02 დეკემბერი, 2015
ჟურნალის დამატების მიუხედავად, გაზეთ "კვირის პალიტრის" ღირებულება არ იცვლება
ჟურნალი ,,რეიტინგი" 13 წელია არსებობს. ყვითელი პრესა საქართველოში სწორედ რეიტინგთან ერთად განვითარდა. ჟურნალი წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო თემას აშუქებდა. მრავლად იყო ექსკლუზივები მის ფურცლებზე და გარეკანზე, მეტიც არაერთი სატელევიზო არხი სწორედ რეიტინგში დაბეჭდილი სტატიებიდან იღებდა ექსკლუზიურ მასალებს, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ყვითელ ტელე-შოუებში შუქდებოდა. ახლა ,,ყვითელი"" ,,რეიტინგის" 13 წლიანი ეპოქა დასრულდა. მის ნაცვლად გამოვა განახლებული ჟურნალი ახალი სახელით ,,Top რეიტინგი"", რომელიც თვეში ერთხელ ,,კვირის პალიტრასთან"" უფასოდ გავრცელდება.

მსოფლიოს სიახლეები, ტექნოლოგიური ინოვაციები, პოპულარული სასტუმროები, ბიზნესრეიტინგები, წარმატებული ადამიანების
რჩევები, შოუბიზნესი, მოდა, კულინარია - ერთი სიტყვით, ჟურნალში ყველაფერია იმისთვის, რომ მსოფლიო ტენდენციებზე მრავალფეროვან და ამომწურავ სიახლეებს გაეცნოთ. რაც მთავარია, ჟურნალის დამატების მიუხედავად, გაზეთ "კვირის პალიტრის" ღირებულება არ იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ "თოპ რეიტინგს", მკითხველი ფაქტობრივად, უფასოდ მიიღებს. "კვირის პალიტრის" სიახლე გაზეთის რამდენიმე ერთგულ მკითხველს გავაცანით:

გელა გეგეჭკორი: "წლებია "კვირის პალიტრის" მკითხველი ვარ - ყოველ ორშაბათს გაზეთის ყიდვა ჩემს ოჯახში ერთგვარ ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდა. ყოველთვის ვიცი, რომ "კვირის პალიტრის" საშუალებით ობიექტურ ინფორმაციას გავეცნობი.
მოხარული ვარ, თუ მკითხველებს გაზეთთან ერთად ჟურნალის ყიდვის შესაძლებლობაც გვექნება - ასე უფრო მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას მივიღებთ.

განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ვკითხულობ მსოფლიო სიახლეებს, ამიტომ ჟურნალს ყოველთვიურად ინტერესით დაველოდები".

მანანა ჟღენტი: "ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საინფორმაციო გადაცემა ნეგატიურ ინფორმაციაზეა ორიენტირებული. მედიის განწყობა კი, მაყურებელზეც შესაბამისად აისახება. ამ მხრივ "კვირის პალიტრა" მართლაც გამორჩეულია, რადგან გაზეთში სხვადასხვა სფეროზე მრავალფეროვან ინფორმაციას ვეცნობი. მიხარია, თუ გაზეთთან ერთად ჟურნალის შეძენასაც შევძლებთ, მით უმეტეს, თუ გაზეთის ფასი არ იცვლება. გამოდის,
"კვირის პალიტრა" მკითხველებს მაღალხარისხიან ჟურნალს გვჩუქნის, რაც თავისთავად უკვე სასიამოვნოა".

ჟურნალ "Top რეიტინგში" ყოველთვიურად სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიც გამოქვეყნდება, რაც დაინტერესებულ პირებს, პირველ რიგში კი ბიზნესმენებს, შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოსახლეობის ინტერესის სფეროებს მაქსიმალურად დააკვირდნენ. მოგეხსენებათ, ყველა წარმატებული ბიზნესი მომხმარებლის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს.

თავის მხრივ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ჟურნალის გამოცემაც სარეკლამო დამკვეთებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველი ინფორმაცია მკითხველამდე გაორმაგებული შესაძლებლობებით მიიტანონ.

"Top რეიტინგის" პრიალა ყდა და გვერდები სარეკლამო დამკვეთებისთვის დამატებითი სტიმულია, რომ პროდუქციის რეკლამა მკითხველს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით შესთავაზონ. ამას გარდა, ,,Top რეიტინგი" გაზეთის მთლიან ტირაჟთან ერთად გავრცელდება, მოგეხსენებათ ,,კვირის პალიტრა" ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია საქართველოში,შესაბამისად ,,Top რეიტინგი" ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი ჟურნალი იქნება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS