26 იანვარი, 2014
''პირველივე კოცნის მერე მსუბუქად ვიგრძენით თავი''...
როცა გავიგე, რომ კოენებთან ვითამაშებდი და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ვიმღერებდი, პანიკა დამეწყო. კერი მალიგანის ახალ პროექტებს შორის არის ''ჩემი მშვენიერი ლედი'', რომელიც წელს გამოვა ეკრანებზე. კერის, რომელსაც ხშირად ადარებდნენ ოდრი ჰეპბერნს, ამ ლეგენდარული ქალბატონის ცნობილი პერსონაჟის განსახიერება მოუხდა. მის ბოლო ფილმებს შორის ასევე იყო ''დიდი გეთსბი'' და ''ლუინ დევისის შიგნით''.

ბრიტანელი მსახიობი კერი მალიგანი 1965 წლის 26 მაისს დაიბადა. ''ოსკარის'', ''ოქროს გლობუსის'' და ''ბაფტას'' პრემიების ნომინანტია. 28 წლის მსახიობს უმუშავია ისეთ მეგავარსკვლავებთან, როგორებიც არიან მაიკლ დუგლასი,
რაიან გოსლინგი, მაიკლ ფასბენდერი და ლეონარდო დი კაპრიო.
2012 წელს გაჰყვა ცოლად მუსიკოს მარკუს მამფორდს.

- მსახიობობა ბავშვობიდან მსურდა. მამა სასტუმროების ბიზნესში მენეჯერი იყო და ხშირად ვმოგზაურობდით, წლობით ვცხოვრობდით სხვადასხვა ქვეყანაში. მამა შრომისმოყვარე იყო, ძალიან იღლებოდა, მაგრამ საღამოობით ყოველთვის უყურებდა საყვარელ ფილმებს.
- ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის ქალიშვილს ოდესმე ''ოსკარზე'' წარადგენდნენ...
- მამას კინო უყვარდა, მე კი თეატრზე ვოცნებობდი. ბროდვეიზე თამაში მინდოდა, საკუთარი საგრიმიორო... ცოტა ხნის წინ გავაცნობიერე, რომ ოცნება ავისრულე. ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი, საგრიმიოროსა და საკუთარი დიზაინით შექმნილი სახლის ჩათვლით. ეს გაცილებით ძლიერი შთაბეჭდილებაა, ვიდრე ''ოსკარის'' ნომინაცია. ერთადერთი, განათლება ვერ მივიღე, როგორიც მინდოდა. 18 წლისა ვცდილობდი, მაგრამ სამი წელი ტყუილად დავკარგე. მრცხვენია ამის გახსენება...
- გადასაღებ მოედანზე თუ გაგდებთ რაიმე უხერხულობაში?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, შიშველი სცენა ფილმში ''სირცხვილი''. მოკრძალებულ ინგლისურ ოჯახში გავიზარდე, სადაც მუხლსქვემოთ კაბა უნდა გცმოდა და სახლშიც არ დავდივარ შიშველი. პრემიერებისთვისაც უფრო ისეთ კაბებს ვირჩევ, რომლებიც სურვილის ნაცვლად, ღიმილს გამოიწვევს. ჩემთვის ტანსაცმელი არ არის სილამაზის ატრიბუტი, არამედ თავდაცვის ჯავშანია.
- შარშან ორი განსხვავებული როლი შეასრულეთ: ქანთრი-მომღერალი ჯინი ფილმში ''ლუინ დევისის შიგნით'' და ბოჰემური არისტოკრატი დეიზი ''დიდ გეთსბიში''...
- როცა გავიგე, რომ კოენებთან ვითამაშებდი და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ვიმღერებდი, პანიკა დამეწყო. მაგრამ ჩემი ქმარი ამომიდგა მხარში და ყველაფერს გავართვი თავი.
- ლეონარდო დი კაპრიოსთან თამაში როგორი იყო?
- შესანიშნავი მსახიობია, დიდი იუმორის გრძნობით. თავიდან ვღელავდი, როგორ შევეწყობოდით. მაგრამ პირველივე კოცნის მერე მსუბუქად ვიგრძენით თავი და გადასაღებ მოედანზე დილიდან საღამომდე ჩვენი სიცილი ისმოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS