15 დეკემბერი, 2015
''ჩემი ცოლის დაქალები'' მორიგ სკანდალში გაეხვა - ''სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას''
გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" 12 დეკემბერს გასულ სერიას
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ბოლო სერიაში მოქმედება ბავშვთა სახლში განვითარდა, სადაც აღმზრდელი მკაცრად ექცეოდა პატარებს და არც განსაკუთრებული პირობებით გამოირჩეოდა დაწესებულება.

ამ სერიის წინააღმდეგ გაავრცელეს სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება ორგანიზაციამ "ბავში და ოჯახი", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" 12 დეკემბერს გასულ სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება.

გვინდა, განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის
რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.

სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას.

შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.

უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.

დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომელის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში.

ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც.

დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით, რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ როცა ისინი საჭიროებენ დამატებით ზრუნვას.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმაა", - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ქეთი
ასეთ სიბრიყვეს საქართველოშიც კი არ ველოდი! ამ ლოგიკით,ფილმში პატიმრებზე განხორციელებული ძალადობა რომ აჩვენონ,სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უნდა გააპროტესტოს,საავადმყოფოში ექიმის დანაშაულებრივი გულგრილობა ან უცოდინარობა რომ აჩვენონ,ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს წინააღმდეგი... გაიგეთ,ხალხო,მხატვრული ფილმია,მხატვრული!!! არ მინდა ვიფიქრო,რომ ეს უცნაურობა "რუსთავი 2"ზე ზეწოლის მცდელობაა. კონკრეტულ ბავშვთა სახლზე ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ ზოგიერთი ბავშვი(საკმაოდ ბევრი) საკუთარი დედ-მამისაგან განიცდის ძალადობას და სხვა შემთხვევებში როგორღა შეიძლება რაიმეს გამორიცხვა.
20:17 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რამაზი
ვეთანხმები, ძალიან ცუდად წარმოაჩინეს ბავშვთა სახლები
15:42 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS