საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჯილდო რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნმა“ მიიღო.
ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას, ისინი „მწვანე წიგნს“ იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული.
ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ.
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“.
რემი მალეკი ფილმ „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ლეგენდარულ მუსიკოსს, ფრედი მერკურს განასახიერებს.
„ბოჰემური რაფსოდიის“ მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში გაიმართა. ფილმი „ქუინის“ ტრიუმფალურ წარმატებებსა და მაყურებლისთვის აქამდე უცნობ ისტორიებზე მოგვითხრობს.
საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა. კოლმენს ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ, ემოციების შეკავება გაუჭირდა - მსახიობმა სცენაზე ჯერ იტირა, შემდეგ კი პუბლიკასთან ერთად იცინა.
საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში, ყველასთვის საყვარელმა ანიმაციურმა ნამუშევარმა "სპაიდერმენმა" გაიმარჯვა.
საუკეთესო ვარცხნილობისა და გრიმის კატეგორიაში, პრესტიჟული ჯილდო გადაეცა ფილმს "ვიცე-პრეზიდენტი".
ვისაც სურს, თანამედროვე კინოინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს არ ჩამორჩეს, შეუძლია ოსკაროსანი ფილმები საქართველოს კინოთეატრებში იხილოს.