ჩვენ ნახევარფინალის შედეგების გამოცხადებამდე მოვიხელთეთ, როგორც ნიკა გრიგოლიამ თქვა,
- მაღაროს კარში ვცხოვრობ, შვილო, სოფელ ქალილოში, მანდ გავთხოვდი. გარმონზე დაკვრა რომ ვისწავლე მამაჩემის დამსახურებაა. პატარა გარმონი მიყიდა, 15 მანეთი ღირდა. ღორებს, ძროხებს, ცხვრებს რომ ვმწყემსავდი, თან ვღიღინებდი. მერე შინ მოვდიოდი და ამ ჩემს მუსიკას გარმონზე ვაწყობდი. მამა რომ მიხვდა, ამის ნიჭი მქონდა, ქართული გარმონი მიყიდა.
- მასწავლებელი არ გყოლიათ, საკმაოდ რთული ასათვისებელია ეს ინსტრუმენტი.
- არა, შვილო, მასწავლებელი არ მყოლია, მუსიკა მესმის. სმენით ვისწავლე დაკვრა. ჩონგურსაც კარგად ვუკრავ. დედაჩემმა იცოდა გარმონი, მაგრამ ერთ მელოდიას უკრავდა მხოლოდ. ეხლაც მახსოვს, საცეკვაო მელოდია იყო. ეტყობა დედისგან მაქვს ეს ნიჭი. საცეკვაო მუსიკას რომ დავუკრავ, თან ვცეკვავ ჩემი გარმონიანად, ბევრს დავღლი ცეკვით. სკოლაში რომ ვსწავლობდი, ბევრჯერ ვასახელე ჩემი სკოლა, ქების სიგელები და მედლები მაქვს ბევრი მიღებული სიმღერაში.
- რამდენი წლის ხართ?
- 63-ის. ექვსი შვილი მყავს და ათი შვილიშვილი. ყველა გავათხოვე, დავაბინავე. ბიჭი დარჩა დასაბინავებელი, მაგის დარდი მკლავს მარტო.
- სევდიან სიმღერებს მღერით სულ, რატომ?
- რა ვიცი, მოსწონს ხალხს, შვილო. მეც მოვიწყენ ხოლმე ზოგჯერ, როცა მარტო ვარ მთაში. კიდევ კარგი, რომ ბევრი საქმე მაქვს, მუხლის ჩასახრელად არა მცალია, ფიქრის დრო არა მაქვს. შვილებთანაც ჩამოვდივარ ხოლმე, იქ ელექტრო ენერგია არ მაქვს. ტელეფონის დასატენად ჩამოვდივარ ხოლმე ბარში. შვილებს მოვეფერები, მოვესიყვარულები და მივდვარ ისევ.
- სანათა ბებო, ხალხი გცნობთ ქუჩაში?
- ფშავი ხომ მცნობს და თბილისიც მიცნობს უკვე. გუშინ თბილისში ჩამოვედი, შეჯიბრი იყო, დამბალ ხაჭოს გამოფენა გვქონდა, რომელიღაც რესტორანში. ბევრი ხალხი იყო, ათასი კაცი მაინც იქნებოდა. ისე დავიღალე, სურათებს იღებდნენ ჩემთან, მეფერებოდნენ. პირველი ადგილი ავიღე გამოფენა-შეჯიბრში.
- რით დაგასაჩუქრეთ?
- ყვავილებით, წიგნით, წინსაფარი მაჩუქეს ისეთი, წყალი და შრატი რომ აღარ დამასველებს, ემალის ყავის მადუღარა მაჩუქეს კიდევ.
- როგორ გგონიათ, დაგიჭერთ დღეს ხალხი მხარს?
- აბა რა ვიცი, კი რეკავენ და...
ნინო მჭედლიშვილი




















