- ვერიკო, ძალიან ბევრი მუშაობა გიწევს გარდასახვაზე. ხომ არ ნანობ, რომ პროექტ „ერთი ერთში“ მონაწილეობას დათანხმდი?
- არანაირად არ ვნანობ. რაც დრო გადის უფრო ვხვდები, რომ ძალიან რთული პროექტია,
- საკუთარი თავით უკმაყოფილო ხომ არ ხარ?
- ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ. თუმცა რაღაცები არ გამომივიდა. მაგალითად პატრიცია კაასის გარდასახვისას ვფიქრობ, რომ გრიმი არ მომიხდა. პარიცია კაასის ჩემი შესრულებით ყველაზე ნაკლებად ვარ კმაყოფილი. ყველა ერთხმად აღიარებს რომ ყველაზე საინტერესო და კარგი პერფომანსი მადონა გამოვიდა და მეც მადონას გამოვარჩევდი.
- ყველაზე რთული ნომერი შენთვის რომელი იყო?
- ალბათ ელვის პრესლი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მამაკაცი უნდა განმესახიერებინა. თურმე არც თუ ისე ადვილია მამაკაცის ტყავის მორგება. ცხოვრებაში ნაზი და მერლინ მონროს „ობრაზის“ ქალი არ ვარ. ძლიერ ქალად მოვიაზრები, მაინც რთული იყო მამაკაცის როლის მორგება. რთულია მამაკაცის ხმით მიბაძვა.
- სხვა მომღერლის განსახიერებისას ყველაზე მეტად რა გიჭირს.
- განსაკუთრებულად არაფერი არ მიჭირს. სამწუხაროდ არ გვაქვს ძალიან გადატვირთული გრაფიკი. პედაგოგებს თავისი ბევრი საქმე აქვთ. სისი სამი ახლაც წასულია თბილისიდან და სკაიპით გვიტარებს გაკვეთილებს. ყველა მონაწილეს საკუთარ თავზე მუშაობა ჩვენ თვითონვე გვიწევს ხოლმე და ეს უფრო შედეგიანია, ვიდრე 24 სააათიანი სხვისი მეცადინეობა. გარდასახვის ყველაზე დიდ სირთულედ ტექსტის დამახსოვრებას გამოვარჩევდი. თუმცა არც ეს არაა ისეთი პრობლემა, რომ მოგვარებადი არ იყოს.
- პროექტში არის შენი მეგობარი ნინო ძოწენიძეც. კონკურენცია თქვენს მეგობრობაზე როგორ აისახა?
- მოხდა ისე, რომ პროექტში კონკურენტები ვართ, მაგრამ ამან ერთმანეთს არ დაგვაშორა. ამ შემთხვევაში გამარჯვებაზე და მთავარ პრიზზე ლაპარაკი მეასეხარისხოვანია. მგონია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენს ურთიერთობას არანაირად არ ძაბავს და არ ფუჭდება. პირიქით ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ.
მერი კობიაშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















