- რა ვიცი... ცუდად შეაფასეს? სალომემ კარგი ქულები მიიღო, კუტუნიოს თუ არ ჩავთვლით. ყველაფერი იყო კარგად. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა საზოგადოების რეაქციის, როცა სიმღერა არ მოეწონათ. ზოგადად მუსიკალურად ჩვენი საზოგადოება ამ ნომრის უკმაყოფილო იყო. მე მაინც მივიჩნევ, რომ სალომემ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი ამ სიმღერას, მამალი გოგოა. კარგი მომღერალია და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული ჩამოვა. ვიღაცების აზრი არ მაინტერესებს, თავისთვის დაიტოვონ.
რა თქმა უნდა, კუტუნიოზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას. როგორც ჩანს, კუტუნიო ჟიურიში დაყლ..ვდა!..
- რისი ბრალი იყო?
- ასაკი, ჩემო კარგო, ასაკი!..
- ასე ხუმრობენ, გლდანში რომ ვამღერეთ, იმიტომ იყო გაბრაზებულიო.
- მაგაზეც არ არის. მეორე კუთხითაც უნდა შევხედოთ - პირველ ტურში მხოლოდ კუტუნიო წამოდგა ფეხზე და სალომეს ფანტასტიკურ გამოსვლას აპლოდისმენტებით შეეგება. პროფესიონალურად და სწორ ჭრილში თუ განვიხილავთ, ეტყობა, რამსები აერია. რაც უნდა არ მოსწონებოდა სალომეს მეორე ტურის გამოსვლა, ეს ნამდვილად არ იყო 8-ქულიანი გამოსვლა და კუტუნიოსგან ძალიან ტენდეციური შეფასება გახლდათ. მედალიონს ორი მხარე აქვს. რა თქმა უნდა, როგორც პროფესიონალი, მუსიკოსი და ევროპაში აღიარებული ჰიტმეიკერი, კუტუნიო შეცდა და მისი პროფესიონალიზმი ჩემ თვალში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
- სიმღერის შეფასებას დავუბრუნდეთ. შენი აზრი მაინტერესებს ამ სიმღერის შესახებ, იყო თუ არა ამ კონკურსის შესაფერისი სიმღერა? ვალერი მელაძემ განაცხადა, რომ ეს რთული კომპოზიცია იყო და სალომეს ურჩევდა, მარტივი რამ შეერჩია.
- რთული კი არა, უფრო რთულად გასაგები სიმღერა იყო, მაგრამ რადგან გაიტანეს, რა პრობლემაა. აქ მაინც ბაიათური სიმღერების პოპური იყო, მხოლოდ ერთი ბაიათი რომ ყოფილიყო თავიდან ბოლომდე, ვფიქრობ, უფრო ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა ზოგიერთებისგან, რადგან ერთიანობაში აღიქვამდნენ. იმ კუტუნიომაც შესაძლოა, ვერ აღიქვა, ასეც შევხედოთ მშვიდი გონებით და დალაგებულად.
პირადად მე მერჩივნა, ემღერათ მხოლოდ ''პატარა ბიჭი დამეკარგა'', რადგან სალომესგან სწორედ სიმღერის ამ ნაწილის დროს წამოვიდა ენერგეტიკა. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს პოპური მარტივი აღსაქმელი იყო და ძალიან კარგად გადადიოდა ერთმანეთში, თუმცა უცხოელს შეიძლება ეფიქრა, რომ ეს ერთი სიმღერა იყო, მაგალითად, კუტუნიოსნაირ კუტუს.
- ანრი, ''ფეისბუქზე'' დიდი ამბავია ატეხილი, რომ ვერც კონკურსანტები გამოირჩევიან დიდად ვოკალის მაღალი დონით და ვერც ჟიურის წევრები. შენ რას ფიქრობ?
- ძალიან კარგად იცი ჩემი აზრი ამ სამარცხვინო კონკურსზე ზოგადად, მაგრამ ასეთი კონტინგენტი მართლაც არასდროს ყოფილა. წლევანდელი იურმალის კონკურსი არის ერთი დიდი სირცხვილი, იმიტომ რომ მუსიკალური გემოვნებისა და პერფორმანსის ამ დონეზე დაცემა არ გამიგია. ჯერ რა ''პადტანცოვკებით'' გამოდიან მომღერლები? თანაც, უკვე მკვდრები არიან და მათ ამის შესახებ არავინ არაფერს ეუბნება... უკვე ქელეხიც აქვთ გადახდილი, მაინც გამოდიან და მღერიან, რაც ძალიან უხერხულია. მით უმეტეს, ქართველი მაყურებლისთვის. ამას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს. ჩვენთან ჩამოყალიბდა გემოვნება, ვინ არის კარგი მომღერალი, ვინ - ცუდი და რომელია კარგი და ცუდი მუსიკა. რაღაცნაირი მოსასმენი და სანახავია იურმალის კონკურსი. ამ კონკურსზე სალომე ქათამაძე დივა და ქალღმერთია. მთლიანად რომ აიღო ეს კონკურსანტები, სალომე ყველას გადაწონის. აქ სალომე უფრო ჟიურიში წარმომიდგენია, ვიდრე კონკურსანტებს შორის.
ნინო მურღულია
სპეციალურად საიტისთვის




















