10 მაისი, 2013
''კამათის შემდეგ ბენდუქიძემ ჩამიხუტა და მაკოცა''
ბოლოს მითხრა, თქვენ ისეთ სიტუაციაში მაყენებთ, რომ კეზერაშვილის მართლება უნდა დავიწყო და არ მინდა მაგის გამართლებაო, ახლა ვერ ვარ ხასიათზე და ზეგ მოდიო. ''ემას შოუ'' - ასე ჰქვია ''პალიტრა ტვ''-სა და რადიო ''პალიტრის'' ახალ გადაცემას, რომელიც ყოველ შაბათს, 19:30 წუთზე გადის. გადაცემას ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი უძღვება და ხელისუფლების მაღალ პირებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრება.

მისი კამერის ობიექტივში უკვე მოხვდნენ კახი კალაძე, გიორგი მარგველაშვილი და დავით დარჩიაშვილი. მეოთზე გადაცემა კი დიდი
სკანდალის მიზეზი გახდა. ჟურნალისტების ცნობილმა ''მტერმა'' კახა ბენდუქიძემ, გადაცემის ჩაწერისას უცენზურო სიტყვების კორიანტელი დააყენა და ინტერვიუს გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

გადაცემის ჩანაწერიდან ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაკვეთი სოციალურ ქსელში ჰიტად იქცა. მართალია, გადაცემა ხვალ საღამოს გავა ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში, მაგრამ მანამდე ჟურნალისტს ვთხოვეთ, ჩვენთვის საინტერესო დეტალები გაემხილა.

- ამ ინტერვიუმდე კახა ბენდუქიძესთან, როგორც რესპონდენტთან, არასოდეს მქონია შეხება, თუმცა ვიცოდი, რა ტიპი იყო. როდესაც გადაცემის ჩაწერის დროს შემოვიდა, პირველი, რაც არ მომეწონა, არავის მოგვესალმა. ჩემთან ერთად იყვნენ ორი ოპერატორი და ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, კითხვებიც შემდეგ ისე გადავალაგე, რომ მაქსიმალურად გავაჩერე სკამზე, მაგრამ შემოვიდა თუ არა, არ მოვეწონე (იღიმება). მსგავსი შემთხვევა ამდენი წელია არც ერთ რესპონდენტთან არ მქონია. პირველი, რაც მკითხა, ეს რომელი ტელევიზიააო, არადა, მანამდე მოლაპარაკებები გვქონდა. ალბათ დაკნინება უნდოდა, მას ხომ უნდა, ყოველთვის თვითონ იყოს დომინანტი. არ მომეწონა, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში რომ უთხრა, ბენდუქიძე ყველგან თავის მოედანზეაო. რატომ არის ყველგან თავის მოედანზე, ასეთი უნიკუმია ბენდუქიძე, რომ ყველაფერში ერკვევა? ჟურნალისტმა არც ერთ რესპონდენტს არ უნდა მისცე უფლება, თავის მოედანზე იყოს.
Rating- როგორ წარიმართა თქვენი საუბარი?
- როდესაც ვუთხარი, რომ ''პალიტრა ტვ''-დან ვიყავი, მკითხა, ''პალიტრა ტვ''-ს ნაგინები ვყავარ თუ არაო. არ მიყვარს ტყუილები და გულწრფელად ვუთხარი, არ ვიცი, ბატონო კახა, შეიძლება ჰყავხართ ნაგინები-მეთქი. პირველივე კითხვაზე გაღიზიანდა, არ დამაცადა, ბოლომდე დამემთავრებინა. მეუბნებოდა, მოუმზადებელი ხარ, წადი, წაიკითხე და მერე მოდიო. ყველა კითხვაზე მედავებოდა. შემდეგ შიდა პრაიმერი წამომცდა. შიდა პრაიმერი რა არის და გარე პრაიმერი რაო? იქ, სადაც მას ვეკითხებოდი ჭკუას, ბატონო კახა, რას ფიქრობთ ამ თემაზე-მეთქი მაშინვე მპასუხობდა. მაგრამ როგორც კი ჩემი პოზიცია ჩნდებოდა, მაშინვე იწყებდა დემაგოგიას. ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე ვკითხე, ვიცი, რომ ათასგვერდიანი წიგნის დაწერას აპირებს, სადაც ''ნაციონალური მოძრაობის'' შეცდომებზე ისაუბრებს, ვუთხარი, წიგნიდან ერთი გვერდი მაინც გაემხილა, ამაზეც მკვახედ მიპასუხა, რომ დავწერ, შემდეგ წაიკითხეო.
- კიდევ რა მოხდა საინტერესო, რასაც მაყურებელი შაბათს ნახავს?
- დავით კეზერაშვილზე ვკითხე, რატომ გამდიდრდა ხელისუფლებაში წასვლის შემდეგ და მისი რამდენიმე ბიზნესი დავუსახელე. ამაზე კონკრეტული თანხის დასახელებას მთხოვდა. მე რა ვიცი, რამდენი ფული აქვს მოპარული კეზერაშვილს, ამას ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგადასახადო სამსახურები. ვუთხარი, რომ რამდენიმე მილიონზე იყო საუბარი, მაგრამ კეზერაშვილის ფინანსური ანგარიშების დასახელება მთხოვა. შემდეგ წამოხტა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა. გაიქცა, შემდეგ ისევ მობრუნდა. ჩვენი კამათი კამერების მიღმაც გაგრძელდა. მეუბნებოდა, რომ ჩემი კითხვები თავიდან ბოლომდე სისულელე იყო და მთხოვდა გადაცემა არ გაგვეშვა, გიჩივლებთო. ვუთხარით, რომ ძალით არავის არ დაუბია და გადაცემა ეთერში აუცილებლად გავიდოდა.
- კამერების მიღმა ისევ გაბრაზებული იყო?
- არა, არ იყოს ისეთი აგრესიული. კამათის შემდეგ ჩამიხუტა და მაკოცა. მეუბნებოდა, პირველივე კითხვიდან შენი ყველა კითხვა სულელური იყოო. ლაპარაკს არ მაცდიდა. მე ვუთხარი, გაჩუმდით, ხომ დაამთავრეთ ლაპარაკი, ახლა მე გეტყვით, თუ ჩემი ყველა კითხვა სულელური იყო, ამდენი კითხვა დაგისვით და რატომ მიპასუხეთ-მეთქი. სანამ გულში ჩამიხუტებდა და მაკოცებდა, მითხრა, რედაქტორმა დაგიწერა კითხვები და პროვოკაციაზე ხარ მოსულიო. ყველა ჟურნალისტმა იცის ჩემი ხასიათი და შენც უნდა გამიცნოო. გამოვიდა, რომ ბენდუქიძესთან ''ნათლობა'' მქონდა. თურმე ამ პროცედურას ჟურნალისტების უმეტესობა გადის. პირველად მიდიან, შემდეგ ბენდუქიძე აუხირდება, გაიქცევა და მერე წინასწარ უთანხმდებიან, ამეცადინებს და შემდეგ ხდება ინტერვიუს ჩაწერა, რაზეც უარი ვუთხარი. ვეუბნებოდი, რომ რამდენიმე კითხვას დავუსვამდი და გადაცემა დაგვემთავრებინა, რაზეც არ დაგვთანხმდა. ბოლოს მითხრა, თქვენ ისეთ სიტუაციაში მაყენებთ, რომ კეზერაშვილის მართლება უნდა დავიწყო და არ მინდა მაგის გამართლებაო, ახლა ვერ ვარ ხასიათზე და ზეგ მოდიო.

ნინო კანდელაკი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
დადგმული სპექტაკლი პალიტრას და გადაცემის პიარისთვის! რამდენი გადაუხადეთ ბენდოს ააა?
18:25 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS