25 დეკემბერი, 2018
"თუ რამის მიღწევა გინდათ, რუსეთი უნდა დატოვოთ" - მარია შარაპოვა
1993 წლის ზაფხული გარდამტეხი აღმოჩნდა. უკვე რამდენიმე თვეა, იუდკინთან ვმუშაობდი. მე მისი პროექტი გავხდი, მაგრამ მან იცოდა, რომ მალე სოჭში აღარ დამედგომებოდა. როცა მამას ვკითხე - ახსოვსდა თუ არა ის დრო, მას გაეცინა.

- მახსოვს თუ არა, მაშა? თითქოს გუშინ იყო. იუდკინმა კორტის გვერდით გამიყვანა და ლაპარაკი დაიწყო. თითოეულ სიტყვას ყურადღებით არჩევდა:

- იური, უნდა დავილაპარაკოთ შენი გოგონას თაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩოგბურთზე ვილაპარაკებთ, ამ სპორტში მაშა მოცარტს ჰგავს. მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთ
ესო გახდეს. ეს შედარება, უბრალოდ, ინფორმაციისთვის მომაქვს, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა.

- პრობლემა? - ჰკითხა მამამ იუდკინს.

- დიახ, პრობლემა. რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ მე-19 საუკუნის ვენაში. ეს სოჭია და ჩვენ მე-20 საუკუნეში ვცხოვრობთ. ასე რომ, დღეს აქ მოცარტი რომ დაბადებულიყო, მის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. გასაგებია?

- ბოლომდე არა.

- მაშინ უფრო მარტივად გეტყვი, - ახსნა იუდკინმა. - თუ შენ გინდა განავითარო შენი ქალიშვილის ნიჭი, მაშინ რუსეთიდან უნდა გაემგზავროთ. არავინ იცის, საით მიექანება ეს ქვეყანა. არავინ იცის, ხვალ რა საქმით იშოვი პურის ფულს. და ამ ყველაფრის ცენტრში შენ იმყოფები, მაშასთან ერთად. ასე რომ, შენი გადასაწყვეტია. შეძლებ მისი ნიჭის განვითარებას? ეს საქმე ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს. მოგიწევს ამ საქმეს შეალიო მთელი შენი ცხოვრება.

- მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარია პასუხი კითხვაზე - რამდენად თავდადებული და მონდომებულია შენი ქალიშვილი? - აგრძელებდა იუდკინი. - ის ძლიერია. ეს მე უკვე ვიცი. მაგრამ რა მოხდება პერსპექტივაში? მას ხომ მუდმივად მოუწევს თამაში - ყოველ დღე, წლიდან წლამდე. ხომ არ შეიძულებს ამ ყველაფერს? ლაპარაკია არა სპრინტერულ დისტანციაზე, არამედ მარათონზე. როგორ გაუმკლავდება ამ ყველაფერს არა ერთი ტურნირის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში? რამდენ ხანს ეყოფა მონდომება? ხუთი წელი? ათი? არავინ იცის პასუხი ამ კითხვაზე.

Rating

მამა ამბობს, რომ იმ მომენტში, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, მან მიიღო გადაწყვეტილება. შინაგან წინათგრძნობაზე დაყრდნობით. როცა გონებას აძლევ საშუალებას - შინაგან წინაგრძნობაზე მაღლა დადგეს, საკუთარ ცხოვრებას აფუჭებ. იურის ამის ძალიან სჯერა. მან ბევრი არაფერი იცოდა ჩოგბურთის შესახებ და არ ჰქონდა ილუზია, რომ მომავალ სირთულეებს იოლად გაუმკლავდებოდა, მაგრამ მალე გადაწყვიტა, რომ შეძლებდა სწავლას. მოახერხებდა გაეგო ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა. მისთვის მთელი საკითხი სურვილში იყო. თუ შენ გადაწყვიტე რაღაცის გაკეთება, მაშინ შენ შეძლებ ამას.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, მან ყველაფერზე უარი თქვა - თავის სამუშაოზე, თავის გეგმებზე, მომავალ პენსიაზე. მან საკუთარი თავი მიუძღვნა ერთადერთ მიზანს: თავისი ქალიშვილი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელად ექცია. ის რომ ერთი წუთით დაფიქრებულიყო ამაზე, მიხვდებოდა, რომ ეს იყო აბსოლუტური სისულელე. ამიტომაც, არ დაფიქრდა, არამედ პირდაპირ საქმეს შეუდგა. დაიწყო იმით, რომ წაიკითხა ყველაფერი, რაც იპოვა ჩოგბურთზე და მწვრთნელის სამუშაოზე. ბოლოს და ბოლოს, მან გადაწყვიტა, რომ არ იქნებოდა ჩემი მწვრთნელი, არამედ გააკონტროლებდა სხვა მწვრთნელების სამუშაოს. ერთგვარი მწვრთნელების მწვრთნელი.

- ყველა დიადი მიღწევის საწყისია ერთი მრჩეველი, ერთი ხმა, - ახსნა მან. - შენ შეიძლება დაიქირაო ნებისმიერი იმისთვის, რომ მოგცეს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ პროცესს უნდა აკონტროლებდეს ერთი ადამიანი. და ეს არ არის მწვრთნელი. ეს არის ადამიანი, რომელიც მწვრთნელებს ქირაობს ან უშვებს თანამდებობიდან, მაგრამ, რომელსაც ყოველთვის აქვს თვალწინ მიმდინარე ამბების სრული სურათი. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მშობელი, თუმცა, უფრო ხშირად ყოველთვის ასე ხდება. თუ შენ დააკვირდები ამ თამაშის ისტორიას, დაინახავ, რომ ასეთი ადამიანი თითქმის ყველას ჰყავს. დებ უილიამსებს - მათი მამა. აგასის - მამა და ნიკ ბოლეტიერი. და ასე ყველას.


Rating


და დედაჩემი? რას ფიქრობდა ის ამ ახალ რადიკალურ გეგმაზე?

მამაჩემი გეტყვით, რომ ის თავიდანვე მხარს უჭერდა ქმარს და ბრწყინვალედ მიაჩნდა იდეა - მიგვეტოვებინა ყველაფერი და თავი მიგვეძღვნა ჩოგბურთისთვის. მაგრამ თუ დედაჩემს შეეკითხებით, მაშინ ისტორია გაცილებით რთული იქნება. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჯეროდა ჩოგბურთის, მაგრამ მთლიანად ენდობოდა მამაჩემს. დარწმუნებული ვარ - როცა მამა უზიარებდა მას მომავალის საკუთარ ხედვას, ასაბუთებდა თავის გადაწყვეტილებას, აცნობდა სამომავლო გეგმებს, დედა მას უყურებდა, როგორც შეშლილს. მაგრამ უყვარდა და სჯეროდა მისი, ამიტომაც შეეგუა.
- ის ძალიან იყო დარწმუნებული, - მიყვებოდა დედა მოგვიანებით. - იმდენად, რომ მივხვდი - იდეა გაამართლებდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მამაჩემი სამსახურიდან წამოვიდა. მთელ დროს ერთად ვატარებდით, საათობით ვმუშაობდით ერთიანი მიზნის მისაღწევად. ეს იოლი არ იყო - ხანდახან რთულია მასთან საქმის დაჭერა. მაგრამ არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ მას ვუყვარდი. ჩვენ ვმოძრაობდით წინ მცდელობებისა და შეცდომების გზით, ვარჩევდით და ვტესტავდით ვარჯიშების ჩვენეულ ხერხებს. მალე ყველაფერი დავიდა ყოველდღიურ რუტინამდე: ვიღვიძებდი ძალიან ადრე, ვსაუზმობდი, ჩოგანს ვიღებდი და ავტობუსით, ამომავალი მზის სხივების ფონზე მივდიოდი "რივიერამდე".

ითვლებოდა, რომ კორტები წითელი გრუნტით იყო დაფარული, მაგრამ იმის გამო, რომ მას არავინ უვლიდა, საფარი მუქი რუხი ან თითქმის შავი ფერის იყო. ჭუჭყი სწრაფად ედებოდა ფეხსაცმელებსა და წინდებს. თუ წინა დღეს წვიმა ან მაღალი ტენიანობა იყო, ბურთი მძიმდებოდა და მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად ეცემოდა. მაგრამ კარგ ამინდში ბურთი სწრაფად დაფრინავდა ჰაერში. მე შემიყვარდა დილით, ცარიელ კორტებზე ჩოგნიდან ასხლეტილი ბურთის ხმა.

არ მჭირდებოდა მამასთან ლაპარაკი იმის მისახვედრად, თუ რას ფიქრობდა ის. რა თქმა უნდა. ურთიერთობა მშობლებსა და მათ სპორტსმენ შვილებს შორის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე კორტის სხვადასხვა მხარეს დგომა, ერთი და იმავეზე ფიქრი - ანუ არაფერზე ფიქრი. დიდი სიახლოვე, ალბათ, მიუღწევადია. გარკვეულწილად, მთელი ჩემი კარიერა - იმავე მომენტებისგან შედგება. შეიძლება ლაპარაკი ფულზე, პრიზებზე, დიდებაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთ გოგონამდე დადის, რომელიც დილით ადრე მამასთან ერთად ვარჯიშობს.

გარკვეული დრო ჩვენ ვამუშავებდით დარტყმებს, შემდეგ ვაკეთებდი გაწელვების ვარჯიშებს და ვაკვირდებოდი სხვა მოთამაშეებს. ამის შემდეგ, ჩვენ ვმუშაობდით თამაშის რაიმე კონკრეტულ ელემენტზე - ბექჰენდზე. მოწოდებაზე, ფეხების მუშაობაზე, ბადესთან გასვლაზე - არადა, დღემდე ვერ ვიტან ბადესთან გასვლას. თითქოს იქ მე ზვიგენი მელოდებოდეს. თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო მამის ან მისი ერთ-ერთი "პროფესიონალი" მეგობრის დამარცხება. ყოველ დღე ვუახლოვდებოდი ამ მიზანს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS