08 მაისი, 2013
რა საერთოა გია ხუხაშვილს, გივი სიხარულიძესა და ჩაკ ნორისს შორის?!.
''აბა, მსოფლიო ისტორიაში პური პირველად ვინ გახუხა?'' გია ხუხაშვილი ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა. თუკი ადრე ვანო მერაბიშვილი იყო ქვეყნის ხერხემალი, ახლა ეს წოდება ღირსეულად გადაიბარა აწ უკვე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, რომელიც, როგორც ჩანს, თავის საქმეებს ისე ხმაურიანად აკეთებს, რომ არა მხოლოდ ''ნაციონალების'', არამედ ''ქართული ოცნების'' მომხრეთა ყურადღებაც მიიქცია. 

გია ხუხაშვილის გვარს ინტერნეტსივრცეში თუ ზეპირმეტყველებაში ყველგან შეხვდებით, ხუხამ ეს გააკეთა, ხუხამ ბიზნესი დაატერორა, ხუხა ყველაფერს აკონტროლებს და ა.შ. იმდენი იძახეს, გია ხუხაშვილი პირველი კაცია საქართველოშიო, თან ისე,
რომ ამ დროს არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა, რომ ბოლოს ეტყობა მთავრობაში იფიქრეს, ცოტა უხერხულიაო და ბიძინა ივანიშვილმა მრჩევლად დანიშნა.

რას ურჩევს და როგორ, ეს უცნობი რჩება, მაგრამ, როგორც ამბობენ, ბიზნესსექტორში სამართლიანობის აღსადგენად გია ხუხაშვილი დღედაღამ ხმალამოღებული იბრძვის. მის სახელს ბოლო დროს საკმაოდ ბინძური სკანდალი დაუკავშირდა, გიორგი ფარესიშვილის ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ვგულისხმობთ. ჟურნალისტი და ყოფილი ''ქოცელი'', გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ ეს კადრები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან გელა ხვედელიძის, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის სახელის ხსენება დაიწყო უარყოფით კონტექსტში. თავად პრემიერის მრჩეველი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება ამ კადრების გავრცელებასთან არ აქვს და არც ბიზნესებს ''არეკეტებს'', როგორც ამას ''ნაციონალები'' ამტკიცებენ. ისე, ამ უკანასკნელთავის საქმოსნების ''დარეკეტების'' თემა უცხო არ უნდა იყოს...

ასეა თუ ისე, ხუხაშვილი ამასობაში ლეგენდარულ ფიგურად იქცა. მასზე ჩურჩულებენ, მის სახელს ახსენებენ ყველგან, სამსახურებსა თუ სახლების ნათელ და ბნელ კუთხე-კუნჭულებში და რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში. ''ფეისბუქზე'' გამოჩნდა ახალი გვერდი სახელად ''ხუხაშვილმა რა ჰქმნა (გია ხუხაშვილის სახელობის ეროვნული რუხი კადრინალიზმის სასწავლო ცენტრი''), სადაც ამ პოლიტიკურ ფიგურაზე უამრავი გამონათქვამი იპოსტება და კაცმა რომ თქვას, ზოგიერთი ძალიან სასაცილოც კია. ამ გვერდს უკვე 972 ''ლაიქი'' აქვს. ამჯერად ზემოხსენებული გვერდიდან ''ხუხალიტები'' ამოვკრიფეთ და რამდენიმეს შემოგთავაზებთ.

''ყველა გზა ხუხაშვილთან მიდის''.
''მე-7 დღეს ხუხაშვილმა ღმერთს ურჩია, დაესვენა''.
''თუ ხუხაშვილი არ მიდის ბიძინასთან, ბიძინა მიდის ხუხაშვილთან''.
''კოლუმბიურ ტელესერიალ ''ველურ გულებში'' მარიამ, სერხიოსა და ხუანის ურთიერთობაზე კომპრომატები დონ ხუხას დავალებით აჩვენეს''.
''ხუხაშვილმა უთხრა ჰიტლერს, გაზის გადასახადი მოგივიდა და თავი გაქვს მოსაკლავიო''.
''ხუხას საათი არ სჭირდება, ის თვითონ წყვეტს, რომელი საათია''.
''ტელეფონი რომ გამოიგონეს, უკვე სამი ''მისდ ქოლი'' იყო ხუხაშვილისგან''.
''ედემის ბაღის მითვისების სქემაში ხუხაშვილი იყო ჩართული, სწორედ მისივე გამოშვებული ვაშლით გაპრავდა ადამისა და ევას სამოთხიდან გაგდება''.
''ხუხაშვილი სარკეში არ ირეკლება''.
''ხუხაშვილმა უთვალავამდე ორჯერ დაითვალა''.
''აბა, მსოფლიო ისტორიაში პური პირველად ვინ გახუხა?''
''არსაკიძეს მარჯვენა ხუხაშვილის ზარის შემდეგ მოაჭრეს''.
''სანამ გამეფდებოდა, დავით აღმაშენებელი პირველს ხუხაშვილს შეხვდა''.


საინტერესოა, რომ ამგვარი გამონათქვამებით, რომელიც კონკრეტული ადამიანის ''ყოვლისშემძლეობას'' უსვამს ხაზს და იუმორითა და ირონიით არის გაჯერებული, თავის დროზე ამერიკელმა ერმა მსახიობი ჩაკ ნორისი დააჯილდოვა. თავად მსახიობი ამ ხუმრობებს ღიმილით ხვდებოდა. დღესაც კი, ინტერნეტსივრცეში ჩაკ ნორისის სახელისა და გვარის ჩაწერის შემდეგ მასზე უამრავ ასეთ გამონათქვამს ამოიკითხავთ. ეს ყოველივე კი მის როლებს უკავშირდება, ვინაიდან ჩაკ ნორისი ყველგან ისეთ გმირს ასახიერებს, რომელსაც არც ერთი ტყვია არ ეკარება, ეს კი ამერიკელი მაყურებლისთვის ირონიის საბაბი გახდა. მასზე გავრცელებული ხუმრობებიდან რამდენიმეს გაგაცნობთ:

''ჩაკ ნორისს შეუძლია, თავისი სახლიდან გაისროლოს ქაღალდი პირდაპირ გალაქტიკაში''.
''ჩაკ ნორისი არ ჭამს თაფლს, ის პირდაპირ ფუტკარს მიირთმევს''.
''ჩაკ ნორისს შეუძლია ფეხით მივიდეს... მთვარემდე''.
''ჩაკ ნორისი აინშტაინის მასწავლებელი იყო''.
''ჩაკ ნორისი სიზმრებს ''4 დეში'' ხედავს''.
''არსებობს მხოლოდ ორი რამ, რომელსაც ბრილიანტის გაჭრა შეუძლია, თავად ბრილიანტი და ჩაკ ნორისი''.
''მხოლოდ სამი რამ არის მუდმივი ამქვეყნად - სიკვდილი, ტეხასი და ჩაკ ნორისი''.


ჩაკ ნორისის მიმბაძველობით, მოგვიანებით ქართულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ერთი საინტერესო გვერდი - ''გივი ჩაკ ნორის სიხარულიძე''. ქართველ მსახიობს სიხარული არ დაუმალავს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩაკ ნორისს შეადარეს, გვერდი კი გაივსო გამონათქვამებით ამჯერად ქართველი მსახიობის შესახებ, ისეთებით, როგორც მაგალითად: ''გივის შეუძლია, პიანინოზე უკრავდეს და გიტარის ხმებს გამოსცემდეს'', ''გივიმ კაფკას დაუმთავრებელი ნაწარმოებები დაამთავრა და დაწვა'', ''კითხვის ნიშანი გივის დაღუნულია'', ''გრენლანდია გივიმ გაიტანა'', ''როცა არ იცის, გუგლი გივის ეკითხება'', ''ნიუტონს ვაშლი გივიმ ესროლა ხიდან'' და სხვა. აღსანიშნავია, რომ გივი სიხარულიძის ზემოხსენებული გვერდი 2011 წელს შეიქმნა და 6000-ზე მეტი ''ლაიქი'' დაიმსახურა.

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS