16 ივნისი, 2015
მოხალისე გიორგი კალატოზიშვილის დღიური სტიქიის ცენტრიდან- რამ გაანაწყენა ნანკას ძმა
ნანკა კალატოზიშვილის ძმა, გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც პროფესიით კინომცოდნეა, ფეისბუქზე წერს: 

„გუშინ გმირებზე ვწერდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ღირსეულ ადამიანებზე, მოხალისეებზე, რომლებმაც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, რომ მეორე დღეა ოჯახს და მეგობრებს ვუყვები მათზე. დღეს ანტიგმირებზე თუ არა, ყოველ შემთხვევაში უნიათო და უზნეო ჩინოვნიკებზეც დავწერ, მათ შორის მერიაზე და საკრებულოზე, რომლებმაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

14 ივნისი

1. 12 საათიანი კურიერის შემდეგ, რომელშიც ნარმანიამ მოუწოდა მოსახლეობას დახმარებისკენ, დაახლოებით 200-300 კაცი მივედით გმირთა მოედანზე, რომელზეც საპატრულო
თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები და ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი ლენტით. არ შეგვიშვეს. ჩვენ არაფერი ვიცითო მოხალისეების მობილიზების შესახებო, მიბრძანდით მერიაში, ალბათ იქ მიმდინარეობს მოხალისეების ჩაწერაო. არაკოორდინირებულობა, არაორგანიზებულობა იმთავითვე გამოიკვეთა და ეს გაგრძელდა მთელი დღე.

2. გვატარეს თითქმის 2 საათი აქეთ-იქით გმირთა მოედანზე, ხან ზოოპარკთან, ხან მემორიალთან, ხან 11 სართულიან კორპუსთან. ჯაბა სამუშია და სხვა ჩინოვნიკები დადიოდნენ აქეთ-იქით საქმიანი სახეებით და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ. მოხალისეები ხან ერთიი ჯგუფი მიაწყდებოდა იმ ადგილს, რომ გაეგო ინფორმაცია, ხან მეორე ჯგუფი მიდიოდა სამუშიასთან. ბოლოს ვერ მოვითმინე, ხმამაღლა და გაღიზიანებულმა მივმართე - ასეთი რა გჭირთ, რომ გუშინდელი ღამიდან მოყოლებული ერთი რუპორი ვერ გიშოვნიათ, რომ მოხალისეები არ გვატაროთ ასე ყურზე ხელმიდებულები, რომ რაღაც მაინც გავიგოთ თქვენი ნალაპარაკებიდანთქო. აბსოლუტურად მოუზამდებლები იყვნენ იმისთვის, რომ დაერაზმათ მოხალისეები 10 კაციან ჯგუფებად.

3. ინვენტარს ველოდით 2 საათზე მეტი. დაახლოებით 10 მოხალისემ გამოვართვით კეთილმოწყობის თუ რომელიღაცა სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც გადაღლილები ისვენებდნენ იქვე ხეებთან, ნიჩბები და შევუდექით გმირთა მოედანზე არსებული ბავშვთა ცენტრის დასუფთავებას.

4.
იმ 8 საათის მანძილზე, რაც იქ ვმუშაობდით, ჩვენთან არავინ მოსულა, არავის უკითხავს რამე გვჭირდება თუ არა. რა თქმა უნდა ოფიციალურ პირებს ვგულისხმობ, თორემ მოხალისეების ყურადღებას ყველაფერში ვგრძნობდით - მოტანილი წყლის, საჭმლის, ხელთათმანების სახით (შეიძლება თავისი სახსრებით ჰქონდათ შეძენილი, შეიძლება მერიამ მიაწოდა - რაც არ ვიცი, იმაზე ვერაფერს ვიტყვი). არცერთი ჩინოვნიკი, მერიის არცერთი წარმომადგენელი არ მოსულა ჩვენთან და არ უკითხავს გვჭირდება თუ არა რამე. არადა ჩვენ გუნდში მყოფ ერთ-ერთ ბიჭს 5 საათის განმავლობაში გამოჰქონდა შენობიდან ტალახი და წყალი "დუხოვკის პადნოსით". ელემენტარული ვედრო არ მოუტანიათ, რომ ასე არ გვეწვალა! თქვენი აზრით, ეს რამდენად ნორმალურია?!

5.
იქვე, მოედანთან, ვარაზის ხევთან ლამაზად გაწყობილი მაგიდა იდგა, რომელსაც გარს ერტყმოდა 40-მდე პოლიციელი, პირადი დაცვა და თეთრსაყელოიანი ჩინოვნიკები. შემოღობილი იყო ლენტით, მათთან მისვლა ჭირდა. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი - მე და ჩემი მეგობარი, უმაგრესი ადამიანი, ახალგაზრდა და ენერგიული ბიჭი, მოხალისე დავიძარით იმ ადგილისკენ იმის იმედით, რომ ურიკას ვიშოვნიდით და შევეჯახეთ წინააღმდეგობას. აქ მაგაზე ვერაფერს გეტყვიან, ხელმძღვანელობა ზის, აბა ამათმა საიდან იციანო. შე ჩემისა, აბა ვინ იცის?! აი, მართლა ამომასხა. მეთქი მერიის წარმომადგენელი მაინც მითხარით სად არის, ცარიელი ხელით გამოგვაქვს ლამის ტალახი და წყალითქო და ტიპი მპასუხობს "რას მეჩხუბები?! რას მიძაბავ?! რას მეკაჩავები"! დამიდასტურე თორნიკე ჩერქეზიშვილი, ჩემი თხოვნაა ჩემ ყოფილ კოლეგებთან და მეგობრებთან, მიხედეთ ასეთ ადამიანებს, ტყუილად არ ვატარებთ კომუნიკაციის ტრენინგებს! ასეთი ადამიანი ან უნდა მიაჩვიოთ სწორ კომუნიკაციას, ან გაუშვათ. თვითონ დგას სუფთა, დაბანილი, წვერგაპარსული, კმაყოფილი სახით და მეუხეშება!

6.
ძალიან უკმაყოფილო ვარ მედიის წარმომადგენლებით, ჩემი კოლეგებით, რომლებიც ვნახე და ისიც ვთხოვე, რომ სწორედ ასეთი ადამიანების კომენტარები ჩაეწერათ და გადაეცათ პირდაპირ ეთერში, რათა გაეგო ვისაც საჭიროა, რა წინააღმდეგობა გვხვდება მუშაობის დროს და რა გვჭირდება ეფექტური მუშაობისთვის. დაიკიდა ყველამ ფეხზე. მადლობა!

7. 20:30-ზე წამოვედი ობიექტიდან და საკმაოდ გაღიზიანებული. მოვდიოდი სახლში და ვფიქრობდი... არა, პირობას ვდებდი საკუთარი თავის წინაშე, რომ ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ! ესენი აქ ისხდნენ, ასე, ფარაონებივით და ჩვენ მონებივით ვპახაობდეთ და ასე აგდებულად მელაპარაკებოდნენ - ამას ვერ ავიტანთქო, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, მაგრამ გათენდა და გულმა არ გამიძლო, ისევ გმირთა მოედანზე ჩავედი.

15 ივნისი


1.
პატრულმა აღარ შემიშვა. არ ვიცით არაფერი, აქ უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ყველაზე მეტი დახმარება ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სჭირდებათო. მერიის წარმომადგენელი არც ამჯერად იყო. ყოველ შემთხვევაში 10 წუთი ვეკითხებოდი ყველას, ვინმე ხომ არ არის აქ, ვინც დამაკვალიანებს სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ. მეტი არ იყოს ჩემი მტერი. ისევ იგივე სიტუაცია - კოორდინაცია ნული, პასუხისმგებლობა ნული, მოხალისეებისადმი დამოკიდებულება ნული! გავუდექი გზას და ხილიანიდან ჩავედი მზიურში, სადაც საპატრულო შენობასთან საკმაოდ ბევრი ადამიანი შევნიშნე. იდგნენ პოლიციელები და პროფესიონალი მუშები, ბრიგადები. მოხალისეები სად მუშაობენთქო, ვეკითხები ერღ-ერთ პოლიციელს და არ ვიცი, ზემოთ ადი, ჭავჭავაზეზე გამგეობაში, ყველა იქ მიდისო. ამ დროს ბიჭი შევნიშნე, მხარზე გადადებული 3 ნიჩბით და გამოველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ მზიურში 100-ზე მეტი მოხალისე უკვე მუშაობდა გაწმენდით სამუშაოებზე. 8 პოლიციელი, რომლიდანაც არცერთმა არ იცის, რომ მზიურში მოხალისეები მუშაობენ სრული დატვირთვით.  გადაირევი რა!

2. შევუერთდი მოხალისეებს, გამოვართვი ბარი და დავიწყეთ დასუფთავება. ტალახის გადასატანი მოხალისე სოსომ გააკეთა. სოსოს დაახლოებით 3 ცალი გადასატანი დაუმზადებია ტოტებისგან და იქვე ნაპოვნი ფიცრებისგან... გააკეთა ქვით და სადღაც მოგლეჯილი ლურსმებით. მერიის წარმომადგენლები არც აქ იყვნენ, კოორდინაცია აქაც არ იყო, ორგანიზება მოახერხა ხალხმა თავად. აქაც მოხალისეებმა მოგვიტანეს საჭმელი და წყალი. ხელთათმანები ბევრს არ ჰქონდა. დღის ბოლომდე შიშველი ხელით მუშაობდნენ.

3.
იმდენი მოხალისე იყო, რომ ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი იმით, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს - საამაყო, შეგნებული, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება! იმდენი ვიყავით, რომ ხშირად ხელსაც კი ვუშლიდით ერთმანეთს. ამიტომ არის საჭირო კოორდინაცია და ერთი პროფესიონალის ადგილზე ყოფნა, რომელიც დასახავს პრიორიტეტებს დასუფთავების სამუშაოებში და მოხალისეები, მათ შორის მეც, არ ვიმუშავებდით ქაოტურად, მოსწრებაზე.

4.
ოფიციალური პირი არც ამჯერად მოსულა ჩვენთან. დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან გამაღიზიანებელია უკვე! როცა 2 დღე ცდილობ დახმარებას და ყველას ფეხზე კიდიხარ და ფეხზე კიდია თუ რა გჭირდება უკეთ რომ იმუშავო. ერთი დურგალი გვეყოფოდა, მეტს არ ვთხოვდი, რომ სოსო ქვით და სადღაც ნაპოვნი რკინებით არ აეწყო 3-4 გადასატანი!

5. ძალიან რთული სამუშაო იყო მზიურში. ძალიან. ადგილზე თავისი საქმის მცოდნე ერთი ადამიანი მაინც რომ ყოფილიყო ჩვენ გვერდით, ჩვენ ენერგიას უფრო რაციონალურად და სწორად დავხარჯავდით - მოხალისეები ხანდახან იხარჯებოდნენ იქ, სადაც ერთი პატარა ტრაქტორი მოაგვარებდა საქმეს, რომელზეც 3 საათი გვეხარჯებოდა.

მადლობა მერიას, ძალიან მაგარი კოორდინაციისთვის! მადლობა ძალიან მაგარი ორგანიზებულობისთვის! უღრმესი მადლობა მოხალისეებისადმი გამოხატული ყურადღებისთვის, აი უღრმესი, ყველას სახელით გითვლით! ამ ორი დღის განმავლობაში შიშმა ამიტანა - წვიმის შემდეგ რომ ასე იქცევიან ესენი, არაფრის თავი რომ არ აქვთ და ელემენტარულ კოორდინირებას და ორგანიზებას ვერ უკეთებენ პროცესს, წარმომიდგენია წყალდიდობის, ან მიწისძვრის შემდეგ რა უსუსურები იქნებიან. მეშინია ამაზე ფიქრიც კი! თქვენ მარტო ტელეკამერებთან ხართ მაგრები.“ - წერს გიორგი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
გიორგი კალატოზიშვილი
მაპატიეთ თუ უხეშად მოგეჩვენებათ ჩემი კომენტარი, მაგრამ იმდენად არაადეკვატური კომენტარები და შეფასებები წავიკითხე ჩემი მისამართით, რომ აუცილებლად უნდა მეპასუხა. ვინ სად და რისთვის ითხოვდა მადლობას?! მადლობას კი არა კოორდინაციას და ნორმალურ დამოკიდებულებას ვითხოვდით. და რაც ყველაზე მთავარია - ვინც აქ ასეთი გაშმაგებით იცავთ სამთავრობო სტრუქტურებს და ჩინოვნიკებს, სადაც გასაკრიტიკებელია და თავში ხელია წამოსარტყამი იქ ნუ გვიყვარს, მეგობრებო, თავზე ხელის გადასმა! მერე მე რომ მაყენებთ აქ შეურახყოფას, ხელფასი და ანაზღაურება მოგეთხოვაო, არ გრცხვენიათ?! დაუნახავი კი არა სწორედაც რომ ძალიან კარგი თვალი მაქვს და ზუსტად ვხედავდი, რომ მსგავსი უნიათო, მოუმზადებელი, არააკორდინირებული, სუსტი მართვა ასეთ დროს არის დაუშვებელი. კრიზისების მართვის სპეციალისტი ვარ და ელემენტარულად კრიზისის სწორი მართვა არ ხდებოდა! ეს შეგიძლიათ კითხოთ თუ ვინმე გყავთ კრიზისების მართვის სპეციალისტი იმას, მე რომ არ მენდოთ, მე ხომ არ დამეჯერება, იქაც არ ვიქნებოდი, აბა მე იქ რა მინდოდა, მაგ დროს ფეისბუქზე სტატუსებს ვწერდი.
19:07 / 19-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ამირანი
არავინ არავის არაფერს არ ამადლის და თვალი გაახილეთ, ხალხო! არც მადლობებს და ჩინ-მედლებს არ ვითხოვთ არავისგან! თქვენ ალბათ არც ყოფილხართ სტიქიის ზონაში და რეალურად არ შეყრიხართ იმ პრობლემებს, რაც მართლა იქმნებოდა იქ. კლავიატურიდან კაცის ლანძღვა კი ძალიან მარტივია და ბადალი არ გვყავს ამაში! აი მე კი მართლა შევეყარე იგივე პრობლემებს, რაზეც ბატონი გიორგი საუბრობს. ელემენტარულად, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრულს შექმნილი ქონდა ხელოვნური ბარიერი და არ გვიშვებდა სტიქიის ზონაში მოხალისეებს... და ფიქრის გორაზე ვიწრო ბილიკებით რომ არ მეძრომიალა, ვერც შევაღწევდი შიგნით... რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც შიგნით იყო: საშინელი არაორგანიზებულობა, ქაოსი - არსად არ ჩანდნენ ორგანიზატორები, თავკაცები, სპეციალისტები, ვინც მოხალისეებს სწორ მიმართულებას მოგვცემდა და ნაყოფიერად გვამუშავებდა. პირიქით, ჩვენივე ძალებით გვიწევდა საქმესთან გამკლავება და პატარ-პატარა ჯგუფები ჩვენითვე ვუკეთებდით ორგანიზებას სხვადასხვა სამუშაოებს. სიმწირე იყო მძიმე ტექნიკისაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები აცხადებდნენ, ტექნიკა საკმარისად არის მობილზებულიო... დასატვირთად გამზადებული შლამი, სილა, ნაგავი მოგროვებული გვქონდა ცალკეულ ადგილებში და საათობით ველოდებოდით სატვირთო მანქანებს. ანუ, როგორც ჩანს, ბიუროკრატია სახელმწიფო უწყებებში ისევ ძალაშია და რეალური საქმის მკეთებელი ისევ ძალზე ცოტაა ქვეყანაში... ასე რომ, მოეშვით ამ კაცის ლანძღვას და ცოტა ფართოდ გაახილეთ თვალები, ხალხო!
15:24 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ამირანი
არავინ არავის არაფერს არ ამადლის და თვალი გაახილეთ, ხალხო! არც მადლობებს და ჩინ-მედლებს არ ვითხოვთ არავისგან! თქვენ ალბათ არც ყოფილხართ სტიქიის ზონაში და რეალურად არ შეყრიხართ იმ პრობლემებს, რაც მართლა იქმნებოდა იქ. კლავიატურიდან კაცის ლანძღვა კი ძალიან მარტივია და ბადალი არ გვყავს ამაში! აი მე კი მართლა შევეყარე იგივე პრობლემებს, რაზეც ბატონი გიორგი საუბრობს. ელემენტარულად, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრულს შექმნილი ქონდა ხელოვნური ბარიერი და არ გვიშვებდა სტიქიის ზონაში მოხალისეებს... და ფიქრის გორაზე ვიწრო ბილიკებით რომ არ მეძრომიალა, ვერც შევაღწევდი შიგნით... რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც შიგნით იყო: საშინელი არაორგანიზებულობა, ქაოსი - არსად არ ჩანდნენ ორგანიზატორები, თავკაცები, სპეციალისტები, ვინც მოხალისეებს სწორ მიმართულებას მოგვცემდა და ნაყოფიერად გვამუშავებდა. პირიქით, ჩვენივე ძალებით გვიწევდა საქმესთან გამკლავება და პატარ-პატარა ჯგუფები ჩვენითვე ვუკეთებდით ორგანიზებას სხვადასხვა სამუშაოებს. სიმწირე იყო მძიმე ტექნიკისაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები აცხადებდნენ, ტექნიკა საკმარისად არის მობილზებულიო... დასატვირთად გამზადებული შლამი, სილა, ნაგავი მოგროვებული გვქონდა ცალკეულ ადგილებში და საათობით ველოდებოდით სატვირთო მანქანებს. ანუ, როგორც ჩანს, ბიუროკრატია სახელმწიფო უწყებებში ისევ ძალაშია და რეალური საქმის მკეთებელი ისევ ძალზე ცოტაა ქვეყანაში... ასე რომ, მოეშვით ამ კაცის ლანძღვას და ცოტა ფართოდ გაახილეთ თვალები, ხალხო!
15:22 / 19-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ვაი ასეთ დამადლებულ მუშაობას.
15:11 / 18-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თემური
კარგით რაა,ნუ სწმენდავთ ახლა ამ მთავრობას,ისინი ხომ იყვნენ და ესენი იმთზე მაგარი პიარჩიკები და მაგარი დონდლოები არიან,არ დაიღალეთ მაგათი დაცვით? თვალი გაახილეთ და ყურები გამოიჩხრიკეთ ხალხო,რა მაგარი უნიათოები და არაფრისმაქნისები არიან,მართალია ეს ბიჭი,არსად კომპეტენტური არავინ არ მუშაობს,რომ სწორ გზაზე დააყენოს ნებისმიერი საქმე,კაი რაა,ბოლოსდა ბოლოს,ელემენტარული მენეჯმენტის აზრზე არა არიან არაფერში.
23:22 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
მოხალისე სოსოს უნდა მიბაძო, საქმეს თვითონ უნდა მიაგნო, ,,მადლი ქენი, ქვაზე დადე" და მადლობას ნუ დაელოდები, ,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს." ,,მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო."
14:29 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
იმედო
როგორ არ გცხვენია ამხელა კაცს და იმათ ვინც ამის აზრებს ემხრობით, რა გაგიკვირდათ უბედურების დროს რომ ქაოსია? საჭმელი რომ არ მოგიტანეს პოდნოსზე დადებული, ქუდზე კაცი იყო გამოსული, ერთმანეთს მხარს არ ვაშორებდით, არ ვჩერდებოდით, სიგარეტს არ ვეწეოდიტ დრო რომ არ დაგვერკარგა... და ამ დროს ეს მადლობებს ითხოვს. ნამუსი იქონიე ვიღაცა ხარ. რომ გიცნობდე პირში გეტყოდი რა კაციც ხარ
14:10 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ამ ტიპის ადგილი არის რუსთავი2-ის სცენაზე, ზუსტად სტიქიის ადგილას რომ წამოჭიმეს მაგარი პიარშჩიკების რჩევით.
13:40 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ სტატიით პოპულარული ნამდვილად გახდი და მოდი ნუღარ გააგრძელებ. მოხალისეები იქ საკუთარი ქალაქის გადასარჩენად წავიდნენ და არა მერიის მადლობის გამოსაცხადებლად.
12:45 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
და რაუნდა ექნა მთავრობას იმ დროს,როცა ნაწილი მაშველები ხალხს ეძებდა,ნაწილი ცხოველებს,ნაწილს უსახლკაროები გადაჰყავდათ დასაბინავებლად.გიორგი შენ გინდა თქვა რომ,ამ ყველაფრის მიუხედავად ნიჩაბი უნდა დაგხვედროდათ 200-300 ათასი?სულ გაგიჟდი? ადამიანები მოგეძებნა იმ ხის მორებში,მაგდროს ნიჩაბი ხო არიყო საჭირო.ბიჭები ხელით მუშაობდნენ და შენ ზიხარ და სტატუსს წერ ნიჩაბი არდაგხვდა და გვალოდინესო
11:51 / 17-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS