ამ საკითხზე ახალგაზრდა ცნობილ დედებს ვკითხეთ აზრი, მაგალითად, ანუ გიუნტერს, რომელსაც
ანი გიუნტერი: "კაცი ცოლის მშობიარობას კი არა, საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება"
- ჩემი მშობიარობა არაპრეტენზიული ორსულობის გაგრძელება იყო. ზოგადად, ქალი ორსულიც და არაორსულიც ისე იქცევა, რის საშუალებასაც ქმარი აძლევს. ჩემი მეუღლე, კახა, ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ უპრეტენზიო და უპრობლემო ორსული ვიყავი და მეც როლში შევიჭერი (იღიმის). ჩემმა გერმანულმა გაკაჟებამ ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს, არც ისე კარგი სამსახური გამიწია, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება, მე რამე მტკიოდეს. ამის მაგალითად ჩემი მშობიარობა მოჰყავს - რასაც სხვა ქალები ჭკუიდან გადაჰყავს, შენ ისე გადაიტანე, იმის ფონზე ძნელი დასაჯერებელია, რამე გტკიოდეს ან გაწუხებდესო.
- ამბობენ, მშობიარობაზე დასწრების შემდეგ მამაკაცები ცოლების მიმართ კიდევ უფრო მგრძნობიარეები ხდებიანო...
- არ მოვქცეულვარ ბლოკში ისე, რომ ჩემი მეუღლე შემეწუხებინა და ეს მიხაროდა. ჩუმად დავდიოდი და სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი. სიცილის თერაპიაც დამეხმარა მდგომარეობის შემსუბუქებაში. ეგ კი არა, ჩემთვის განკუთვნილ ლოგინზე კახას ჩაეძინა. რომ გაიღვიძა, გაოცებულმა მკითხა, რას დადიხარ აქეთ-იქითო? ძალიან მშვიდად ვუპასუხე, ვმშობიარობ-მეთქი. უშუალოდ ბავშვის დაბადების წინ ექიმმა მკითხა, მეუღლე გავაღვიძოთო? შევყოყმანდი, ვიფიქრე, იქნებ უკვე დაბადებული ბავშვი ჩავახუტო-მეთქი, ავტომატურად ისევ მის კომფორტზე ვფიქრობდი, მაშინაც კი გავუფრთხილდი, როცა ერთად უნდა გაგვეზიარებინა ის დიდი სიხარული, რაც შვილის დაბადებაა... ბოლოს, რა თქმა უნდა, მაინც შევაღვიძე და... ზუსტად 3 წუთში, ოჯახში უკვე სამნი ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი შვილების მამას იმ ყურადღებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოუხატავას.
ისეთ მომენტში, როცა შვილი უნდა გაგიჩნდეს, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, მაინც სასიამოვნოა. ამიტომაც, მეორე შვილზე მშობიარობისას კახას დასწრება-არდასწრების საკითხი არც განიხილებოდა, თუმცა დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, თუ როგორ შემიძლია და შემეძლო გავმკლავებოდი ტკივილს და ამეტანა ეს ყველაფერი, ალბათ არ ვისურვებდი მეუღლის ჩემთან ერთად ყოფნას. იმდენად ჩუმად ვიყავი, რომ თვითონ კახამ მითხრა, ზრდილობის გულისთვის მაინც წამოიკივლეო.
- მშობიარობაზე ქმრის დასწრების ნეგატიური მხარე რა არის? ამბობენ, ეს ესთეტიკური არაა და უმჯობესია, თუ ქმარი ცოლს ასეთ მდგომარეობაში არ ნახავსო...
- პროცესის წარმართვა ექიმის საქმეა, მაგრამ როცა თავთან გიდგას მეუღლე და შენი ხელი უჭირავს, ეს ბევრს ნიშნავს. თან ექიმის შემდეგ ის მეორე ადამიანია, რომელიც ბავშვს ხედავს. შეიძლება, იმ მომენტში დედამაც კი ვერ დაინახოს შვილი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ის ცოლის მშობიარობას კი არა, საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა მე ჩემი პოზიცია დავთმე და ყველანაირი ეჭვიანობის გარეშე, ეს პირველობა დავუთმე ქალს, რომელიც ჩემი შვილია.
გია ჯაჯანიძე: "ქალად დაბადება გმირობაა"
- გია, გაგვიმხილე, რატომ გადაწყვიტე, დასწრებოდი შვილის მშობიარობას და შვილიშვილის დაბადებას?
- ჩემი შვილის, ნინოს პირველი ფეხმძიმობა ტრაგიკულად დასრულდა, ეს ცალკე ისტორიაა, რომლის დეტალებსაც არ მოვყვები, საზოგადოება უფრო მეტად რომ არ დავამძიმო... მაგრამ ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა, მეორე მშობიარობას დავსწრებოდი.
მეორე ფეხმძიმობამ კარგად ჩაიარა. სამშობიაროდ რომ მივიყვანეთ, ვიკითხე, შეიძლება, დავესწრო-მეთქი? ყველას გაუკვირდა, ჩემი შვილის გარდა, რადგან მან იცის, როგორიც ვარ. ვიცოდი, სტრესი მექნებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა და შვილის გვერდით დგომის სურვილი მამოძრავდება... მიუხედავად ამისა, გამოგიტყდებით, მეგონა, უარს მეტყოდნენ. ექიმებმა კი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ბავშვის მამა შევიდეს მშობიარესთან, ან კიდევ - ბაბუაო, ანუ მე. რასაკვირველია, უპირატესობა ჩემს სიძეს დავუთმე, მაგრამ ჩემს შვილს, ნინოს, სამშობიარო ტკივილები რომ დაეწყო, მისმა ქმარმა ისე განიცადა, ფერდაკარგული გამოიყვანეს. მითხრა, ვერ გავუძლებ ამ ყველაფერსო. ექიმებმაც მაშინვე მიხმეს, გოგოს მამა მობრძანდესო. თქვენ მტერს, მე იქ დღე დამადგა, მაგრამ ხომ უტეხი ვარ?! ძალიან დაწყობილი სახით შევედი, თან ვფიქრობდი, რა მალაპარაკებდა-მეთქი... მაგრამ ადამიანები ყველაზე მეტად ხომ თავად ვვნებთ საკუთარ თავებს!
იხილეთ სრულად




















