ეს სტატუსი ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე განათავსა. ყოფილი ქმრებისგან ძალადობის პრობლემა მართლაც მძაფრად დგას დღეს ქვეყანაში. ჩვენ მარიამს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- მარიამ, შენი სტატუსი ვნახე ფეისბუქზე, შეგიძლია უფრო კონკრეტულად გვიამბო რა ხდება?
- ქალბატონი სამი შვილის დედაა. ცხრა წელიწადი ცხოვრობდა მეუღლესთან. მესამე წელია მასთან აღარ ცხოვრობს. მეუღლის პათოლოგიური ქცევის გამო ოჯახიდან წამოვიდა. თუმცა მას ამ გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონია. მეუღლე დაჰპირდა, არ გაპატიებ და არც გაცოცხლებ უჩემოდო. ფაქტიც სახეზეა, ამ წლების განმავლობაში ყოფილი ქმარი ჩემ კლიენტს უთვალთვალებს, ქუჩაში არაერთხელ დაესხა თავს, ათრია, ტანსაცმელი შემოახია და სცემა.
ექსპერტიზა ამოწმებს ჯერ კიდევ ბოლო თვეში სხეულზე არსებული დალურჯებების ხარისხს... ამ კაცს გაფორმებული აქვს ორი იარაღი. ერთი თვის წინ სამსახურში მიუვარდა და ადუღებული წყლით სავსე ჩაიდანი ესროლა... რა არ მოხდა, ყველა ამ ფაქტის შემდეგ ქალბატონმა მიმართა პოლიციას, თუმცა მხოლოდ ერთხელ გააფრთხილეს სიტყვიერად მოძალადე. ვაკე-საბურთალოს პოლიციამ საერთოდ განუხილველი დატოვა განცხადება.
- ბევრი ქალი მოგმართავს ამ პრობლემით?
- ბევრი არა, მაგრამ არც ცოტაა ამ მხრივ დაზარალებული... პარალელურად მაქვს ახლა საქმე ქართველ გოგოზე, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო თურქეთში. გოგონა ჩუმად გამოიქცა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. იქაც მეუღლეა მოძალადე, გოგო სასტიკად ნაცემი და განადგურებულია. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა.
- მარიამ, გამოსავლას რაში ხედავ?
- გამოსავალი ერთია. უნდა შეიქმნას ცალკე კომისია და ამგვარი ქმედებებისთვის კვალიფიკაცია გაიოლდეს ანუ რეალურად კანონი გამკაცრდეს. თუმცა, მოთხოვნები, რაც სავალდებულოა კანონმდებლობით, მუქარისთვის, ცემისთვის, გაიოლდეს. ქალბატონს, რომელზეც ზემოთ გიამბობდით, უკვე მეტყველება უჭირს, სულ კანკალებს და ტირის, შიშის ქვეშ ცხოვრობს, მეუღლე უთვალთვალებს... ეს კაცი შეიარაღებულია. ქალი დარწმუნებულია, რომ ვინმე მამაკაცთან რომ ნახოს, იქვე ესვრის... ქალს თავისუფალი ცხოვრების უფლება არ აქვს, მუდმივ შიში ცხოვრობს და უკვე სჯერა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია...
ნინო მჭედლიშვილი




















