სიაშია მოხსენიებული ქართველი ციური კვარაცხელია, რომლის შესახებაც ჩვენს მასმედიაში ბევრი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ ის 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის. ასე ინება მისმა ქმარმა, რომელსაც სურს, გარდაცვლილის შვილმა ნახოს, როგორი მამა ჰყავდა. ამიტომაც არის, რომ ცხედარს არ მარხავენ, ჯერ ბალზამით ინახავდნენ, მერე სხვა მეთოდებიც მოსინჯეს. უვლიან ისე, როგორც ცოცხალს - დედა უცვლის ტანსაცმელს, უკრავს მუსიკას მის გასაგონად, უხდის დაბადების დღეებს. გარდაცვლილის შვილი უკვე 20 წლის გახდა და ისიც დადის მამის სანახავად. „მინდოდა, შვილი თავის დროზე დამემარხა, მაგრამ როცა უკვე 18 წელია ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას?“ - ამბობს ქალბატონი ციური.
ვიეტნამელი ლე ვანი ადგილობრივი გაზეთების გმირია. მისმა თანამემამულეებმა 2009 წელს შეიტყვეს, რომ ლე ვანს ხუთი წლის განმავლობაში გარდაცვლილ ცოლთან ერთად ეძინა, ერთ საწოლში. ცოლის დაკრძალვის შემდეგ გადაუწყვეტია, ამოეთხარა გვამი და მისგან ერთგვარი ქანდაკება შეექმნა - ცოლის ცხედარს თაბაშირი შემოავლო, სახეც თაბაშირში ჩაუსვა და შეუღება კიდეც, რომ ნამდვილ სახეს დამსგავსებოდა. როგორც ახლახან გაარკვიეს ვიეტნამელმა ჟურნალისტებმა, ლე ვანი დღემდე ასე აგრძელებს ცხოვრებას და მისი შვილიც ჩვეულებრივ ხვდება ამ მოვლენას - ხანდახან ისიც გვერდით მიუწვება ხოლმე გარდაცვლილი დედის თაბაშირის მუმიას.

ინგლისელ როკი აბალსამოს 1993 წელს გარდაეცვალა ცოლი. დარდის გასაქარვებლად ისღა მოახერხა, რომ სასაფლაოზე ატარებდა დღესაც და ღამესაც. თითქმის არ ჭამდა და არ სვამდა, არ უყურებდა ამინდს - გამუდმებით იჯდა საფლავზე და დრო ამგვარად გაჰყავდა. სასაფლაოს გახსნიდან დახურვამდე იქ იყო, შინ წასვლის წინ კი ცოლის საფლავზე პურის ნამცეცებს ყრიდა, რომ მტრედები მიფრენილიყვნენ და მისი ცოლისთვის მარტოობა შეემსუუქებინათ. როკი წელს, 22 იანვარს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, საყვარელი ცოლის გვერდით დაკრძალეს.

ასევე არის სიაში 43 წლის ქვრივი არგენტინიდან, ადრიანა ვილიარეალი, რომელმაც გარდაცვლილ ქმარს მავზოლეუმი აუგო და იქვე განაგრძო ცხოვრება, რომ მის ქმარს მარტოობა არ ეგრძნო; კიდევ ერთი შემთხვევა - 79 წლის ბელგიელი მარსელი 2012 წელს გარდაიცვალა. მისმა ცოლმა ეს ტრაგედია ვერ გადაიტანა. თითქმის ერთი წელი ქმრის ცხედარი საწოლზე ჰყავდა დასვენებული და მასთან ერთად წოლას აგრძელებდა;

ასევე არგენტინაში მოხდა შემთხვევა, როცა 58 წლის მამაკაცი, კლაუდიო ნ. გარდაიცვალა. მის სახლში მისულ სამართალდამცველებს იქ დახვდათ კიდევ ერთი ცხედარი - ათი წლის წინ გარდაცვლილი ქალბატონის, კლაუდიოს 90 წლის დედის. გახრწნილი გვამი პოლიეთილენის პარკებში იყო შეხვეული და სახლის ფლოსტები ეცვა. მეზობლების თქმით, ეს ქალი ათი წელი არ ენახათ. თუმცა კლაუდიო მათ არწმუნებდა, რომ ის ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა.