- იუბილეზე ალბათ არ ვილაპარაკებთ...
- ვის აქვს იუბილე?
- გასაგებია.
- მე ასაკს არ ვიხსენებ და არც არავის ვურჩევ. ხანდახან, როცა ვიგებ, რომ ვინმე ორმოც წელზე უმცროსია, მინდა
- არ შემიძლია, არ გკითხოთ ჩემს საყვარელ ფილმზე - ''და იყო სინათლე''. როგორ მოხდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის შემდეგ უცებ აფრიკაზე გადაიღეთ?
- ეს იყო ოთხმოცდარვა წელი, მინდოდა გადამეღო სვანეთზე, სამეგრელოზე, იმაზე, რაც მაშინ იქ ხდებოდა, მაგრამ კონკრეტიკა არ მსურდა. მანქანით გავეშურე აფრიკაში, რომელიც ისე აღმოჩნდა გადავსებული თეთრკანიანებით, ძლივს ვიპოვე სენეგალში პატარა ტომი, რომელიც სუფთა აფრიკელებით იყო დასახლებული. მდინარესთან ვიჯექი ჩაფიქრებული, უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ ქალმა ჩამიარა და გაოცებულმა მკითხა: ''თეთრი?'' მივხვდი, რომ იქ მივედი, სადაც მინდოდა.
- საფესტივალო წარმატება თუ ნიშნავს თქვენთვის რაიმეს?
- არა. ვიხსენებ, ერთ-ერთ ეკრანიზაციაში - საერთოდ არ მიყვარს ეკრანიზაცია, ეს ძალიან სამოყვარულო რამაა, პროზის მოყოლა მუსიკის თანხლებით - გურულ ბიჭს კახური ქუდი დაახურეს. ეს სულ სხვა რაიონია, სხვა მენტალიტეტი, ყველაფერი სხვაა. როცა რეჟისორს ამის შესახებ ვუთხარი, თავი შორს დაიჭირა: ''კანში ვერ შეამჩნევენ''. ფრანგული ქალაქის სახელწოდება ''კანი'' ქართულად ''კანს'' ნიშნავს. მეც ვუპასუხე: ''ჰოდა, იმ კანისთვის კი არ უნდა გადაიღო, არამედ საკუთარი კანისთვის''. ყოველ შემთხვევაში, მე ვცდილობ.
- რომელი რეჟისორები მოგწონთ? მაგალითად, მგონია, რომ ფელინი მოგწონთ, ანტონიონი - არა.
- ასეა.
- ბერგმანი?
- ''წყარო'' მომწონს მისი. დანარჩენები უბრალოდ არ მახსოვს, თუმცა არ ვამბობ, რომ ცუდია.
- ლიტერატურაში, ვიცი, რომ ბროდსკი გიყვართ. მაიაკოვსკიზე რას იტყვით?
- მამაჩემი ეჩხუბა მაიაკოვსკის, როცა ის თბილისში იყო ჩამოსული და სიტყვით გამოდიოდა. ქუთაისიდან იცნობდნენ ერთმანეთს. თავისი გამოსვლისას მაიაკოვსკიმ დაინახა, რომ ჩემი ახალშეუღლებული დედ-მამა შევიდა დარბაზში. ''ყველა ადგეს. მიესალმეთ ახალშეუღლებულ იოსელიანებს!''. ხომ არ არის ლამაზი? თუმცა მისი ლექსები მიყვარს, უმრავლესობა.
- ხშირად გაქვთ არისტოკრატული შეხედულებები ბევრ რამეზე...
- ''არისტოკრატი'' სალანძღავი სიტყვა იყო მამაჩემისთვის, რომელიც 17 წელი იჯდა ციხეში, როგორც რეპრესირებული... არა, მე არისტოკრატი არ ვარ, მე აღმოსავლეთის მშრომელი ადამიანი ვარ.
- თქვენზე ამბობენ, რომ სნობი ხართ. ამაზე რას იტყვით...
- მაჩვენე ერთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს. სნობი ფრანგულად არის სოი დისანტ ნობლე: არაკეთილშობილი, რომელიც კეთილშობილებას თამაშობს. არა, მე უფრო პატიოსანი მშრომელი ვიქნები.
- მაინტერესებს თქვენი აზრი საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით: გამიგია, თითქოს წინააღმდეგი იყავით, თუმცა გაერთიანებაც არ გინდათ კატეგორიულად...
- დაშლის წინააღმდეგი ვიყავი იმიტომ, რომ საქართველომ რუსული ენა დაკარგა, რომლის მეშვეობითაც იყო დაკავშირებული მთელ მსოფლიო კულტურასთან: კლასიკა ჩვენ რუსული თარგმანებიდან ვიცოდით. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში - ენის ჟარგონად გადაქცევაა: მამებს ძნელად ესმით შვილების ენის. მაგრამ გაერთიანების მაინც არ მჯერა, იმიტომ, რომ საქართველოც და რუსეთიც ახლა ისეთ მდგომარეობაში არიან, მათი გაერთიანება არავითარ გაუმჯობესებას არ მოიტანს.
- ქართველი პოლიტიკოსებიდან ვინ იწვევს თქვენს სიმპათიას?
- პატივს ვცემ შევარდნაძეს. ასევე მყარ ადამიანად მიმაჩნდა მერაბ კოსტავა.
- თქვენს ფილმებს შორის რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ''საქართველო, ეული''. ოთხსაათიანი დოკუმენტური სურათია, სამი ეპიზოდით.
- თუ იქნება საქართველო კიდევ ერთიანი? მაგალითად, დაიბრუნებს აფხაზეთს?
- რას ნიშნავს აფხაზეთის დაბრუნება? აფხაზეთი ჩემი საგვარეულო სამფლობელოა. მე აფხაზ თავადებს მივეკუთვნები. საბუთებიც მაქვს.
- მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ, მაგრამ მეშინია.
- ნუ ნერვიულობ.
- შეიძლება, სტალინი რაღაც გაგებით მივიჩნიოთ ქართველად, საერთოდ კავკასიელად?
- იოჰან ვოლფგანგ გოეთემ მეფისტოფელის პირით საინტერესო ფრაზა თქვა, მისი მიახლოებითი აზრი ასეთია: ''მე მივეკუთვნები ძალას, რომელიც ბოროტებას სჩადის, მაგრამ ისე გამოდის, რომ სიკეთეს ვაკეთებ''. რევოლუციონერებს შეეძლოთ, ეს ფრაზა ასე შეეცვალათ: ''ჩვენ გვინდა სიკეთის ქმნა, მაგრამ ისე გამოდის, რომ იძულებულნი ვართ, ბოროტება ჩავიდინოთ''. შეიძლება, მათ ყველას, მათ შორის სტალინსაც, სურდათ სიკეთის ქმნა და არ გამოსდიოდათ. და ჩვენ ვიცით, რა საშინელება მოხდა რუსული რევოლუციის შედეგად.
- იქნებ, პუტინზეც იტყვიან ოდესმე ამას?
- არასოდეს.
ჟურნალი ''რეიტინგი''