ეკა ყუშიტაშვილის თქმით, ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დავით ცინარიძეს არ იცნობს და პატრულის თანამშრომელს დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა.
"არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ."
ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფას გაღიზიანებით ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მას პატრულის ერთი თანამშრომელი გადაეკიდა, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა.
"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა პატრულის ერთი თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში დამინახავდა თუ არა, ქუჩაში მაჩერებდა და ტელეფონის ნომერს მთხოვდა ყოველთვის საბუთების მაგივრად. შემდეგ ერთ დღეს, ზაფხულში მოვდიოდი პეკინზე და ვსაუბრობდი ტელეფონზე. დამინახა პატრულის თანამშრომელმა, რომელიც გვერდზე მომყვებოდა პატრულის მანქანით, მაგრამ არ გამაჩერა და არ გამოუწერია ჯარიმა. არადა ჩვეულებრივად შეეძლო ეთქვა, რომ 707 გადააყენე, დაგიწერ ჯარიმას. არ გამაჩერა, წამოვედი ჩემს გზაზე. ვაჟაზე მოვდიოდი და ვისკის სახლთან მეძახის საერთოდ სხვა პატრული - 707 გააჩერე. ამოვიღე საბუთები მივეცი, ვკითხე რა დავარღვიე-თქო. მომეშალა ძააან ნერვები. ავდექი და ვაგინე. ყელში ამომივიდა, ყოველდღე მაჩერებ ,უკვე ამის ატანა შეუძლებელია." - ამბობს ეკა ყუშიტაშვილი.
ეკა ყუშიტაშვილის თქმით, ვიდეოების გავრცელების შემდეგ მას სამართალდამცავი უწყებები არ დაჰკავშირებიან.
"აღნიშნული მოხდა 9 თვის წინ და თუ ვინმეს ჩემი დაკავება უნდა, დავეკავებინე მაშინ" - განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ორი ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ჩანს, თუ როგორ ძალადობს მოქალაქე პატრულის თანამშრომელზე პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძის დახმარებით.
"წარმოგიდგენთ ვიდეომასალას, ორი ეპიზოდს სადაც ასახულია მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამ მოქალაქის ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ ეპიზოდში ჩანს ეს მოქალაქე თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით, კერძოდ ის უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს, როგორ აგვარებს საკუთარ პრობლემას კანონთან მიმართებაში. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, როცა დანაშაული აქვთ ჩადენილი კანონის წინაშე, ამ პრობლემბას პირადი ნაცნობობით აგვარებენ. ჩვენ გვინდა მივმართოთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება.
საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაანთავისუფლეს ამ თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ასევე იხილეთ




















