13 მაისი, 2013
როგორ მოვიპაროთ მილიონი
მოდიოდნენ, ხელს გვართმევდნენ, გვეუბნებოდნენ: „მოგვბეზრდა ნარკომანებისა და დებილების დევნა, თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა ჩვენთვის დიდი პატივია“. ყოფილი ქურდი, ახლა კი უსაფრთხოების სისტემათა ექსპერტი იგორ შაიდუროვი მოგვითხრობს, როგორ მოვიპაროთ მილიონი და სტრადივარიუსის ვიოლინო, ქურდობის ფსიქოლოგიასა და იმაზე, რამდენად ადვილია პირველი ქურდობების აღიარება:

„ჩემს მომავალ თანამზრახველთან ერთად საერთო საჯარისო ხელმძღვანელთა ასეულში ვსწავლობდი. პირველი დანაშაული ჯერ კიდევ კურსანტობისას, 1988 წელს ჩავიდინეთ - „სუხანოვოს“ სახელობის არქიტექტორთა სახლში ანტიკვარული კანდელაბრები და ბრა მოვიპარეთ. ყველაფერი იაშამ მოიფიქრა, მას ოპერაციის გამოთვლაში დახმარება სჭირდებოდა, მე
გვერდით აღმოვჩნდი. ქურდობა ფულის გამო არ დაგვიგეგმავს. იაშა კარგი ოჯახისშვილი იყო, მამაჩემი სამხედრო გახლდათ, ანუ პურისა და სიგარეტისთვის ფული გვყოფნიდა. ალბათ იყო ამაში ავანტიურიზმის წილი. ანტიკვარიატის ღირებულება მხოლოდ გაყიდვისას გავიგეთ. აღებული ფული რესტორნებში, ტაქსიში, სასტუმროებში, ტანსაცმელზე, ვიდეომაგნიტოფონებსა და დროსტარებაში დავხარჯეთ - ყველაფერში, რაც ახალგაზრდებს სჭირდებოდა. შემდეგი ამბავი 1990 წელს უკავშირდება: საბჭოთა არმიის კლუბიდან ორი ლამაზი ლარნაკი მოვიპარეთ, რომლებიც ძალიან ძვირი ღირდა. მოგვიანებით ამ ქურდობის შესახებ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ წავიკითხეთ და ამან ძალიან დაგვძაბა, მაგრამ როგორღაც ყველაფერი თავისი გზით წავიდა...
შემდეგ იყო რამდენიმე ხმაურიანი დანაშაული, მათ შორის გლინკას სახელობის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმებიდან სტრადივარიუსისა და შტაინერის ვიოლინოების მოპარვა, სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკიდან - 256 რარიტეტი, პირველი „ანბანი“ და ივან ფეოდოროვის „სამოციქულო წიგნი“ წამოვიღეთ.

დანაშაულის ფსიქოლოგიაზე
მე და იაშას თავი გმირებად არ მიგვაჩნდა, ვფიქრობდით, რომ მაგრები ვართ და ყველაფერი კარგად გამოგვდის. დილით იღვიძებ, აკვირდები, აფასებ, ფიქრობ, რაღაც ტექნიკურ ნივთებს ყიდულობ, სინჯავ, - ეს ერთი ამბავია... ყველა დანაშაული რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ჩვენ შეცდომის უფლება არ გვქონდა, ხატოვნად რომ ვთქვა, შინ რომ ზიხარ და სეიფის გახსნაზე ვარჯიშობ, ეს სხვა თემაა. სეიფის გახსნა მაშინ, როცა იცი, შეიძლება თავზე ავტომატმომარჯვებული ადამიანები წამოგადგნენ, ძალიან რთულია.
ამ ამბავზე ახლა ასე მშვიდად იმიტომ ვყვები, რომ ხატებსა და ჯვრებს ხელს არ ვკიდებდი, მოხუცებს პენსიებს არ ვპარავდი, გოგონებს არ ვაუპატიურებდი. სერიოზული ქურდობით ვიყავი დაკავებული. მიუხედავად ამისა, მრცხვენია ჩემი მშობლების...
1990-იან წლებში კრიმინალურ სამყაროში სხვადასხვა მიმართულება იყო: ვიღაც ქურდობდა, ვიღაც ყაჩაღობით იყო დაკავებული, ზოგი კომერსანტებს ფულებს „აწერდა“, იყვნენ ჭკვიანი ადამიანებიც. ჩვენ რთული ქურდობით ვიყავით დაკავებული, მაგრამ რადგანაც ქუჩაში ამ ბანდიტებს შორის დავდიოდით, მათგან თავი ჩვენც უნდა დაგვეცვა: მიდიხარ ბოლო მოდაზე ჩაცმული, მობილური ტელეფონით, ძვირად ღირებული მანქანით - რა თქმა უნდა, ვიღაცას ჩვენი გაქურდვის სურვილიც უჩნდებოდა... საკუთარი თავის დაცვაც გვიწევდა, ამის გარეშე შეუძლებელი იყო.

პირველი დაჭერის შესახებ
წიგნების გაყიდვისას „დაგვწვეს“. ფული დაგვჭირდა, რადგან იაშას კაზინოში თამაში უყვარდა და ვალები დაედო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაეხადა. ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელმა, სადაც წიგნის გაყიდვას ვცდილობდით, რაღაც იეჭვა და მილიციას აცნობა. მე საფრთხე ვიგრძენი და იაშას ვუთხარი, აღარ მივსულიყავით ფულის გამოსართმევად, მაგრამ არ დამიჯერა, შეხვედრაზე 15 წუთი დამაგვიანდა, მეგობარს რამდენიმე საათი ველოდე, ის კი თურმე უკვე აეყვანათ. მე აღარაფერი დამრჩენოდა იმის გარდა, რომ წიგნებსა და ვიოლინოებთან ერთად დავმალულიყავი.
ვიმალებოდი ერთი წელი - მოსკოვში, სოჭში, აფხაზეთში, ადლერში... ოფიციალური ვერსია დაახლოებით ასე ჟღერს:
ადლერში მანქანის მართვისას საგზაო ინსპექტორმა გამაჩერა, მინდობილობაც მქონდა და საკუთარ სახელზე გაფორმებული მართვის მოწმობაც, მაგრამ შეუკრავი ღვედის გამო ჯარიმა გამომიწერა. მისი მოქრთამვა ვერ შევძელი. იძულებული გავხდი, ჯარიმა გადამეხადა. ცნობამ, რომ ვიღაც შაიდუროვმა ჯარიმა გადაიხადა, ადლერიდან უმალ მიაღწია პეტროვკის 38-მდე. და ეს 1992 წელს, როცა ინტერნეტი არ არსებობდა. სრული აბსურდია. უბრალოდ, ვიღაცამ „ჩამიშვა“.
დამიჭირეს, მე 7 წელი, იაშას - 8 წელი მიუსაჯეს, მალე ამნისტია შეგვეხო, წელიწად-ნახევარი მოგვაკლეს, პლუს ვადამდე ადრე პირობითი და შედეგად 5 წელიწადში გავთავისუფლდი. ჯერ კიდევ კოლონიაში მომივიდა იდეა, მე და ჩემმა მეგობარმა კიდევ ერთი ძარცვა დავგეგმეთ.
ახლა ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ მაშინ გვეგონა, ეს ჩვენი ბოლო საქმე იქნებოდა - გვინდოდა ამ ამბის შემდეგ რაიმე კომერციული კომპანია დაგვეარსებინა. და როგორც ეს ხშირად ხდება, ბოლო ოპერაციაზე დაგვიჭირეს.

ძარცვისთვის მზადება
ოპერაცია, რომლის გამოც მეორედ დამაპატიმრეს, ტექნიკურად ყველაზე რთული იყო, თანხა არც ისე ბევრი, დაახლოებით მილიონ დოლარამდე, მაგრამ ჩანაფიქრის გეგმა ძალიან შრომატევადი გახლდათ.
ეს იყო ძვირფასი, ბრილიანტისთვლიანი საათების მაღაზია. თავიდან საჭირო იყო იმის გამოთვლა, სად იყო დამონტაჟებული სიგნალიზაცია, შემდეგ - სეიფის ოთახი რომელშიც ყველა საათს ინახავდნენ, რადგან თითოეულის ღირებულება 100 ათას დოლარს აღწევდა. ყველაფერი ეს ზუსტად, სანტიმეტრებში უნდა გვცოდნოდა. სარდაფში უნდა მოგვეძებნა ადგილი, მოგვერგო გასაღები, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში დღე და ღამე ჩუმად გამოგვეთხარა სეიფში შესაძრომი: ამ დროს შეიძლება რკინის ყუთი ან ჩამოვარდნილიყო, ან სეიფის ქვეშ ღრმულს გავაკეთებდით და შემდეგ ავტოგენით დავიწყებდით მუშაობას. გამუდმებით გვიწევდა იმის შემოწმება, მიაგნო თუ არა დაცვამ საძრომს. ხვრელს ყოველდღიურად ვაფართოებდით, შემდეგ ვღებავდით და ვნიღბავდით. საერთოდ არ გვეძინა. როგორც იქნა მუშაობა დავამთავრეთ.
150 მეტრი სიგრძის შენობა მოსკოვის ცენტრში კომსომოლსკის პროსპექტზე იდგა, სარდაფში შესასვლელი ერთ ბოლოში იყო, მაღაზია - მეორეში. კარგად გვესმოდა, რომ თუკი განგაშის ხმაზე დაცვა მოვიდოდა, ქუჩაში გაუსვლელად სადარბაზოში უნდა აღმოვჩენილიყავით, ლიფტით სახურავზე ავსულიყავით, ამიტომ კიდევ ერთი ხვრელი შენობის შუაში გავაკეთეთ. სახურავიდან მეორე სახლზე ექვსმეტრიან კედელზე გადასასვლელად საჭირო იყო უზარმაზარი დაფები, რომლის ატანაც მხოლოდ „კანატკით“ შეიძლებოდა და თანაც ისე, რომ არავის დაენახა. დაფებისგან კიბე გამოვჭედეთ და სხვენში დავმალეთ. ეჭვი რომ არ აეღოთ, ათასობით ბოქლომი ვიყიდეთ, რომ სხვენისთვის მოგვერგო.
შესაბამისად, სანამ მაღაზიასთან მისული დაცვა მიხვდებოდა სად იყო შესასვლელი და სად - გამოსასვლელი, ჩვენ ამ მეორე ხვრელიდან სადარბაზოში შევიდოდით, ლიფტით სახურავზე ავიდოდით, შემდეგ კიბით მეორე სახლის სახურავზე, შემდეგ მესამეზე, თან კიბე მესამე სახლის სხვენში უნდა გადაგვეტანა, რომელიც მაღაზიიდან მთელი კვარტალით იყო დაშორებული, ტანსაცმლის გამოცვლას ვასწრებდით, გარეთ თეთრ პერანგში ჩაცმულები გამოვიდოდით, ნაგავში ტანსაცმელსა და ნაქურდალს ჩავყრიდით, დავრეკავდით - მოვიდოდა ნაგვის მანქანა, რომელსაც წინასწარ მოველაპარაკეთ, ნაგვის ურნას აიღებდა და წაიღებდა.
ვფიქრობ, გვითვალთვალებდნენ. ოფიციალური ვერსია ასეთია: მაღაზიის მფლობელს სახლის გასაღები კაბინეტში დარჩა და უკან მიბრუნება გადაწყვიტა... მე და ჩემს თანამზრახველს ორ-ორი წელი მოგვისაჯეს.
როდესაც მილიციამ გააანალიზა ჩვენი ოპერაციის მსვლელობა, მოდიოდნენ, ხელს გვართმევდნენ, გვეუბნებოდნენ: „მოგვბეზრდა ნარკომანებისა და დებილების დევნა, თქვენნაირი დამნაშავეების დაჭერა ჩვენთვის დიდი პატივია“.

როგორ უნდა დაიწყო ცხოვრება თავიდან
ციხეში მეორედ ჩაჯდომისას, თავი დავირწმუნე, რომ ეს ჩემი ბოლო პატიმრობა იქნებოდა, და ჯერ კიდევ ტუსაღმა ბიზნესგეგმა დავწერე: მსჯავრდადებულთა იურიდიული პროექტი და ავტომანქანების მფლობელებისთვის დაზღვევა მოვიფიქრე, მაგრამ გათავისუფლებულმა ავტოდაზღვევის შესახებ გავიგე. მიუხედავად ამისა, მყარად გადავწყვიტე, ხელფასზე მეცხოვრა.
შვიდი წლის განმავლობაში მიწევდა იმის მტკიცება, რომ კრიმინალს თავი დავანებე, რომ ჩემი შინ შეშვება და ნდობა შეიძლებოდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამჟამად ტელევიზიაში პროგრამის თანაწამყვანი ვარ. ასევე კონსულტაციებს ვატარებ შენობის უსაფრთხოების საკითხებზე როგორც კერძო პირებთან, ასევე რესტორატორებსა და სახელმწიფო მუზეუმებთან.
წარსულზე არ ვდარდობ. რომ არ მომეპარა სტრადივარიუსის ვიოლინო, ჩემგან ვერ დადგებოდა ის, ვინც ახლა ვარ. თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო ჩემს კრიმინალურ წარსულზე ტელევიზიითაც, რადგანაც ცოდვები მოვინანიე და ყველას დავუმტკიცე, რომ ყველაფერი წარსულში დავტოვე, მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს სამსახური, გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იაშკამ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ გაწყვიტა“.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეთო
ძალიან ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება ჩანს! ადამიანს უფალი ყოველთვის აძლევს შანს შეცდომების გამოსასწორებლად
13:12 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS