07 დეკემბერი, 2013
როდის იქცა ნატალი პორტმანი უწესო გოგონად
დაძაბული გრაფიკი გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვანაწილებთ დროს და ვასრულებთ პირობას - ერთ კვირაზე მეტად ერთმანეთს არ ვშორდებით ნატალი პორტმანი რა ხანია, აღარ არის პატარა გოგონა „ლეონიდან“ , როგორც ადრე მოიხსენიებდნენ ხოლმე. დღეს მას წარმატებული კარიერა, სერიოზული როლები და ჯილ-დოები აქვს, გარდა ამისა, უკვე ნამდვილი ზრდასრული ქალი და დედაა. როგორც თავად ამბობს, ეს როლი ყველაზე კარგად მოირგო და ქმართან ერთად შვილს სიამოვნებით ზრდის. გარდა ამისა, „დიორის“ სარეკლამო სახე კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.

- თქვენი ბოლო ახალი
ფილმი „თორის“ მეორე ნაწილია. ამ სურათში ნამდვილი სუპერგმირი ხართ. არადა, ძნელია თქვენი წარმოდგენა მეომარი ქალის როლში...
- რას იზამ, ახლა ძლიერი ქალების დროა. ადრე გოგონებს ბრძოლებამდე არ მიუშვებდნენ, ახლა კი ჩვენ გარეშე აღარ გამოდის - ემანსიპაცია სულ უფრო ღრმად იჭრება კინოში. ალბათ, დროც არის უკვე. ჩემი გმირიც კი შეიცვალა მუშაობის პროცესში. თუ გახსოვთ, მარველის კომიქსებში ის მედდაა, ჩვეულებრივი ქალი. ფილმის სცენარში კი ინტელექტუალ ასტროფიზიკოსად გადაიქცა.
- ბავშვობაში, როცა იდეალურ, მორჩილ და მშვენიერ გოგონად მიიჩნეოდით, ასეთ რამეს ვერც წარმოიდგენდით...
- ალბათ მართლა იდეალური ვიყავი. 1980-იანების „საპლაკატე“ ბავშვი, ბარბის თოჯინით ხელში. საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ ცოტა ჯანსაღი ეგოიზმი ხელს არ შემიშლიდა. დროთა განმავლობაში საკუთარი თავის მოსმენა და დაჯერება დავიწყე და არა სხვების, მივხვდი, რომ შემეძლო, მოვქცეულიყავი ისე, როგორც თავად მსურდა. მაგალითად, შემიყვარდა რეპი, რომელსაც „წესიერი“ გოგონები არ უსმენენ ხოლმე.
- გათხოვებამ და დედობამ შეგცვალათ?
- რა თქმა უნდა, ბავშვის დაბადებით ჩემს ცხოვრებაში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდა. ჩემს ქმარს, ქორეოგრაფ ბენჯამინ მილპიეს, როგორც იცით, „შავი გედის“ გადაღებებზე შევხვდი. იმ მომენტში ორივენი ჩამოყალიბებული ადამიანები ვიყავით და ერთმანეთი ისეთად მივიღეთ, როგორებიც ვართ.
- ალბათ, ახლა, როგორც დედა, დედათქვენისგან იღებთ მაგალითს...
- რა თქმა უნდა. თუ მე მას დავემსგავსები, არა მხოლოდ ჩემი ვაჟი ალეფი, არამედ მეც, მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, დამიჯერეთ, მართლა ცოტა თავისუფალი დრო მრჩება, არასდროს ვანდობ ვაჟის აღზრდას ვინმე სხვას. ალბათ, ეს გენებში მაქვს.
- მომავალ წელს თქვენს ქმარს პარიზის ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნიშნავენ. ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ახალი თანამდებობა თქვენს სამუშაო გრაფიკზე არ იმოქმედებს...
- რაკი ასე თქვა, ალბათ, ასე იქნება. პირადად მე ამჟამად ორ ფილმზე ვმუშაობ, თანაც, მომავალში რეჟისორობასაც ვაპირებ. ორივეს დაძაბული გრაფიკი გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვანაწილებთ დროს და ვასრულებთ პირობას - ერთ კვირაზე მეტად ერთმანეთს არ ვშორდებით.
- ახლა ბევრი ენერგიაც დაგჭირდებათ, დიეტები არ გამოგფიტავთ?
- მკაცრი ვეგეტარიანელი აღარ ვარ, თუ ამას გულისხმობთ. ჯერ ერთი, ჩვენს დატვირთულ ცხოვრების რიტმში ვერ მიხვდები, არღვევ თუ არა აღებულ ვალდებულებებს. მაგალითად, შეიძლება, რძის პროდუქტებზე უარი თქვა, იყიდო ორცხობილა, მაგრამ აზრზეც არ იყო, რა ცხიმს იყენებს მწარმოებელი. მეორეც, შვილის დაბადების შემდეგ აუცილებლად უნდა ვაკონტროლო მიკროელემენტების ბალანსი ორგანიზმში, ჯანმრთელი უნდა ვიყო პირველ რიგში შვილისთვის. ეს კი მთავარია.
- ცნობილია, რომ დიპლომიანი ფსიქოლოგი ხართ - მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელი, ჰარვარდი დაამთავრეთ. უნივერსიტეტში დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. არ ნანობთ, რომ მეცნიერებას არ გაჰყევით?
- განათლების მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ უკეთ გავრკვეულიყავი ადამიანთა მოტივებში. საოცრად მადლიერი ვარ ჩემი პედაგოგების, რომელთაც ეს მასწავლეს. კინოში უამრავ უცნაურ ადამიანს ვხვდები და ვაღიარებ, მათი საქციელისა და ქმედებების გაანალიზება მაინტერესებს. ასე რომ, გამოდის, მსახიობობით ფსიქოლოგიისგან ძალიან შორს არ წავსულვარ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS