22 იანვარი, 2014
ლიდია სოსელია: ''ეროვნებით ქართველი ვარ, მაგრამ რუსულ ფესვებზე გავიზარდე''
პირველ ხანებში თანამშრომლებს ხელფასსაც კი ვერ უხდიდა,  ლიდია სოსელია რუსეთში უკვე საკმაოდ აღიარებული მოდელიერია. დიზაინერს თავისი მოდის სახლი აქვს და 1967 წლიდან წარმატებით უძღვება მას. ყოველ წელს ანებივრებს კლიენტებს ახალ-ახალი, ქალური და მრავალფეროვანი კოლექციებით.

თავად ამბობს, რომ ბევრ რამეში გაუმართლა. ბავშვობაში არ უოცნებია მოდელიერობაზე, მაგრამ პიონერთა ბანაკში დაეუფლა კერვასა და ქარგვას და მიხვდა, რომ ეს სფერო ძალიან მოეწონა. ჯერ თავისთვის კერავდა სამოსს, მერე კი დიზაინერობაზე ოცნებაც დაიწყო.
შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ სტაჟირება იტალიაში გაიარა.

ამ გამოცდილებამ
ბევრი რამ მისცა, სამოსის შექმნის თავისებურებები შიგნიდან დაინახა და დიზაინერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიც აითვისა. იტალიაში ელიტა მოდის დიზაინერად იმუშავა.

ამბობს, რომ ბევრი იშრომა, მძიმე დღეებიც ჰქონდა ცხოვრებაში, სანამ თავის საქმეს წამოიწყებდა, თუმცა შრომა დაუფასდა. პირველ ხანებში თანამშრომლებს ხელფასსაც კი ვერ უხდიდა, მაგრამ თანამოაზრეები გვერდით ედგნენ და ბოლოს და ბოლოს, ბრენდის განვითარებაც მოახერხეს.

Rating

როგორც კი საკუთარი მოდის სახლი გახსნა, პირველი ჩვენებაც მოაწყო და უამრავი წინადადება მიიღო რუსული თუ უცხოური კომპანიებისგან. მისი ბრენდი დღეს რუსეთის საზღვრებს გარეთაც პოპულარულია, ამის წყალობით დიზაინერს აქვს საშუალება, საუკეთესო ქსოვილები გამოიყენოს და ელიტური კოლექციები შექმნას.

მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის 1990 წელს ოქროს მედალი მიიღო მიუნხენში და პირველი პრემია შვეიცარიის კონკურსზე. 1998 წელს მოსკოვში მაღალი მოდის კვირეულზე გადასცეს ასევე სპეციალური ჯილდო სამამულო მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სოსელიას უპირატესობა ისიც არის, რომ იგი სამოსს ფართო მასებისთვისაც ქმნის. მისი კოლექციის ტარება შეუძლიათ არა მხოლოდ მოდელის გარეგნობის მქონეთ, არამედ პუტკუნებსაც და ასაკოვან ქალბატონებსაც.

მას სპეციალური ხაზიც აქვს - ლიდია სოსელია პლუს - სადაც მხოლოდ პუტკუნა ქალებისთვის ქმნიან სამოსს. სხვათა შორის, ლიდია რუსეთში პირველი დიზაინერი იყო, ვინც ამ კუთხითაც დაიწყო მუშაობა.

ტანსაცმლის გარდა დიზაინერი მუშაობს აქსესუარებზე - ჩანთებზე, შარფებზე... მოდის სახლს აქვს საკუთარი წარმომადგენლობა და შოურუმი ბერლინში, ვერონაში.

რაც შეეხება მშობლიურ კუთხეს, ლიდია ამბობს, რომ მართალია, ქართველია, მაგრამ რუსეთი მისთვის ბავშვობიდან ახლობელ ადგილად იქცა, სადაც თავს გაცილებით კომფორტულად გრძობს.

- ეროვნებით ქართველი ვარ, მაგრამ რუსულ ფესვებზე გავიზარდე, ამიტომ, როცა უცხოეთში ძვირად ღირებული კონტრაქტი შემომთავაზეს, მაინც აქ დავბრუნდი, იმ იმედით, რომ ოდესღაც აქაც გაუმჯობესდებოდა სიტუაცია. მინდა, რუსულმა მოდამ მალე გაუწიოს კონკურენცია პარიზისა და მილანის მოდის სახლებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS