მოგეხსენებათ, გია სურამელაშვილს არასოდეს უჭირდა საზოგადოების გაოცება, მაგრამ მისმა ამბიციებმა პრეზიდენტობაზე ყველანაირი ნიუსი გადაფარა. მართალია, გადავრჩით და საბოლოოდ გადაიფიქრა, მაგრამ როგორ ჩანს, მიზეზი მხოლოდ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გახლავთ.
წინასაკონკურსოდ იმდენი საქმე აქვს, რომ დარწმუნებული ვარ ამომრჩეველთან შეხვედრას და მათი გულის მოგებას ვეღარ მოასწრებდა.
მართალია, გიამ პრეზიდენტის რეზიდენცია ცირკის არენაზე გაცვალა, მაგრამ როგორც გავიგეთ, კონკურსში მონაწილეობაზე ადვილად არ დათანხმებულა.
ჟურნალისტთა წრეში
უფრო მეტიც, გიასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს ჯერ ექსტრასენსმა აურა უნდა გაუზომოს და შემდეგ შეუშვას მომღერლის საბრძანებელში.
ბრილიანტებით დახუნძლული გია, ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, სადაც გია ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე დაცვის თანხლებით მღერის.
აი, ასე უბრალოდ, გია მიკროფონით ხელში დარბაზში დასერინობს და დაცვა უკან დაჰყვება, რომ აბეზარმა ქალბატონებმა ვარსკვლავი ზედმეტად არ შეაწუხონ.
ჩვენი ინფორმაციით, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' რეპეტიციებზე სურამელაშვილი დაცვის თანხლებით მიდის და ცეკვის ფეხსაცმლის ჩაცმაში დაცვა ეხმარება, უფრო სწორად ის აცმევს.
როგორც ჩანს, ეპატაჟური გია ქართველი ვარსკვლავების ''თვალის დასაბრმავებლად'' ბოლომდე იყენებს მის ცხოვრებაში არსებულ პრივილეგიებს.
იმედია, კონკურსის დაწყებისას, დაცვა მინიმუმ სცენაზე მაინც არ გამოჰყვება და დაგვაცდის ბოლომდე დავტკბეთ საქართველოს ერთადერთი ვარსკვლავის სცენური მოძრაობებით.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















