის უკიდურეს დასავლეთით, უდაბნო ტარში მდებარეობს, ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის. არადა, თავად სოფლის მოსახლეობა 20 ათას ადამიანს არ აღემატება.

დეშნოკის ტაძარი ღვთაება კარნი მატას პატივსაცემად ააგეს. ინდური მითოლოგის სხვა ღვთაებებისგან განსხვავებით, კარნი მატა რეალური ქალი იყო, რომლის დაბადებისა და გარდაცვალების გარემოება იმის საფუძვლიან ეჭვს აჩენდა, რომ იგი არაამქვეყნიური არსება იყო: დედა თავის მომავალ შვილს 21 თვის განმავლობაში მუცლით ატარებდა, ხოლო როდესაც 1388 წლის 3 ოქტომბერს გოგონა ქვეყანას მოევლინა, მან მაშინვე ლაპარაკი დაიწყო. ლეგენდის თანახმად, ქალღმერთმა 151 წელი და 6 თვე იცოცხლა.

თავად ვირთხების წარმოშობასაც კარნი მატას უკავშირებენ. უფრო მეტიც, მღრღნელები ღვთაების შვილებად ითვლებიან, რომლებიც დედასთან თავყანისსაცემად მივიდნენ. ადამიანებიც სწორედ მათი წმინდანის შვილებს ეალერსებიან და ''შვილებსაც'' კი უწოდებენ.
სოფელ დეშნოკში მცხოვრებ 513 ოჯახს ღრმად სწამს, რომ ისინი ვირთხისგან მომდინარეობენ. მათ ასევე სჯერათ, რომ ვირთხები მათი წინაპრები არიან, რომლებიც ამჟამად მათსავე ტაძარში თავისუფლად დანავარდობენ.

''როდესაც მოვკვდები, ვირთხის სახით აღვდგები და ეს ძალიან მახარებს, - აცხადებს ტაძრის ზედამხედველი მურარ დან ხარამი, - სიკვდილის შემდეგ მეც წმინდანი გავხდები''. დიდი ხარანი, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ინგლისურს ეუფლება აცხადებს, რომ ვირთხებს შორის გარდაცვლილი მამა ამოიცნო. გარდაცვლილი სიცოცხლეში ტაძრის წინ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობდა. გარდაცვლების შემდეგ კი ტაძრიდან ერთი ვირთხა გამოხტა (რასაც ისინი ჩვეულებრივ დღეებში არ აკეთებენ) და იმ ადგილის ლოკვა დაიწყო, რომელიც სპირტიანი სასმლით იყო გაჯერებული...

ყოველ თვე სოფელში მცხოვრები ოჯახები ტაძარში რიგრიგობით მორიგეობენ. ის ოჯახი, რომლის მორიგეობის დროც დადგა, მთელი თვის განმავლობაში ლამის ტაძარში ცხოვრობს. მამაკაცები ოთხი თვის განმავლობაში სამსახურებიდან ეთხოვებიან და გაყინულ იატაკზე, მორბენალ ვირთხებში სძინავთ.

თუკი ვირთხა რაიმე ტკბილეულობას მოკვნეტს, იგი ნაკურთხად ითვლება, მოკვნეტილ ტკბილეულობას ''პრასადს'' ან ''წმინდა შეჭამანდს'' უწოდებენ და ოჯახის წევრებს უნაწილებენ. ხოლო ის, ვინც თეთრ ვირთხას დაინახავს, მთელი წლის განმავლობაში ''ბედნიერ ფეხზე ივლის''.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS