16 ოქტომბერი, 2013
არავინ ელოდოს ქართლოს ნატროშვილი გამოვა და მარგველაშვილის პაროდიას გააკეთებს

26 ოქტომბერს მეტეხის ხიდთან მივმართავ საზოგადოებას, მიშას რეზიდენციაც ჩანს იქიდან და პრემიერის სახლიც. შევაფასებ ამ ცხრა წელიწადს

ქართლოს ნატროშვილი პრეზიდენტმა ყვარელში რთველზე მიიპატიჟა. უცხოელ სტუმრებს გააცნო, გაუმასპინძლდა და შინ დასაჩუქრებულიც გამოუშვა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ პრეზიდენტის პაროდისტთან ბლიცინტერვიუ.

- ''ნანუკას შოუს'' ჩაწერაზე რომ ვიყავით, მაშინ ვთქვი, მე აქ ყურძენი უნდა დავწურო-მეთქი. ჩემი სოფელი, ზემო მაჩხაანი ახლოს არის ყვარელთან. იქ ვიყავი, ბიძაჩემს ჰქონდა რთველი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დამირეკეს, სად ხართო, მკითხეს. მანქანა გამომიგზავნეს და მიმიყვანეს. უკრაინული და ფრანგული
დელეგაცია იყო პრეზიდენტთან სტუმრად. ქართველებიდან ცნობილი სახეები არ მინახავს. იუშჩენკოს მიშამ გააცნო ჩემი თავი, ჩემი პაროდისტიაო, უთხრა. იუშჩენკო მალე წავიდა მოსასვენებლად. მე შვიდ საათამდე გავჩერდი სუფრასთან, თუმცა უფრო მეტი ვიმუშავეთ, ვიდრე მოვილხინეთ.
- პრეზიდენტმა არ დაგასაჩუქრა?
- კი, ღვინო მაჩუქა.
- ახლა ბლიცინტერვიუზე გადავიდეთ, წესები მარტივია, მე ვიწყებ წინადადებას, შენ ამთავრებ... მე რომ დავიბადე...
- არაფერი დაშავებულა (იცინის).
- არ მინდა მახსოვდეს...
- როგორ გამიფრინდნენ მტრედები... მეათე კლასში ვიყავი, მოსკოვიდან ჩამოვიყვანე დედალ-მამალი, თავისი პასპორტებით. ეწერა, როგორ უნდა მომევლო. დავკარგე პასპორტები და მოვლის პრინციპი ამერია. წესი ჰქონდა თავისი, ჯერ დედალი უნდა გაუშვა ერთი კვირა გალიიდან, მერე მამალი და მერე ორივე. ამ პრინციპით არ იკარგებიან, უკან ბრუნდება ორივე. მე ამერია, ჯერ მამალი გავუშვი, ერთი კვირის მერე - დედალი, მერე - ორივე. დაარტყეს წრე ჩემს კორპუსს და გაფრინდნენ. მახსოვს, როგორ დარდობდა თავწაკრული ბებიაჩემი ამ ამბავს. ზუსტად სამ დღეში მოსკოვში იმ გამყიდველთან მიფრენილან, საიდანაც ვიყიდეთ. ბიძაჩემმა იცნო და ჩამომიყვანა უკან. ის იცავდა ყველა წესს. ვუშვებდით გალიიდან, ოთხი დღე არ ჩანდნენ, მერე მოფრინდებოდნენ ისევ. ზამთარში დედალი ტირის თოფით მომიკლეს. მამალი ოთხი დღის თავზე ნერვიულობით მოკვდა გალიაში. აბა, მითხარი, შეიძლება, ამ ამბის დამახსოვრება გინდოდეს? როგორი ტრაგიკულია.
- ნამდვილად... მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი თუ...
- სახლში მარტო ვარ და მშია.
- ერთხელ იმდენი დავლიე...
- რომ თავი მართლა მიშა სააკაშვილი მეგონა (იცინის).
- სიამოვნებით ვიცეკვებდი...
- ნებისმიერ ქართულ ნაციონალურ ცეკვას სოხუმში.
- ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ''ქართული ოცნების'' დაპირებებს შევასრულებდი, მე მაინც (იცინის).
- ვერ ვიტან, როცა ჩემს ნივთებს...
- ურევენ. ჩემი და იყო ამისი ოსტატი, სანამ გათხოვდებოდა. ჩემს უჯრაში ქექვა ჩემი ტკივილია. ახლა დასვენებული ვარ ამ მხრივ.
- ოქროს თევზი რომ დავიჭირო...
- ოქროს ბირჟაზე გავაქცევ ეგრევე...
- არ მომწონს გოგო, რომელსაც...
- დილით გვიანობამდე სძინავს.
- ქალი რომ ვიყო...
- ეს რა უბედურებაა?! ქალი რომ ვიყო, კაცობაზე ვიოცნებებდი.
- ცოლი რომ მყავდეს...
- ძალიან ბედნიერი იქნებოდა ჩემთან.
- არაფერში გავცვლიდი...
- მიშას ნაჩუქარ ღვინოს.
- მგონი, დალევასაც არ აპირებ.
- დავლევ, ოღონდ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთ (იცინის).
- პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადას მალე ამოწურავს... შენც ხომ არ აპირებ ხალხთან გამომშვიდობებას?
- მეც მექნება გამოსამშვიდობებელი ოცწუთიანი ვიდეომიმართვა. 26 ოქტომბერს მეტეხის ხიდთან მივმართავ საზოგადოებას, მიშას რეზიდენციაც ჩანს იქიდან და პრემიერის სახლიც. შევაფასებ ამ ცხრა წელიწადს. შეიძლება, ამ მიმართვის დროს შუბლზე წითელი წვრილი ბურთულა გამიჩნდეს და არ შეგეშინდეთ (იცინის).
- რას აპირებ 27 ოქტომბრის მერე?
- თუ მიშა კვლავ აქტუალური იქნება, ვიქნები მეც. არავინ ელოდოს, რომ ქართლოს ნატროშვილი გამოვა და ალასანიას, უსუფაშვილის ან მარგველაშვილის პაროდიას გააკეთებს.
- როგორც ვხვდები, შენ და ყოფილი პრეზიდენტი დამეგობრდებით.
- ჰო, ალბათ მემუარებს დავწერთ ერთად (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინი
ალია ბალიას გავს!2 ერთნაირი საცოდავი და სამკურნალო.წერეთ ერთად მემუარები,როგორ გაისქელა ჯიბეები ამ 9 წელიწადში მაგ ნაგავმა,შენ თავი უკანტურე!!!!!
15:31 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
არადა რა მოუთმენლად ველოდი.
11:51 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კარგი ადამიანი ხარ ქართლოს!წარმატებებს გისურვებ!
00:38 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS