- ნიკა, მას მერე რაც ოთხეულში ვერ გადახვედი, შენს ''ფეისბუქსტატუსებს'' ვაკვირდები... ნაწყენი მეჩვენები, ასეა?
- ნაწყენი არ ჰქვია ამას, არც ვიცი, რა მდგომარეობაა, ენით აღუწერელი ტკივილია ჩემთვის.
- რატომ? რა მოხდა ასეთი?
- გაბუნიამ რომ არ გადამიყვანა შოკი მივიღე. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა,
თავი სიზმარში კი არა, არც ვიცი სად მეგონა. კულისებში რომ გამოვედი, სახეში სისხლი მომაწვა. ''სტაფის'' გოგონები მელაპარაკებოდნენ, ხელს მკიდებდნენ, არაფერი მესმოდა, ვერც ვგრძნობდი.
- რატომ იყავი ასე დარწმუნებული, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა. არ მეთანხმები?
- არ გეთანხმები. ''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს. ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავი უფრო დიდხანს ამ პროექტში, მოგებას რომ თავი დავანებოთ...
- მაგალითად?
- ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოს ჰქონდა და მნახველთა 99% დადებითად მაფასებდა. ჟანრობრივად ძალიან ბევრი სტილის მორგება შემიძლია, ზოგი ძალიან მაგრად გამომდის, ზოგი - ნორმალურად. ბევრი მაქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე, ვმღერი, ვუკრავ სოლო ელექტრო გიტარაზე, ვწერ სიმღერებს, მყავს ბენდი, ვვარჯიშობ და ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება ჩემს ვიდეოს ჰქონდა. რატომ არ უნდა გადავეყვანე ჟიურის როცა თვით გაბუნიამ აღნიშნა რომ ''ფალში'' არ მქონია ნამღერში, ტექნიკური შენიშვნა არ მაქვსო, ასე თქვა. აბა რაღა უნდოდა. ვერ გავიგე...
- თვლი, რომ უსამართლოდ მოგექცა გაბუნია?
- კი და ბოდიშიც მომიხადა ამის გამო, მითხრა, რომ ეს შოუა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. მაგრამ გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც უბრძანეს ზემოდან, ის გააკეთა.
- მაშ ვის ეკითხება ვინ დაგბლოკა?
- ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს იმან. გაბუნიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეგ ვერაფერს შეცვლიდა, მყავდეს ეგეც ''რუსთავი 2''-ის დირექტორი (იცინის). საქართველოში ასე ხდება ყოველთვის, ვიღაცას უნდა გაამარჯვებინონ და მე რომ ლაივებზე მესიჯებს მივიღებდი, ფულის დახარჯვა მოუწევდათ ჩემი მხარდაჭერის გადასაფარად.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















