19 ნოემბერი, 2016
რას ფიქრობენ ქუთაისელები პარლამენტის შენობის მდებარეობაზე - „ვერც კი ვგრძნობ, რომ აქაა“
2012 წელს თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის შენობის გადატანას საზოგადოების მხრიდან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. "თავის დროზე პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა არ მომეწონა და ვფიქრობდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ. პარლამენტი თბილისში მრავალი მიზეზის გამო უნდა იყოს", ეს ლიტერატურული მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბარბაქაძის სიტყვებია.

ყველასათვის ცნობილმა მსახიობმა, მაია დობორჯგინიძე, იგივე მარიკამ, "შუა ქალაქიდან" განაცხადა: "პარლამენტის ახალი შენობა ძალიან მომწონს, მაგრამ ძალიან მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც იქ მუშაობს, რადგან ოჯახებს არიან მოწყვეტილები,".

ამ და სხვა მრავალ, ანალოგიური შინაარსის
განცხადებებს აკეთებდნენ ცნობილი და არა ცნობილი ადამიანები. პოლიტიკოსების ნაწილი მოიხიბლა ახალი იდეით, ნაწილი შიგადაშიგ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რადგან საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს შორის სამი საათის სავალი გზა, ბუნებრივია არავის ახარებდა. ასე თუ ისე, მათ მოუწიათ ამ მოვლენასთან შეგუება და დღეს, ქართველი პოლიტიკოსები მუდმივად ქუთაისსა და თბილისს შორის მოგზაურობენ. ხალხი კი ამ თემას კვლავ აქტუალურად განიხილავს.

18 ოქტომბერს, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ღამე მივდივათ ქუთაისისკენ და ტრასა ისეთი ჩაბნელებულია, კამიკაძე თუ არ ხარ, ამ ტრასაზე შუაღამისას არ უნდა იმგზავრო. მერე კითხვები რომ ჩნდება, რატომ ხდება ამდენი ავარია იმიტომ !!! ქუთაისში მაინც არ იყოს ეს პარლამენტი, წინ და უკან რომ დაქრიან, დავიჯერო ვერავინ ამჩნევს, რამხელა ხიფათის შემცველია ეს გზა?"

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქ.ქუთაისის მოქალაქეების აზრის გასაგებად, იმაზე თუ რას ფიქრობენ პარლამენტის მდებარეობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეს ფაქტი, ქვეყნის წინსვლისა და წარმატების იმედს უსახავს.

მანანა ლომთაძე, 63 წლის, დიასახლისი: პარლამენტის შენობა ქუთაისში უნდა იყოს, იქნებ ასე მაინც ეშველოს რამე ჩვენს ქალაქსა და საერთოდ, ქვეყანას. უსამართლობაა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება და მასშტაბური ორგანიზაცია დედაქალაქშია. ქვეყნის წარმატებისთვის საჭირო და უფრო მეტიც, აუცილებელია მნიშვნელოვანი ღონისძიებების სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება.

ნინო ჯიბლაძე, 17 წლის, მოსწავლე:
პარლამენტის შენობის ქუთაისში გადმოტანა კარგი აზრი იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი განტვირთვაა თბილისისთვის, მეორეც, იქნებ ამან ქუთაისი ცოტა გამოაცოცხლოს. მაგრამ, მხოლოდ ქუთაისისა და თბილისის "გამოცოცხლება" საკმარისი არაა, სხვა მასშტაბური დაწესებულებებისთვის სხვა ქალაქებიც უნდა გამოიყენონ. არასწორია პოლიტიკოსების მხრიდან, ამაზე უკმაყოფილების გამოხატვა, მეტი თავდადება და შრომა ევალებათ.

მარიამ იამანიძე,23 წლის, ფილოლოგი: რაღაც თვალსაზრისით პარლამენტის ქუთაისში ყოფნა მომგებიანია, პატარა, მაგრამ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქია, რომელსაც მსგავსი მასშტაბისა და სიდიდის დაწესებულებები აქტიურსა და ცოცხალს გახდის, მაგრამ სხვა რაკურსით თუ შევხედავთ, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის არც ისე კარგია.
ერთი ჩვეულებრივი პარლამენტის სხდომისთვის, რთულია ამხელა გზის გავლა ყოველდღე. ვფიქრობ, ქვეყნის ბიუჯეტი უფრო მნიშვნელოვანია.

გიგა მიქაძე, 47 წლის, მსახიობი:
ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს და საერთოდ, ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების თემა არ უნდა განიხილებოდეს.

ელენე ჯანხოთელი,45 წლის, მასწავლებელი:
არაფერს, არ ვფიქრობ, საერთოდ ვერც კი ვგრძნობ, რომ აქაა.

მამუკა კაკაურიძე, 39 წლის, ფოტოგრაფი: რომ ამბობენ, ქუთაისს მნიშვნელობა შეძინა პარლამენტის შენობამო, სირცხვილია! ქუთაისი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტის შენობა. ჩემი აზრით, პარლამენტის შენობა თბილისში უნდა იყოს, რადგან იქ უფრო მობილიზებულია საზოგადოება. ქუთაისი, უმჯობესია სტუდენტურ ქალაქად ჩამოყალიბდეს, ეს უძვველესი, კულტურისა და ხელოვნების ქალაქია. პარლამენტის აქ გადმოტანა უბრალო ფორმალობაა და მეტი არაფერი.

თათული ღვინიანიძე, 20 წლის, ჟურნალისტი:
ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში, პარლამენტის შენობა მეორეხარისხოვან ქალაქებშია, ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს საქართველოშიც, ეს აბალანსებს ქალაქების დატვირთვას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის.

ქუთაისის მოსახლეობის გამოკითხულთა 75% თვლის, რომ პარლამენტის შენობის დედაქალაქიდან გადატანა ჭკვიანურია, 15%-ის აზრით პარლამენტის შენობა დედაქალაქში უნდა იყოს, ხოლო დანარჩენ 10% საერთოდ, არ ინტერესდება ამ საკითხით.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ომეხი
იქნებ პარლამენტის წევრი ზუგდიდელია ან სამტრედიელი,თუნდაც ქუთაისელი ,მაშინ როგორ ფიქრობთ არ გაუჭირდებათ ამათ თბილისში სიარული? რატომ გგონიათ რომ ყველა პარლამენტარი თბილისელი უნდა იყოს?! გარდა ამისა განიტვირთება თბილისი, სამუშაო ადგილები გაჩნდება ქუთაისში - ბინებს ფასი დაედებათ! სახელმწიფომ გარკვეული თანხა უნდა გადიხდოს ბინის ქირაში,მაგრამ ვისაც ლუქსუს კომფორტი უნდა იმან თავის ჯიბიდან დაამატოს-ხელფასი კარგი აქვთ!
13:00 / 21-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS