
მეორე მხრივ, თუკი ''ძინტერის'' წლევანდელი სცენის მკვიდრთ შევხედავთ, ერთი ტენდენცია უდავო იქნება - რუსულ ესტრადას მართავს მაფია, რომელიც ნიჭიერ და

მაგრამ, როგორც ჩანს, მაყურებლისთვის, რომელიც იურმალაზე იკრიბება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც იმას, როგორ გამოიყურებიან მისი საყვარელი მომღერლები, არც მათ სრულ უსუსურობას სცენაზე, ცეკვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხელის ნორმალურად აქნევაც რომ აღარ ძალუძთ... ვოკალის თემას, ჯობს, საერთოდ ავუაროთ გვერდი, რადგან ''სამნოტიანებსაც'' რომ ვერ ასრულებ ყურისთვის მისაღებად, არ ჯობია, საერთოდ დატოვო შოუბიზნესი?!..

რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები თან ფულს აკეთებენ, თან ძალიან კარგად იმხიარულებენ თავიანთ თავს, მაგრამ მომავლისკენ არ იყურებიან. იმის მაგივრად, რომ რა გამოცდილებაც დაუგროვდათ (თუკი ამას შეიძლება, გამოცდილება დავარქვათ), ახალგაზრდებისთვის ხელის წაკვრას მოახმარონ, ცოცხალი თავით არ ტოვებენ სცენის მიდამოებს და ალბათ, არც არასდროს დატოვებენ, რადგან მარტივი ფული, რასაკვირველია, ძალიან ტკბილია...

რაც შეეხება წლევანდელი ''ახალი ტალღის'' მონაწილეებს, სუბიექტურობაში არავინ უნდა ჩამოგვართვას, როცა აღვნიშნავთ, რომ ''ჯი-დი-ეს''-ის ძალიან კარგი მუსიკალური სკოლის, ასევ ვთქვათ, ''კურსდამთავრებული'', ნუცა ბუზალაძე, ათი თავით ჯობნის დანარჩენ კონკურსანტებს.

ვიღაცას შესაძლოა, მისი იმიჯი არ მოსწონდეს, ვიღაცას ვარცხნილობა, მაკიაჟი თუ სხვა რამ, მაგრამ ერთი კონსენსუსი საზოგადოებაში არსებობს, ამ გოგონას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგ მომღერლად ჩამოყალიბდეს, ხმა, მაყურებელთან ურთიერთობის კულტურა, სცენაზე შესანიშნავად წარმოაჩენს თავს, ძალიან პლასტიკურია და მოკლედ, პირველივე გამოსვლისას ფურორი მოახდინა.

თუმცა, მისი საცეცები ვერ შეეხო ფილიპ კირკოროვს, უფრო სწორად, შეეხო, მაგრამ თავისი უკრაინელი კონკურსანტი ჰყავს ''საპატრონო'', რომლის პროდიუსერიც გახლავთ, ამიტომაც რატომ დაუწერს ნუცას 11 ქულას? ასეთი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არაფერი გვსმენია. ჟიურიში იჯდეს ადამიანი, რომელიც ქულებს ასე მიკერძოებულად წერს და თავის კონკურსანტს 11 ქულაზე ნაკლებს არ უწევს? გასაოცარია პირდაპირ. ამას ჩივის ნუცას პროდიუსერი, კახა მამულაშვილიც, რომელიც კირკოროვს სწორედ ასეთ მიკერძოებაში ამხელს.
ალბათ, ბევრი სკეპტიკოსი იმასაც იკითხავს, რატომ დავდივართ განუწყვეტილივ ამ რუსული წარმოშობის კონკურსზე, თუმცა რადგან გვყავს ჩვენი კონკურსანტი, მგონი, არავის გაუკვირდება, რომ მას ვგულშემატკივრობთ და გარკვეული შეკითხვები გვებადება ჟიურის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
აშკარაა, რომ ორი უკრაინელი მონაწილიდან რომელიმეს გაყვანა კონკურსის ორგანიზატორებსაც შეიძლება აწყობდეთ, მერე რომ თქვან, აი, უკრაინელებს როგორ პატივს ვცემთ და გვიყვარსო. ეს აშკარად, შორს გათვლილი პროპაგანდის ნაწილად შეიძლება იქცეს. ამის გამო, მესამე ტურზე, არ არის გამორიცხული, ნუცა ბუზალაძეს ქულები საგრძნობლად დააკლონ, რაც უსამართლობის უმაღლესი გამოვლენა იქნება.
სპეციალურად საიტისთვის




















