ირინა შეიკი, რომლის ნამდვილი გვარიც შაიხლისლამოვაა ჩელიაბინსკის ოლქში დაიბადა. ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა, თუმცა, როცა წამოიზარდა, ეს საქმე მობეზრდა. შემდეგ კი სილამაზის სკოლაში დას გაჰყვა, სადაც ქართველმა მოდის აგენტმა შენიშნა. მან გია ჯიქიძეზე ჟურნალ "V MAGAZINE"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ნიჟნი-ნოვგოროდში დაბადებული რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მის ოჯახს ძალიან უჭირდა. დედას რომ დახმარებოდა, რუსეთის ცივ ზამთარში ქუჩაში ხილს ყიდდა. როგორც ჟურნალ "Vogue"-ში ვკითხულობთ, 16 წლის მშვენიერი გოგონა მოდის აგენტმა სწორედ ბაზარში შენიშნა და სააგენტოში დაიბარა. 17 წლის ასაკში პარიზში გაემგზავრა და წარმატებამაც არ დააყოვნა. ვოდიანოვამ 300-ზე მეტი მოდის ჩვენების პოდიუმი დაამშვენა.
„რუსეთის ცივ ზამთარში ხილს ქუჩაში ვყიდდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვცდილობდი, თავი უკეთ მეგრძნო. მახსოვს, დედას თვიური საშუალო ხელფასი 25 რუბლი იყო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და მოულოდნელად ქუჩაში რუბლი ვიპოვე. გახარებული დედასთან მივედი, მან უფლება მომცა, მაღაზიაში წავსულიყავი და საჭმელი მეყიდა. ახლომდებარე სურსათში მივირბინე და ოჯახისთვის საჭმელი ვიყიდე. დღემდე მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს“, - განუცხადა რუსმა ლამაზმანმა "Daily Mail"-ს.
გია ჯიქიძე კრასნოდარში დაიბადა. სანამ საკუთარ სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო „ვივაში“ მუშაობდა. სააგენტოს დავალებით, მოდელებსა და ახალ სახეებს რუსეთსა და უკრაინაში ეძებდა. ჯიქიძე დასავლეთში რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი იყო. ამჟამად, ის გარდაცვლილია.
ანი ბერუაშვილი